studio2am-ის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი, Unit 43, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია იმ ახალი საცხოვრებელი კულტურისა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ჩამოყალიბდა. ქალაქში გაიზარდა ბინების ინვესტიციური მიზნით შეძენის ტენდენცია, რაც დიზაინის ხედვაზეც აისახა — ინტერიერები სულ უფრო ხშირად იქმნება არა კონკრეტული მობინადრისთვის, არამედ „ბაზრისთვის“. ასეთ პირობებში მთავარი გამოწვევა ხდება იმის გაგება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სივრცე, რომელიც იქნება ერთდროულად ფუნქციური, ემოციური და მზად მობინადრის ინდივიდუალობის მისაღებად.

2am-ის გუნდი ამ გამოწვევას სრულიად განსხვავებული მიდგომით პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა შექმნილია გასაქირავებელი ბაზრისთვის, დიზაინი უარყოფს მასობრივი წარმოების პრინციპებს და ცდილობს, თითოეულ დეტალში გამოიხატოს ინდივიდუალური აზროვნება. ყველა ელემენტი — ავეჯიდან განათებამდე — შექმნილია კონკრეტული მიზნისთვის, ამ კონკრეტული სივრცის კონტექსტში. ინტერიერის ხასიათი იქმნება არა დეკორით, არამედ სინათლის, ტექსტურისა და ფერის ურთიერთობით, რაც სივრცეს ბუნებრივ სიღრმესა და სიმშვიდეს სძენს.
უჟანგავი ფოლადი ერთგვარად ერთიანდება ბინის სამ ძირითად ზონაში — სამზარეულოში, მისაღებსა და შესასვლელში. ის მრავალფუნქციურია: ზოგან – როგორც სამუშაო ზედაპირი, ზოგან – როგორც ფონური ელემენტი ან დამოუკიდებელი ობიექტი. ეს მეტალის სიცივე განზრახ არის დაბალანსებული თბილი ფაქტურებითა და ტექსტილით, რაც სივრცეს სიმყუდროვესა და ადამიანურ განზომილებას მატებს.
თეთრი ტერაცოს იატაკი აერთიანებს შესასვლელსა და სამზარეულოს, ქმნის უწყვეტ სიბრტყეს, რომლის ფონზეც სხვა მასალები და ტონალობები თითქოს დინამიკურად ცვალებადია. ფერი ამ სივრცეში ჩნდება არა საღებავის ან დეკორის მეშვეობით, არამედ ქსოვილით — ფარდაგებით, რომლებიც ავსებს სივრცეს როგორც ვიზუალურად, ისე ტაქტილურად.
პროექტი Unit 43 წარმოადგენს იმ დიზაინის სერიის ნაწილს, რომელიც studio2am-მა შექმნა ინვესტიციური ბაზრისთვის, თუმცა ინარჩუნებს საავტორო იდენტობასა და სივრცისადმი ინდივიდუალურ დამოკიდებულებას. ეს პროექტი გვაჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა დამკვეთი — „ბაზარია“, ინტერიერი მაინც შეიძლება იყოს აზროვნების შედეგი, სივრცე — გამოცდილება, და ბინა — ადგილი, სადაც შესაძლებელი ხდება დროებითი ცხოვრებისაც კი ჰქონდეს საკუთარი ხასიათი და სტილი.
ინტერიერის დიზაინის სტუდია: studio2am
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2
ფოტოგრაფი: გრიგორი სოკოლინსკი






















