in

რა არის ჰიდროიზოლაცია და რა საჭიროა ის აბაზანაში?

დღეს ვისაუბრებთ სააბაზანოს ჰიდროიზოლაციის შესახებ, განვიხილავთ მის სპეციფიკას, სავარაუდო ღირებულებას და აგიხსნით, თუ რატომ არის მისი გაკეთება აუცილებელი.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, თუ რა არის ჰიდროიზოლაცია. ეს არის ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ზედაპირი წყალგაუმტარი იყოს. მისი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია სააბაზანოში, რადგან ეს არის სივრცე, სადაც წყლის დიდი რაოდენობა მოიხმარება და შესაბამისად, მეტი სისველე გვხვდება.

ჰიდროიზოლაცია კერამიკული ფილების სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კეთდება. ამ დროს ზედაპირი აბსოლუტურად მშრალი და მაქსიმალურად თანაბარი უნდა იყოს. რაც შეეხება ჰიდროიზოლაციის მასალის დატანის ტერიტორიას, მინიმალურ შემთხვევაში უნდა დამუშავდეს საშხაპის ირგვლივ არსებული ზონები — იატაკი და კედლები.

რაც შეეხება თავად მასალას, ის ზედაპირზე ორ ფენად უნდა განთავსდეს (მეორე ფენა მხოლოდ მას შემდეგ უნდა წაისვას, რაც პირველი სრულად გაშრება) და ეს ფენები უნდა იყოს “ჯვარედინული”, რათა მეორე ფენამ წინაზე დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და სივრცეები კარგად ამოავსოს.

გაითვალისწინეთ, რომ ფუგა, როგორც წესი, არ არის წყალგაუმტარი. არსებობს სპეციალური ფუგა (მაგალითად, ეპოქსიდური), რომელიც გაცილებით წყალგამძლეა, თუმცა ის იშვიათად გამოიყენება. გარდა ამისა, ყველაზე კარგი ხარისხის ფუგასაც კი უჩნდება მიკრობზარები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია.

აუცილებლად გამოიყენეთ ჰიდროსაიზოლაციო ლენტი კუთხეებისთვის. შენობის დაჯდომის შემთხვევაში, როდესაც სახლი ბზარებს იკეთებს განსაკუთრებით მგრძნობიარეა კუთხეები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცის ეს ნაწილი შესაბამისად იყოს ჰიდროსაიზოლაციო მასალით დამუშავებული.

რაც შეეხება ღირებულებას, ამ მხრივ სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და საბოლოო ფასი დამოკიდებულია იმ ჰიდროსაიზოლაციო მასალაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ. საშუალოდ, მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო მასალის ერთი ქილა 180 ლარს შეადგენს (ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 10 კვადრატულ მეტრამდე ზედაპირისთვის), ამას ემატება ჰიდროსაიზოლაციო ლენტის ღირებულება – საშუალოდ 45 ლარი (10 გრძივი მეტრის შემთხვევაში) და ხელოფის ფასი (50-100 ლარი). თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ საშუალო ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო მასალას შეიძენთ, მისი ღირებულება საშუალოდ 50 ლარია, რაც შესაბამისად, აიაფებს სრულ პროცესს. ამას გარდა, ზოგიერთი ხელოსნის მომსახურებაში ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები შედის ფილების მონტაჟის ფასში და ამ კონკრეტული სამუშაოს საფასურის ცალკე დამატება არ დაგჭირდებათ. 

გამორჩეული არქიტექტორული ნაგებობები საქართველოში – “ალიანს ჰაილაინი”

ყოფილი საათების მაღაზია, რომელიც თბილ საოჯახო სახლად იქცა