თბილისში 17 ოქტომრიდან 8 ნოემბრამდე რიგით მეორე არქიტექტურული ბიენალე მიმდინარეობს, რომლის წლევანდელი კონცეფციაც საერთოობის ცნების გააზრებას გულისხმობს და აერთიანებს ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს, მეცნიერებს, ურბანისტებსა და ხელოვანებს. სპიკერები ისაუბრებენ საერთოობასა და კოლექტიურ სივრცეებზე ინდივიდუალური, სოციალური და სხვა რელევანტური პერსპექტივიდან. იმსჯელებენ ყველა იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსზე, რომელიც საერთო საკუთრებაა და საერთო სივრცის, მისი ათვისებისა და გადანაწილების, დისტანციისა და განცალკევების თემებს გამოიკვლევს.
ბიენალეს პლატფორმა მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, ინსტალაციებს, ციფრულ პროექტებს, სიმპოზიუმს და გამოფენებს. ასევე მიმდინარე ბიენალე COVID-19-ის გავრცელების თემასაც ეხება და წარმოშობილ შეზღუდვებს შესაძლებლობებად აქცევს და ღონისძიება მთლიანად ციფრულ პლატფორმაზე ჩატარდება, ამგვარად ეს ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწევს და უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავს. აქტივობებს კამერა რეალურ დროში გადაიღებს და გამოსახულებასა და სხვა მასალას ონლაინ გადასცემს.
2020 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, საღამოს 7 საათზე გაიხსნა Dicho თბილისის პავილიონი (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 52ბ, ყოფილი მთაწმინდის საბაგიროს ქვედა სადგური). Dicho ნეიტრალური, არაადგილობრივი საჯარო სივრცეა, რომელიც ერთდროულად ორ ადგილას – თბილისსა და მილანში მდებარეობს.
Birzhastation – ეს არის თავშეყრის, გაერთიანების, მიკუთვნებისა და ინფორმაციის გაცვლის ადგილი. დროებითი ინსტალაცია განთავსებულია ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორიაზე, შედის კონტექსტუალურ კავშირში ადგილთან და იძლევა თბილისის პოლიტიკურ – ესთეტიკურ გამოცდილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას.
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადაფინასებას უზრუნველყოფს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა Creative Europe.
ღონისძიებების მთლიანი პროგრამის ხილვა შესაძლებელია ციფრულ პლატფორმაზე – www.biennial.ge