in

რას ცვლის განათება ინტერიერში? – დიზაინერ შორენა ოქროპირიძის გზამკვლევი

განათება ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი ელემენტია. მას ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ სივრცის განათება – მას აქვს ძალა, მთლიანად გარდაქმნას ოთახის ხასიათი, ინტერიერი და ფუნქციონირება. განათების მეშვეობით ინტერიერი შესაძლოა გახდეს როგორც პრაქტიკული, ასევე შთამაგონებელი.

მაინც რას ცვლის განათება ინტერიერში? ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო რჩევებსა და ძირითად პრინციპებს გაგვიზიარებს ინტერიერის დიზაინერი, შორენა ოქროპირიძე.

ქმნის სასურველ განწყობას

განათება განსაზღვრავს სივრცის ემოციურ ტონს. „სივრცის დიზაინის შექმნისას, ისევე როგორც რემონტისას, საჭიროა თავიდანვე განსაზღვრა, თუ სად უნდა დამონტაჟდეს განათება და როგორი ტიპის უნდა იყოს ის. სხვადასხვა დაწესებულებებთან მიმართებით, განსხვავებული მიდგომებია საჭირო, მაგალითად, ოფისის სივრცეში განათებამ უნდა შექმნას სამუშაო ატმოსფერო, სახლში კი პრაქტიკული, მყუდრო საცხოვრებელი სივრცე. განათების ტიპი დიდ გავლენას ახდენს ოთახის ატმოსფეროსა და ხასიათზე. ბუნებრივი განათება სახლში, როგორც ვიზუალურად, ისე შეგრძნებითაც თბილ გარემოს უნდა ქმნიდეს. თბილი განათება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტერიერში სიმშვიდისა და სიმყუდროვის შექმნაში,“ – ამბობს დიზაინერი.

აძლიერებს ვიზუალურ აღქმას

სწორად დამონტაჟებული განათება აუმჯობესებს ხილვადობას და ხაზს უსვამს დიზაინის ძირითად ელემენტებს. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს არქიტექტურულ დეტალებსა და აქსესუარებზე.

„სათანადო განათებას შეუძლია, თქვენ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული დიზაინის ელემენტები უფრო საინტერესოდ გამოაჩინოს. განათება შუქჩრდილის ,,თამაშია”, რომელიც ინტერიერში არსებულ დეტალებს გამოკვეთს, ქმნის მყუდრო გარემოს და გვეხმარება, უკეთ აღვიქვათ საგნების ტექსტურა, ფორმა თუ ფერი.“

ცვლის სივრცის ზომას

„განათებამ შეიძლება შეცვალოს გარკვეული სივრცის ზომა და განწყობაც. განათების ტიპი და განლაგება ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ასპექტია. განათება გვეხმარება ოთახის ზომასთან დაკავშირებულ საკითხებში და ასევე სწორი ავეჯისა თუ ფერის შერჩევაში.“

აცოცხლებს ფერებს სივრცეში

„ესთეტიკის თვალსაზრისით, ბუნებრივი განათება უკეთესად წარმოაჩენს ფერებს ინტერიერში, ვიდრე ხელოვნური განათება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში პრიორიტეტული ბუნებრივი განათებაა, ხელოვნური განათების გამოყენებაც აუცილებელია. სწორად შერჩეული სანათებით შესაძლებელია იდეალურად გავანათოთ სახლის ისეთი ადგილები, სადაც ბუნებრივი განათება ვერ აღწევს.“

დაბოლოს, შორენა ოქროპირიძე გვირჩევს ისეთ სანათებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს მრავალფუნქციურ სივრცეებში, სადაც განათება მნიშვნელოვანია როგორც ფუნქციური თვალსაზრისით, ასევე განწყობის კუთხით:

ხაზოვანი ნათურები: გრძელი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს ერთგვაროვან განათებას, გამოიყენება კომერციულ და საოფისე ფართებში.

ჭერის სანათები: შესაფერისია ზოგადი განათებისთვის და შეიძლება ჰქონდეს მინიმალისტური ფორმა ან დეკორატიული დიზაინი.

ჩაღრმავებული პროჟექტორები: დამონტაჟებულია ჭერზე ან კედელზე, ის ზოგავს ადგილს. შესაფერისია ლოკალიზებული განათებისთვის და ატმოსფეროს შესაქმნელად.

სკანდინავიური ბინა პასტელის ფერებით

სახლი ტყის პირას – MRDK-ის პროექტი