in ,

ისტორიულ პრიზმაში დანახული თბილისის არქიტექტურა – ინტერვიუ დავით ხოშტარიასთან

Alliance Group
Alliance Group

რამდენიმე ათეული წელია,რაც ჩვენს ქვეყანაში მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დროში აქა-იქ მართლაც გვხვდება დახვეწილი არქიტექტურული ნიმუშები, ქალაქის მწვანე საფარის ხარჯზე გაჩენილი მასობრივი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები სულ უფრო თვალშისაცემი და უსიამოვნო ხდება. მართალია, ქალაქების ნაგებობებით “გადავსებას” ვერ გავექცევით, სამაგიეროდ, შესაძლებელია ეს გემოვნებით და გარკვეული წესების დაცვით გაკეთდეს, რაც  ქალაქის რიტმში მეტ ჰარმონიას შემოიტანს. ძალიან საინტერესოა ამ საკითხზე იმ პროფესიონალების აზრის მოსმენა, ვინც არქიტექტურას დროის ჭრილში აკვირდება და ამ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების ავკარგიანობა ისტორიული ფაქტების მაგალითზე შეუძლია ახსნას. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ არქიტექტურის ისტორიკოსს, დავით ხოშტარიას გავესაუბრეთ.

ბატონო დავით, გვიამბეთ ორიოდე სიტყვით საკუთარ თავზე…

მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ვაკეში, ისტორიკოსების ოჯახში. პროფესიით შუა საუკუნეებისა და ახალი დროის (გასაბჭოებამდე) არქიტექტურის ისტორიკოსი გახლავართ. ჩემი სამეცნიერო ინტერესები IV საუკუნიდან 1921 წლამდე პერიოდს მოიცავს.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

სკოლის ბოლო კლასებიდან უკვე მაინტერესებდა ხელოვნების ისტორია და ვიცოდი, რომ ცხოვრებას ამ პროფესიას დავუკავშირებდი. ბავშვობაში ხშირად დავსეირნობდი ძველ უბნებში, განსაკუთრებით სოლოლაკი მიყვარდა. მომწონდა ამ უბნის ქუჩები, შენობების არქიტექტურა. უკვე სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში კი არქიტექტურის ისტორიის მიმართულებით წასვლა გადავწყვიტე. რატომ არქიტექტურა? ვთვლი, რომ ის უფრო ცოცხალია, “სუნთქავს” და შენთან ერთად არსებობს, შენი ცხოვრების შემადგენელია, შენთან ერთად იცვლება, შენს გავლენას განიცდის და თვითონაც მოქმედებს შენზე… ეს პროფესია დიდი ხნის წინ ავირჩიე და არასდროს მინანია ამის გამო.

რას გამოყოფდით თბილისის არქიტექტურაში ისეთს, რაც თვითმყოფადია და არა გადმოღებული?

ძველი თბილისის არქიტექტურულ სახეს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის შენობები განსაზღვრავს. ამ დროს თბილისში მომუშავე არქიტექტორებს განათლება ევროპული სტანდარტების მიხედვით ჰქონდათ მიღებული, ეთნიკურადაც მათში ევროპელები ჭარბობდნენ. შესაბამისად, თბილისის ძველი უბნები დიდწილად ევროპული ქალაქების მსგავსია.

თბილისი არ წარმოადგენს ძველი ქართული არქიტექტურის  გაგრძელებას, ის ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციის, დასავლური და ნაწილობრივ აღმოსავლური არქიტექტურის რთული ნაზავია. მის თვითმყოფადობას, რელიეფთან ერთად, სწორედ ეს განსაზღვრავს.

