in

The Carpenter’s Arms — სივრცე, რომელიც პაბს და დიზაინის სტუდიას აერთიანებს

Banner M2
Banner M2

გიოცნებიათ, რომ თქვენს სახლთან ფეხით სავალ მანძილზე იყოს ადგილობრივი პაბი, სადაც შეგიძლიათ მიუჯდეთ მაგიდას, წაიკითხოთ წიგნები, განიტვირთოთ, მიირთვათ ჭიქა ღვინო და გემრიელი კერძი, ამავდროულად, დატკბეთ კედლებზე განთავსებული ხელოვნების ნიმუშებით? სწორედ ასეთი ადგილია ტამსინ საუნდერსის მიერ შექმნილი The Carpenter’s Arms ჩისვიკში, რომელსაც საიმონ ჩერი მართავს. ტამსინმა გააერთიანა საიმონისა და საკუთარი ტალანტები, რათა შექმნა სივრცე, რომელიც ახლა წყვილის ბიზნესებისთვის თავშესაფარს წარმოადგენს.

საიმონი მანამდე ფოტოგრაფად მუშაობდა. მან The Carpenter’s Arms 2006 წელს მეგობართან ერთად გახსნა. 2017 წელს კი მისგან წილი გამოისყიდა და პაბის ერთადერთი მესაკუთრე გახდა. შემდეგ მან ტამსინს სთხოვა, ეს სივრცე გარდაექმნა ისეთ ადგილად, რომლის სტუმრობასაც თავად ისურვებდნენ. ტამსინმა მოიარა მაღაზიები, ბაზრები და აუქციონები და იპოვა ნივთები, რომლებიც ამ ადგილს შეეფერებოდა. შედეგად კი შეიქმნა თბილი, ოჯახური ატმოსფერო, რომელიც დასვენებისთვის, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად განტვირთვისთვის, საუბრებისთვის ან უბრალოდ სიმშვიდით ტკბობისთვის არის შესაფერისი.

საიმონი პაბში კვების განყოფილებას ზედამხედველობს, მას შემუშავებული აქვს მენიუ, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. პაბს სეზონური ინგრედიენტებით დამოუკიდებელი ფერმერები ამარაგებენ. ამასთან, საიმონი მაქსიმალურად არის ორიენტირებული ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება ტამსინს, იგი ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა და სწორედ იმ პერიოდში, სახლების დიდებული ფანჯრების თვალიერებისას, შთაგონება ქალაქის არქიტექტურით მიიღო: „შოტლანდიაში საკმაოდ ადრე ბნელდება და აღმოვაჩინე, რომ შებინდება (სანამ მაცხოვრებლები ფარდებს ჩამოაფარებენ) იყო შესანიშნავი დრო ადამიანებისა და მათი სახლების დასათვალიერებლად, იმის დასანახად, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი და როგორ არის მოწყობილი ოთახები“.

წყვილი ერთმანეთს პირველად ოთხმოცდაათიან წლებში შეხვდა, როდესაც საიმონი ლონდონში, ტამსინის ერთ-ერთი კლიენტის პაბის — The Westbourne-ს გადასაღებად მივიდა. თუმცა ისინი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან, როდესაც საერთო ინტერესები — კერძების, ხელოვნების, მოგზაურობისა და კითხვის სიყვარული აღმოაჩინეს. „ორივენი ვამჩნევთ განსაკუთრებულ ნივთებს, რადგან ისინი ლამაზად გამოიყურება და კარგად არის შესრულებული და არა იმიტომ, რომ ძვირადღირებული ან მოციმციმეა“ — ამბობს ის.

ტამსინის დიზაინის სტუდია, The Carpenter’s Arms-ის ზედა სართულზეა განთავსებული და მოიცავს ორ ოსტატურად მოწესრიგებულ ოთახს, რომლებშიც ყველა ობიექტი ისტორიას მოგვითხრობს. „მომწყინდა ყველგან ერთი და იმავე ნივთების ნახვა, ვიფიქრე, რომ უბრალოდ უნდა დამეწყო იმ ნივთების შეგროვება, რომლებიც მომწონს“, — ამბობს ტამსინი. „შეგროვება თავისთავად ხელოვნებაა“. ახლა ეს არის სპეციალური ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, გარშემორტყმულნი იყვნენ უნიკალური, ფუნქციონალური და სულიერი საგნებით, რომლებიც ხელნაკეთი არასრულყოფილების ხიბლს ატარებს.

თაბაშირმუყაო თუ გასაჭიმი ჭერი — რომელი და რატომ?

რა არის კორიანი და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე – #Homeisგიდი