in

საკვების გადამამუშავებელი დანადგარი – ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

ყოველდღიურად უამრავი ისეთი ნარჩენის გადაყრა გვიწევს, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელს აბინძურებს და არაჯანსაღ გარემოს გვიქმნის. მათი 80%  გაფუჭებული, არასასურველი საკვებია, რომელსაც, გარდა იმისა, რომ სახლში დიდი რაოდენობით ნაგავს წარმოქმნის და ადგილს იკავებს, უსიამოვნო სუნიც ახლავს. ცხადია, ეს ძალიან შემაწუხებელია. საბედნიეროდ, პრობლემის გადაჭრა უკვე შესაძლებელია საკვების ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე მოწყობილობის წყალობით, რომელსაც ვეისტერსა და დისპოზერსაც უწოდებენ. დანადგარი სწრაფად და მარტივად აქუცმაცებს ნებისმიერი სახის პროდუქტს, მათ შორის, ძვლებსა და სხვა მაგარ ნივთიერებებს, და გამდინარე წყლით უზრუნველყოფს ნიჟარიდან მათ გაქრობას.

რა არის ვეისტერი და რა უპირატესობა აქვს მას?

ვეისტერი საკვების გადამამუშავებელი აპარატია, რომელიც ნიჟარის ქვეშ მონტაჟდება. მას შემდეგ, რაც მასში სასურველი სახის საკვებს მოათავსებთ, საგანგებო ჩამრთველი ღილაკის მეშვეობით დანადგარში დამონტაჟებული ფირფიტები ბრუნვას იწყებს და ნარჩენებს აქუცმაცებს, წყლის მეშვეობით კი დაფქული მასა საკანალიზაციო მილში გაედინება. დანადგარი ამსუბუქებს ყოველდღიურ საქმიანობას და არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:

კომფორტული მოხმარება – საგრძნობლად ამარტივებს ცხოვრებას და საკვების მომზადების პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის: აღარ გიწევთ გამოუსადეგარი პროდუქტის შენახვა, რაც მძაფრ სუნსა და არაჯანსაღ გარემოს ქმნის. შეგიძლიათ, ნარჩენები პირდაპირ  ნიჟარაში მოათავსოთ და რამდენიმე წამში დაქუცმაცებული მასა წყალს გაატანოთ.

ეკოლოგიური უსაფრთხოება – დისპოზერი ეკოლოგიურად სასარგებლო დანადგარია. ვინაიდან წყალში უკვე გადამუშავებული, დანაწევრებული ნივთიერება ჩაედინება, გარემო აღარ ბინძურდება, სახლები და ქუჩები აღარ ივსება გამოუსადეგარი, გაფუჭებული საკვებით და ნარჩენების დახარისხებაც მარტივდება. საგულისხმოა ისიც, რომ დანადგარი ვერ ამუშავებს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა ქაღალდი, პლასტმასა და მეტალი, ამიტომაც მისი მეშვეობით გარემოში ბუნებისთვის საზიანო მასალა არ ხვდება.

მდგრადი გამოყენება – ეს სრულიად უსაფრთხო და პრაქტიკული ნივთი თავიდან აგარიდებთ ცხიმიანი საკვები პროდუქტის შედეგად წარმოქმნილ რიგ უსიამოვნებებს, რომელთა გამოც ხშირად სამზარეულო ნიჟარები და მილები ზიანდება. დანადგარის მონტაჟის შემდეგ დიდხანს აღარ მოგიწევთ სამზარეულოს დანარჩენი მოწყობილობების გამოცვლაც, რომელთა დაზიანებაც ნიჟარაში მოთავსებულმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს.

ვეისტერის მონტაჟის სპეციფიკა და ფასი

საკვების გადამამუშავებელო დანადგარი სიახლე არაა – 80 წელზე მეტია, რაც ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ზოგიერთ ადგილას მისი მოხმარება სავალდებულოც კია. საქართველოში ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ამ დანადგარით დაინტერესებამ, რადგან, მისი წყალობით, ყოველდღიურად ნაგვის გადაყრა სულაც აღარაა საჭირო და ნარჩენების დახარისხებაც უფრო მარტივია.

