in

SKIA 2024 – არქიტექტორ მოთხილამურეთა 46-ე საერთაშორისო შეხვედრა ბაკურიანში გაიმართება

2024 წლის 20 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით ბაკურიანში არქიტექტორ მოთხილამურეთა რიგით 46-ე საერთაშორისო შეხვედრა-სემინარი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების მიზანია — ქალაქმშენებლობის და არქიტექტურის სფეროში არსებული თანამედროვე პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის  პროცესში არქიტექტორის პროფესიის სოციალური როლის განსაზღვრა თუ დამკვიდრება; სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტორებს შორის გაცვლითი საინფორმაციო ბაზის შექმნა და ქართული არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის უცხოელ თუ ადგილობრივ კოლეგებთან წარმოჩენა; შემეცნებით დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის, უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ინტელიგენციის ჩართულობა.

მოთხილამურე არქიტექტორთა საკავშირო კლუბი (SKIA) 1977 წელს დაარსდა ალიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემოქმედი გახლდათ. მას შემდეგ, კლუბის ეგიდით ყოველწლიურად იმართება შეხვედრა-სემინარები, კონკურსები, დათვალიერებები და არქიტექტორ მოთხილამურეთა ჩემპიონატები. კლუბის უმთავრესი საქმიანობაც — არქიტექტურისა და გარემოს შემოქმედებითი დაკავშირება, ახალი ესთეტიკური ღირებულებების ძიება და არქიტექტურასა და ქალაქმშენებლობის სფეროში მათი დამკვიდრებაა. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, გოჩა მიქიაშვილია.

1999 წელი
2002 წელი

„მოთხილამურე არქიტექტორთა შეკრება, როგორც ყოველთვის, სპორტული და შემოქმედებითი სულისკვეთების სიმბიოზით, მიმზიდველობითა და ესთეტიკური მშვენიერებით გამოირჩევა. ჩვენთვის დაუვიწყარია არა მხოლოდ ეს საზეიმო, კარნავალური დღეები, არამედ ამ შეხვედრების მონაწილე ხელოვანი ადამიანები, მათ შორის — რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები და ცხადია, არქიტექტორები“,­ — აცხადებენ ორგანიზატორები.

2003 წელი
2004 წელი

არქიტექტორთა კლუბის შემქმნელები,  სპორტული თუ შემოქმედებითი თვალსაზრისით ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი ადამიანები არიან — ალექსი მესხიშვილი, ვახტანგ მიქელაძე, ლევან ლორთქიფანიძე, დათო ახვლედიანი, ნუგზარ კაციტაძე, თემო ბოჭორიშვილი, დიმა თოფურიძე, ქუჩი ჭუბაბრია, თამაზ (კოსტა) ქავთარია, გივი ღოღობერიძე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარაა, თუმცა მათი წვლილი და მნიშვნელობა დღემდე დაფასებულია და არ დავიწყებულა.

2005 წელი

არქიტექტორთა ტრადიციული შეკრებების თანმდევია არქიტექტურული კონკურსები და სამთო-მოთხილამურეთა შეჯიბრი გიგანტურ სლალომში, რაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.

2009 წელი
2011 წელი

არქიტექტურული კონკურსები, რომლებიც რიგით 46-ე საერთაშორისო შეხვედრაზე გაიმართება, უამრავი ჯილდოთი და პრიზით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის გამორჩეულია მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ შესრულებულ აშოტ კურაპალატის ფიგურა, რომელიც თხილამურებზე შემდგარ ბრინჯაოს გამოსახულებას წარმოადგენს.

2012 წელი
2014 წელი

წლევანდელი, 2024 წლის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება სტუდენტური არქიტექტურული კონკურსიც, რომლის გამარჯვებულებს 5 ქვეყნის წარმომადგენლისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების ავტორები კი დალუქული კონვერტების გახსნის შემდეგ გამოვლინდება.

2019 წელი

არქიტექტორ მოთხილამურეთა 46-ე საერთაშორისო შეხვედრის მედია პარტნიორია ჟურნალი homeis.ge.

პროექტის ფინანსური და მატერიალური მხარდამჭერები ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები არიან:

“ჯანსაღი და ძლიერი ადამიანების სამჭედლო” — ლევან როგავა გოჯუ-რიუს აკადემიის შესახებ

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა