in ,

ვილა თბილი ტონებით საგურამოში – სტუდია “დუეს” ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

“ვილა საგურამოში” დიდი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლია და მისი ფართობი 900 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტის დიზაინი სტუდია “დუეს” ეკუთვნის.

“დამკვეთს სურდა, ეცხოვრა თანამედროვე, საინტერესო ინტერიერის მქონე სახლში, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად, თავს მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობდა. ამავდროულად, მომავალი მაცხოვრებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ინტერიერში გამოყენებული მასალების ხარისხს, რაც ჩვენთვისაც, თითოეულ პროექტზე მუშაობისას, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები, ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე.

დამკვეთის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტისთვის სტუდიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც მინიმალიზმის, თბილი ტონებისა და ფერადი აქცენტების საინტერესო ნაზავს გულისხმობს.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, მუშაობის დაწყებისას მათ სახლი უკვე აშენებული დახვდათ და დამკვეთი ტიხრების ცვლილებას არ განიხილავდა. სწორედ არსებულ გეგმარებაზე მორგება წარმოადგენდა სტუდია “დუესთვის” მთავარ გამოწვევას.

სახლი სამ სართულიანია და პირველ დონეზე გვხვდება მისაღები ოთახი, სამზარეულო, 3 საძინებელი საკუთარი სველი წერტილებით, სამრეცხაო და საერთო სველი წერტილი. მეორე სართულზე განლაგებულია მისაღები ოთახი გახსნილი ტიპის გეგმარებით, მთავარი საძინებელი გარდერობის ოთახითა და აბაზანით, 2 დამატებითი საძინებელი საკუთარი სველი წერტილებით, კაბინეტი და დიდი ტერასა. სახლს ასევე გააჩნია ნახევარსარდაფი, სადაც გვხვდება ღვინის მარანი, მოსასვენებელი სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, სახლის კინოთეატრი, თურქული აბანო და საუნა განთავსდა. გარე სივრცეში კი საცურაო აუზი და საზაფხულო სახლი გვხვდება.

ინტერიერში გამოყენებული ხის ფაქტურები და ბუნებრივი ტონალობები სახლს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს. სივრცის მასშტაბი ორი სართულის სიმაღლის, მასიური ხის სვეტებით არის გამოკვეთილი და დამატებით მეტალის ფაქტურის ხაზები ფიგურირებს, რომლებიც შემოსასვლელის მთავარი ჭაღის დიზაინის მინიმალისტურ სტილს იმეორებს.

საინტერესო კონტრასტისა და გამორჩეული სტილის მისაღებად, პროექტის ავტორებმა საერთო, ნეიტრალურ ტონებს მკვეთრი ფერის შტრიხები დაამატეს. ამავდროულად, სპეციალურად ამ პროექტისთვის დიზაინერებმა მხატვართან თანამშრომლობით, თანამედროვე და მინიმალისტური სტილის ნახატები შექმნეს. სივრცის საერთო ჰარმონიის მისაღწევად ნამუშევრების ტონალობები ავეჯის ფერადი აქცენტებიდან შეირჩა.

„ვილა საგურამოს“ ინტერიერს დეკორატიული განათებების სიმრავლეც გამოარჩევს, რასაც ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, სივრცეში განსაკუთრებული დინამიკის შეგრძნება შემოაქვს. ინტერიერის ფინალურ აკორდს კი, დიდი ზომის მცენარეები წარმოადგენს, რასაც სივრცეში მეტი სიმყუდროვე და სიცოცხლე შემოაქვს.

ინტერიერში გამოყენებულია Vibia-ს ბრენდის ჭაღები და ბრები, რაც პროექტის ერთ-ერთ წამყვან ელემენტს წარმოადგენს. ასევე სველ წერტილებში გვხვდება Gessi-ის შემრევები, რომლებიც ინტერიერს მეტად დახვეწილ იერს სძენს.

“ჩვენთვის მთავარი გამოწვევა სწორედ მასშტაბურ სივრცეში ჰარმონიული სიმყუდროვის შექმნა აღმოჩნდა. გვინდოდა, დიდი ფართობის სახლში თბილი, ოჯახური განწყობა შემოგვეტანა, თანაც, ისე, რომ სივრცის შეგრძნება არ დაკარგულიყო და ყველა ელემენტს შორის იდეალური ბალანსი დაგვეცვა. გამოწვევა თამამად მივიღეთ და დამკვეთიც ბოლომდე მოგვენდო,” – ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე.

პროექტის ავტორები: ლიკა ლასარეიშვილი, ცოტნე ანდრიაძე

დიზაინ სტუდია: დუე / DUE interior design studio

ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი

ტომ დიქსონი – ადამიანი, რომელიც დიზაინერი შემთხვევით გახდა

როგორ შევარჩიოთ ბინა – 6 მთავარი კრიტერიუმი