in ,

შუშაბანდიანი ბინის კონცეფციის გადააზრება – Around the studio-ს ნამუშევარი მარჯანიშვილზე

Banner M2
Banner M2

ეს ბინა მდებარეობს მარჯანიშვილის გამზირის ყველაზე მყუდრო, ბოლო მონაკვეთში, ძველ თბილისურ ეზოში და ის გერმანიაში მოღვაწე ქართველ ფოტოგრაფს, დავით გიორგაძეს ეკუთვნის. ინტერიერის რენოვაციის პროექტზე დიზაინ სტუდია Around the studio-მ იმუშავა.

საპროექტო დავალების მიხედვით, არსებული ფართიდან უნდა მიღებულიყო დამოუკიდებელი სამზარეულო და მისაღები, ასევე საძინებლი დამოუკიდებელი აბაზანით. სწორედ ამ ამოცანის შესასრულებლად პროექტის ავტორებმა განახორციელეს ბინის გეგმარების ცვლილება, რის შედეგადაც თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელ შუშაბანდში განთავსდა სამზარეულო, რომელიც სინათლის სიჭარბით გამოირჩევა. აქვე გხვდება მკაფიო ლურჯი ფერის იატაკი, რომელიც სახლის თანამედროვე ელემენტს წარმოადგენს.

საძინებელში მთელ კედელში ჩაშენებულია კარადა, რომელსაც ებმის საწოლი. კარადის ერთ-ერთ კარი კი აბაზანის შესასვლელია. ამ მეთოდით პროექტის ავტორებმა თავიდან აირიდეს დამატებითი კარის გაჩენა ოთახში.

ინტერიერის თანამედროვე შტრიხები ასევე გვხვდება საძინებელთან არსებულ აბაზანაშიც. ამ შემთხვევაში ეს არის მყარი, ერთიანი ზედაპირის მქონე ლურჯი ხელსაბანი. ასევე საინტერესოა კედლების მოპირკეთება – ფილების კლასიკური დაბოლოების შემდეგ მეორდება სიძველისგან გაჩენილი ტექსტურა ლაქებით, რომელიც დიზაინერებს ადგილზე დახვდათ.

ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ულამაზესი ჭერი წარმოადგენს. მასზე არსებული ხელით მოხატული ორნამენტები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყო შემონახული, დიზაინერებმა დემონტაჟის პროცესში აღმოაჩინეს და მისი აღდგენა გადაწყვიტეს.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება მისაღები ოთახი, სადაც მასიური ხის ელემენტები განეიტრალებულია ჰაეროვანი ტექსტილითა და მსუბუქი დიზაინ გადაწყვეტებით.

პროექტის გეგმარება

აღსანიშნავია, რომ მოცემული პროექტის მაგალითზე Around The Studio-მ თბილისური შუშაბანდიანი ბინების თანამედროვე ალტერნატიული გეგმარების მიმართულებითაც იმუშავა. პროექტის ავტორების თანახმად, მათი შექმნილი კონცეპტუალური დიზაინის მთავარი პერსონაჟია საშუალო ასაკის, 25-35 წლამდე ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს და სოციალურად აქტიური ცხოვრება აქვს. შესაბამისად, იგი საკუთარ საცხოვრებელ სივრცეს მეგობრებისა და ახლობლების  შეკრებისთვისაც იყენებს.

Around The Studio-ს ალტერნატიულ პროექტში ვერტიკალური ოთახების გეგმარება შეცვლილია და ბინა ჰორიზონტალურ გეგმარება გააჩნია.

შუშაბანდის ეფექტის გასაზრდელად დიზაინერებმა მეორადი კედლის ღიობები გააუქმეს და კედლიდან მხოლოდ კოლონები დატოვეს. გეგმარებაში გამოყენებულია ე.წ. ‘ფურნიტექტურის’ მეთოდი, რაც გულისხმობს სივრცის ავეჯით გარდაქმნას. ამ პრინციპის თანახმად, მისაღები და საძინებელი სივრცეები ერთმანეთისგან გამოყოფილია კარადით, რომელსაც ორმხრივი გამოყენება აქვს.

ამას გარდა, სივრცის დასაყოფად გამოყენებულია იატაკის დონის ცვლილების მეთოდი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ამაღლებულ ორსაფეხურიან დონეზე დამოუკიდებელ კუნძულად მდგომი სამზარეულო.

სასადილო სივრცეში გვხვდება საკმაოდ საინტერესო იაპონური სტილის მაგიდა, რომელიც იატაკშია ჩამონტაჟებული და საჭიროების შემთხვევაში, იკეცება.

რომ შევაჯამოთ, აღნიშნული კონცეფციის შემუშავებით, Around The Studio-მ  შემოგვთავაზა თბილისის ტიპიური შუშაბანდიანი ბინების ახლებურად გადააზრების იდეა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ადაპტირებული თანამედროვე ადამიანის ცხოვრების მოთხოვნილებებსა და ცხოვრების სტილზე.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სახლი-პავილიონი – idsp arquitetos საუცხოო ნამუშევარი

ფერების ფსიქოლოგია: როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე