in

თბილისის მწერალთა სახლის ისტორია

მწერალთა სახლი მაჩაბლის 13 ნომერში მდებარეობს და თბილისის მე-20 საუკუნის მოდერნისტული შენობების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. შენობა 1905 წელს აშენდა დავით სარაჯიშვილის მიერ, რომელიც ცნობილი მეცენატი და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი იყო.

სარაჯიშვილმა შენობის დასაპროექტებლად ბერლინელი არქიტექტორი კარლ ცაარი მოიწვია. მშენებლობა სოლოლაკში, მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე, სარაჯიშვილის მამისეული სახლის ადგილას მიმდინარეობდა 1903-1905 წლებში. ცაარმა მოდერნისა და ბაროკოს სტილი გააერთიანა ამ ხუროთმოძღვრების ძეგლში, ინტერიერი კი ხით მოაწყო თბილისელმა ოსტატმა ილია მამაცაშვილმა.

მოდერნისტულ შენობაში გამოყენებულია ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. ნაგებობა ძალიან კარგი მაგალითია თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის. ეზოში გამავალი ტერასისთვის ცნობილი ბრენდის “ვილეროი და ბოხის” (Villeroy & Boch) ფილებია გამოყენებული. იმ დროს მსგავსი ფილები დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და მხოლოდ განსაკუთრებული პროექტებისთვის მზადდებოდა. იგივე სტილი კერამიკული ფილები არის გამოყენებული მოსკოვის დიდ თეატრში და კიოლნის ტაძარში გერმანიაში.

ეზოს მხარეს სახლს თბილისისთვის ტრადიციული ღია ხის აივნები აქვს, მათი დეკორი განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა, ისევე როგორც სახლის ხის ინტერიერი. სასახლეში შემორჩენილია მოხატული ჭერი ჭაღებით, დიდი ბუხრები, ძველი ავეჯი და ფოტოალბომები. ცარის პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშევი ასრულებდნენ. შენობის დასრულება დაამთხვიეს 1905 წელს დავით სარაჯიშვილის და ეკატერინე ფორაქიშვილის ვერცხლის ქორწინებას.

სასახლეში მუდმივად იმართებოდა წვეულებები, არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებები და საუბრები, გამოფენები და კონცერტები. ღონისძიებებს მოჰყვებოდა სასიამოვნო ქართული ნადიმები. სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვები. ამ სახლში ცოტახნით აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი და არტურ ლაისტი ცხოვრობდნენ კიდეც.

დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1911 წელს, სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ გაზეთ ივერიაში ასეთი ცნობა გამოქვეყნდა: “განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე, სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით და იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს სამხატვრო გალერეა ან ხელოვნების მუზეუმი, ანდა ორივე ერთად.”

1918 წლამდე სახლში ეკატერინე ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ფინანსური პრობლემების გამო კი მისი აუქციონზე გაყიდვა მოუწიათ. 1918 წელს იგი ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა და თავის მხრივ კიდევ უფრო მეტი ძვირფასი ელემენტი შემატა მას. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, აკაკი ხოშტარიას ქვეყნის დატოვება მოუწია, სასახლე კი საქართველოს რევოლუციონერმა კომიტეტმა პაოლო იაშვილის ინიციატივით ქართველ მწერლებს და ხელოვანებს გადასცა.

“Bulthaup” – “ჭკვიანი სამზარეულოების” ბრენდი

ორშვილიანი ხელოვანი წყვილის ფერადი ბინა პარიზის შუაგულში