ზოგადად, ეროვნული არქიტექტურული მემკვიდრეობის ათვისების თვალსაზრისით, საქართველოში განსხვავებული მდგომარეობაა. როდესაც XIX საუკუნეში ევროპაში გაჩნდა მოთხოვნილება „ეროვნულ სტილზე“, არქიტექტორებმა ნიმუშად გოთიკა აიღეს. გოთიკური არქიტექტურა, რომელიც დომინირებდა მთელ დასავლეთ ევროპაში XIII-XV საუკუნეებში, უამრავი მრავალფეროვანი ნიმუშით შემორჩა. მისი მემკვიდრეობა მოიცავს არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებსაც. შესაბამისად, ახალი დროის არქიტექტორები პირდაპირ ბაძავდნენ ძველ ნიმუშებს არა მხოლოდ ეკლესიების, არამედ საცხოვრებლების, რატუშების, სკოლების, საავადმყოფოების  და ა. შ. დაპროექტების დროს. ჩვენთან სხვაგვარი მდგომარეობაა. ის, რასაც ჩვენ ეროვნულ ხუროთმოძღვრებად აღვიქვამთ, მთლიანად საეკლესიო არქიტექტურაა. ეს მართლაც სრულიად თვითმყოფადი მოვლენაა, არ ჰგავს არც ბიზანტიურს, არც დასავლურს, არც სპარსულს თუ არაბულს. როცა ნიშანდობლივ ქართულ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება შუა საუკუნეების ეკლესიები თავიანთი გუმბათებით, საფასადო დეკორატიული  თაღებით, ჩუქურთმებით, თლილი ქვის მოპირკეთებით.  მაგრამ ამის იქით ჩვენ შუა საუკუნეებიდან სანიმუშოდ არაფერი შემოგვრჩა. არის, რა თქმა უნდა, ციხეები და კოშკებიც, მაგრამ ეს სპეციფიკური უტილიტარული ნაგებობებია. ამიტომ XIX და XX საუკუნეების არქიტექტორებს გაუჭირდათ ეროვნული ფორმის ძიება. სამინისტროს ან სკოლის მშენებლობისას ეკლესიის გეგმარებითა და მოცულობითი გადაწყვეტით ვერ იხელმძღვანელებ, შეიძლება მხოლოდ მისი დეკორი გამოიყენო. შესაბამისად, ჩვენთან XIX-XX საუკუნეების ეროვნული სტილის ძიება, პირველ რიგში, შუა საუკუნეების დეკორატიული ელემენტების გადმოღებაში ვლინდება. ამის ყველაზე სახასიათო ნიმუში რუსთაველის პროსპექტის ბოლოში მდგარი ყოფილი „საქნახშირის“ და ამჟამად მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაა. აქ შუასაუკუნეების ქართული ეკლესიების ჩუქურთმები ფასადებზე უხვადაა გამოყენებული.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

დაასახელეთ რამდენიმე შენობა, რომლებიც თქვენი აზრით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია

შესანიშნავი შენობებია ოპერის თეატრი, რუსთაველის თეატრი, სასტუმრო „მაჟესტიკი“ (ახლანდელი „მერიოტ თბილისი“), უნივერსიტეტის პირველი კორპუსი…

არის მოდერნის სტილის ბევრი კარგი შენობა. მშვენიერი ნიმუშებია, მაგალითად, ყოფილი კინოთეატრი „აპოლო“, მარჯანიშვილის თეატრი.

არის კარგი  საცხოვრებელი სახლებიც – მაგალითად, დავით სარაჯიშვილის სახლი (ახლა მწერალთა სახლი) მაჩაბლის ქუჩის 13-ში, ბოზარჯიანცის სახლი ჭონქაძის ქუჩის 12-ში. ამ პერიოდის არქიტექტურა ხარისხიანი და გემოვნებიანია. შესაძლოა მსოფლიო დონის შედევრები არ იყოს, მაგრამ ყველა ნაგებობას პროფესიული კულტურა ეტყობა. იცოდნენ რას და რატომ აშენებდნენ.

მწერალთა სახლი
ჭონქაძის 12-ში მდებარე ბოზარჯიანცის სახლი

საბჭოთა პერიოდის არქიტექტურიდან აღსანიშნავია ე. წ. „იმელის“ შენობა, რომელიც ახლა სასტუმრო „ბილტმორის“ ნაწილია. ის მთავარი საბჭოური იდეოლოგიური დაწესებულებისთვის – მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისთვის აშენდა. აბრევიატურა „იმელ“ რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „Институт Маркса-Энгельса-Ленина“ (შემდგომში სტალინის სახელიც მიემატა და ერთხანს „იმელს“ ერქვა). მისი არქიტექტორი ალექსეი შჩუსევი რუსეთიდან ჩამოიყვანეს. სხვათა შორის, გასაბჭოებამდე ძირითადად  ეკლესიებს აშენებდა.

ძალიან კარგი შენობაა  არქიტექტორების ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტით 1975 წელს აგებული საავტომობილო გზების სამინისტრო, ამჟამინდელი “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისი.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

დამოუკიდებლობის პერიოდის არქიტექტურაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და კომპანია „მეამას“ სათავო ოფისი, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს  ეკუთვნის. ორივე გამორჩეული ნაგებობაა თავიანთი ტალღოვანი ფორმებით და სილუეტის დენადი ხაზებით.

რას ნიშნავს კარგი არქიტექტურული გემოვნება და როგორ ყალიბდება ის?

გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა არქიტექტურაში უფრო მნიშვნელოვან თვისებად პროფესიული კულტურა და ეთიკა მიმაჩნია. არქიტექტორმა უნდა იცოდეს, რომ ისტორიულ განაშენიანებაში ოცსართულიანი შუშისა და ბეტონის შენობა არ უნდა ჩადგას. ეს მარტივი წესია. შენობა არსებულ არქიტექტურულ და ბუნებრივ ლანდშაფტს უნდა შეესაბამებოდეს ზომით, პროპორციებით,  დანაწევრებით, ფაქტურით…

შესაძლოა პარიზის მერს ჩვენს რომელიმე მერზე უკეთესი არქიტექტურული გემოვნება არ ჰქონდეს, მაგრამ მან იცის წესები, რომლებსაც არ დაარღვევს. პარიზში ისტორიული ქალაქიდან მოშორებით 1950-60-იან წლებში დიდი ახალი უბანი – დეფანსი (Défense) გაშენდა, სადაც მთლიანად თანამედროვე არქიტექტურაა წარმოდგენილი. ჩვენთან კი ყველა დეველოპერი ცენტრს ეპოტინება.

სხვათა შორის, იმავე ევროპულ ქალაქებშიც ძველი განაშენიანების მასშტაბისა და ხასიათის შენარჩუნების აუცილებლობა ერთ დღეში არ გაუცნობიერებიათ. საზოგადოების შეგნების არსებითი შემობრუნება იქ 1960-იან წლებში მოხდა, თუმცა შეუსაბამო ნაგებობების აშენების  ცალკეული შემთხვევები ამის მერეც იყო. ყველაზე ცუდი მაგალითი მონპარნასის კოშკია (1969-1973 წლები). ძველი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქუჩაზე აღმართული 60-სართულიანი ბრჭყვიალა ცათამბჯენი იმდენად მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა, რომ უკვე 1975 წელს მიღებული იქნა დადგენილება, რომელიც კრძალავს პარიზის ცენტრში შვიდ სართულზე მეტი სიმაღლის შენობის აგებას.

პარიზი. მონპარნასის კოშკი

მსგავსი შემთხვევა იყო ლონდონშიც, სადაც ხუთ-ექვსსართულიანი კარგი სახლებით გაშენებულ ოქსფორდ სტრიტზე ცათამბჯენი დადგეს. საინტერესოა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მფლობელები მის გაქირავებას ვერ ახერხებდნენ, რადგან საზოგადოებაში სირცხვილად ითვლებოდა ამ შენობაში ოფისის აღება. 2014 წელს თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის ზეითინბურნუს უბანში ადრე აშენებული რამდენიმე ცათამბჯენის აღების გადაწყვეტილება მიიღო.  მიზეზად ითქვა, რომ ისინი ქალაქის ძველი უბნების ისტორიულ ხედს ეფარებოდა. ჩაითვალა, რომ ამ ხედის აღდგენა  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცათამბჯენების მატერიალური ღირებულება.

არ არსებობს ცალკე აღებული კარგი ნაგებობა, ის ყოველთვის არქიტექტურულ და ბუნებრივ გარემოსთან (რელიეფთან) ურთიერთქმედებაში უნდა შეფასდეს. ერთია, როგორია შენობის არქიტექტურა და მეორე – სად დგას ის. მაგალითად, „ბილტმორი“ გლდანში, თემქაზე ან სამგორში რომ დაედგათ, არაჩვეულებრივი იქნებოდა. უღიმღამო განაშენიანებას გააცოცხლებდა, სულს ჩაბერავდა, სტიმულს მისცემდა ურბანულ განვითარებას.  ამის ნაცვლად, ეს უზარმაზარი კოშკი წამოჭიმეს ქალაქის შუაგულში, ისტორიულ განაშენიანებაში, სადაც ასეთი ნაგებობა კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება ასეთი შენობა რუსთაველზე იდგეს. ამის საპირწონე ზემოხსენებული შსს-ს შენობა და „მეამას“ სათავო ოფისია – ისინი სწორედ იქ აიგო, სადაც უნდა აგებულიყო. ტიპობრივი პროექტებით გაშენებულ ყოვლად უსახურ უბანში მათ ინდივიდუალური არქიტექტურის ელემენტები შეიტანეს და გარემოს ახალი ელფერი შესძინეს.