იმისათვის, რათა გაგვერკვია, როგორ მონტაჟდება აპარატი და როგორია მისი ფასი, ამ სფეროში გამოცდილ კომპანია „ვეისტერს“ მივმართეთ. დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ საკვების გადამამუშავებელი დანადგარის მონტაჟი საკმაოდ მარტივია და სულაც არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს.

„ვეისტერის მონტაჟამდე ყურადღება უნდა მიექცეს ნიჟარასთან არსებულ დენის წყაროს. ვინაიდან პროდუქტი ნიჟარის ქვეშ თავსდება, მისი დაყენება უკვე მზა (თუ დამზადების პროცესში მყოფი) სამზარეულოს ავეჯში თავისუფლად შეიძლება. დანადგარის სიგრძე დაახლოებით 30-38 სანტიმეტრია, სიგანე კი 18-20 სანტიმეტრი, რის გამოც მარტივად მონტაჟდება ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოში. ავეჯის დამატებითმა სათავსოებმა, შესაძლოა, სირთულე შექმნას, თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ვეისტერისთვის საჭირო სივრცე ყოველთვის გათვალისწინებულია ხოლმე“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, იმის გამო, რომ აპარატის ჩამრთველი ღილაკი სამზარეულოს ავეჯის ზედაპირზე მონტაჟდება, საჭიროა სპეციალური ნახვრეტის გაკეთება, რაც ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად ხდება. გამონაკლისია მარმარილოს ქვა, რომლის დამუშავებაც მხოლოდ საგანგებო ხელოსნის საქმეა, რადგან, შესაძლოა, ქვის გახვრეტით ზედაპირი მთლიანად დაზიანდეს.

რაც შეეხება მოწყობილობის ფასს, „ვეისტერში“ იგი 650 ლარიდან 1400 ლარამდე მერყეობს. ფასში შედის მონტაჟის ღირებულებაც. არსებობს კომპანიები, რომელთა შოურუმებში დისპოზერს 1400-2000 ლარის ფარგლებში შეიძენთ, გარემოვაჭრეებთან კი 450-500 ლარადაც შეხვდებით, თუმცა, ბაზრობაზე შეძენილ დანადგარს არ მოჰყვება აქსესუარების სრული კომპლექტი და გარანტია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს სხვადასხვა სიმძლავრის დისპოზერები, რომელთა ფასიც შესაბამისად იცვლება. თუმცა დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დაბალი სიმძლავრის მოწყობილობაც კი სრულად აკმაყოფილებს ოჯახის მოთხოვნებს. მაღალი სიმძლავრის პროდუქტს რესტორნები და კაფეები იყენებენ. თუ სტანდარტულ ვეისტერს საჭმლის დასამუშავებლად 6-7 წამი ჰყოფნის, სპეციალური პროდუქტის მოთავსების შემთხვევაში (მაგ., ძვლების) 9 წამი სჭირდება. მაღალი სიმძლავრის დისპოზერი კი დროით განსხვავებას არ იძლევა – 6-7 წამში ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის ნარჩენს აქუცმაცებს.

კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებელს ურჩევენ, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ მაინც ვეისტერში რამდენიმე ცალი ლიმონი და ყინულის ნატეხები მოათავსონ, რათა სისტემა გაიწმინდოს არასასიამოვნო სუნისგან. საშუალოდ, პროდუქტის სამუშაო რესურსი 15 წელია, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.

თუკი საკვების გადამამუშავებელი დანადგარის შეძენას გადაწყვეტთ, ყოველდღიურად თავიდან აირიდებთ უამრავი ნარჩენის დაგროვებას და მათი გადაყრის დამღლელ პროცეს. ამასთან ერთად, ხელს შეუწყობთ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

ავტორი: მეკო მეტრეველი 

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

XIX საუკუნის ელეგანტური სახლი ნიდერლანდებში

სახლი თვალწარმტაც იზოლირებულ ყურეში — Herbst Architects-ის პროექტი