დასავლეთში არქიტექტორი რეპუტაციას უფრთხილდება. თუ ის პროფესიულ ეთიკას დაარღვევს, მისი  კარიერა დასრულებულია, ხელსაც არ ჩამოართმევენ. ჩვენთან  ცუდი რეპუტაცია ლამის უფრო ფასობს, ვინაიდან ასეთი არქიტექტორი ყველანაირ საქმეს მოკიდებს ხელს და არც პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფას მოერიდება. საყოველთაოდ მიღებული  ელემენტარული წესები საშუალო დონის არქიტექტორმაც იცის, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ამ სფეროში ფულის გამომუშავების სურვილი პროფესიულ სტანდარტებზე  უპირატესია. ხშირად არქიტექტორი კარზე მომდგარ დეველოპერს, მოსალოდნელი შემოსავლის დაკარგვის შიშით, უარს ვერ უბნება და მის სურვილს მიჰყვება, თუნდაც ესმოდეს, რომ დაკვეთის პირობები არქიტექტურული და ურბანული თვალსაზრისით მიუღებელია.

როგორ შეაფასებთ თანამედროვე თბილისის არქიტექტურას?

თბილისის არქიტექტურული სახის განმსაზღვრელი მისი ძველი ნაწილია. ახალ უბნებში ინდივიდუალობით აღბეჭდილ, მხატვრულად ღირებულ შენობებს თითო-ოროლას თუ მოძებნი. დიდწილად ესაა უსახური ურბანული ლანდშაფტები, რომლის მსგავსსაც განვითარებადი ქვეყნების ბევრ დიდ ქალაქში ნახავ.

თბილისი ძველი ქალაქია და თავისი არსებობის მანძილზე თითქმის ყოველთვის იყო რეგიონული ცენტრი. მან შემოგვინახა შუა საუკუნეების მემკვიდრეობა ეკლესიებისა და ნარიყალას ციხის სახით. შუა საუკუნეებიდან მოდის კალასუბნის ქუჩების ქსელიც. უფრო თვალსაჩინოა ქალაქში XIX საუკუნის კვალი. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თბილისი მთელი კავკასიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. მას იმპერიის მეოთხე დედაქალაქს უწოდებდნენ, პეტერბურგის, მოსკოვისა და ვარშავას შემდეგ. მაშინდელი თბილისი საკმაოდ ვრცელი იყო, ის ყველა დღევანდელ ცენტრალურ უბანს მოიცავს – მთაწმინდას, სოლოლაკს, ორბელიანების უბანს, ვერას, ჩუღურეთს, კუკიას, ავლაბარს, დიდუბეს…  1860 წელს თბილისში მოსახლეობა მეტი იყო, ვიდრე რომში (გაერთიანებული იტალიის დედაქალაქად გადაქცევამდე).

თბილისი და, კერძოდ, მისი ცენტრი რთულ რელიეფზე დგას. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი სიმბოლური ნიშანსვეტები, როგორიცაა მაგალითად, მთაწმინდა. სულ რაღაც 30 წლის წინ მთაწმინდა რუსთაველის პროსპექტის ნებისმიერი მონაკვეთიდან ჩანდა. ახლა ის სხვადასხვა შენობამ დაფარა, რომლებიც თავისთავად შეიძლება ცუდი არ იყოს, მაგრამ მათ გამო დაიკარგა თბილისის უნიკალური თავისებურება. ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედები და პერსპექტივები ქალაქის ურბანული სახის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, მათ ისევე სჭირდება მოფრთხილება, როგორც ცალკეულ ღირებულ შენობებს.

ძველ უბნებში შემოინახა ასეულობით ნაგებობა, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნისაა. მათგან ბევრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. სავალალო მდგომარეობაშია ძველი უბნები. ყველაფერს ისევ ფინანსებთან და არაეფექტურ კანონმდებლობასთან  მივყავართ. მხოლოდ სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული არქიტექტურული პროექტები ისტორიულ ქალაქს სიკეთეს არ მოუტანს. ურბანულ კულტურულ მემკვიდრეობას მოფრთხილება სჭირდება როგორც ხელისუფლების, ისე ინვესტორებისა და დეველოპერების და მთლიანად საზოგადოების მხრიდან. ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი საზოგადოებრივი შეგნება არ არსებობს. ეკოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოებრივ პრიორიტეტებში სულ ბოლო ადგილებზეა. ევროპაში, როგორც აღვნიშნე, ამ თვალსაზრისით არსებითი შემობრუნება 1960-იან წლებში მოხდა. იმედი მაქვს, ჩვენც ამ მიმართულებით ვივლით. ამისთვის საჭიროა, ერთი მხრივ, კანონმდებლობა იყოს მკაფიო, მკაცრი და გამონაკლისებს არ უშვებდეს და, მეორე მხრივ, ხელი შეეწყოს საზოგადოების განათლებისა და კულტურის განვითარებას.

 

პოეტის ქოხი მთაში – მაგიური ადგილი ბურიანის ტყეში

წარსულის მოტივებით შექმნილი სახლი შეერთებულ შტატებში