in

რატომ ხდება 1970-იანების ინტერიერის დიზაინი კვლავ ტრენდული?

მონტოკში შესრულებული ბოლო პროექტისთვის რობერტ მაკკინლიმ სამზარეულოს იატაკი უჩვეულო ფერში შეღება: ავოკადოს მწვანე. სრულიად თეთრი სასადილოების და მონაცრისფრო-ჩალისფერი მისაღები ოთახების ეპოქაში ეს, შესაძლოა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ესთეტიკურ დანაშაულად ჟღერდეს. თუმცა, დედამიწის ტონების დელიკატური ბალანსი, ლაღი ფერებით, ვულგარულობაში არ აგერევათ. შესანიშნავია, დამამშვიდებელია და 70-იანი წლების ელფერიც დაჰკრავს.

ავანგარდთან ერთად, 1970-იანი წლების ინტერიერის დიზაინის ტენდენციები საბოლოოდ ბრუნდება. „დედამიწის ტონები და სახალისო მრავალ ფერიანი კონცეფციები ახლა აქტუალური ტენდენციებია, ისევე როგორც დაბალი, რბილი ავეჯი“ – ამბობს მაკკინლი. „1970-იანი წლები დიზაინში ნამდვილად ტენდენციად იქცა“ – აღნიშნავს ჯამპიერო ტალიაფერი, Tagliaferri Studio-ს დირექტორი და Oliver Peoples-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი. „იმდროინდელი დიზაინი სახალისო და სექსუალური, მაგრამ მაინც დახვეწილი იყო – ვფიქრობ, რომ ეს თანამედროვე აუდიტორიას ძლიერად ეხმიანება.“

თუ ტალიაფერს უბრალოდ სიტყვაზე არ ენდობით, აქ თქვენთვის სტატისტიკური ინფორმაციაა. 2022 წელს 1stDibs-ის მიერ 600 დეკორატორი გამოიკითხა, 26%-მა განაცხადა, რომ გამორჩეული ათწლეულის დეკორის აღორძინების მოწმეა. ძვირადღირებულ ანტიკვარულ ვებგვერდზე ასევე გაიზარდა ამ პერიოდის საკულტო დიზაინების გაყიდვები, მათ შორის იყო მარიო ბელინის 1970 წლის დივანი “Camaleonda”  (დიახ, ის გამობერილი ტახტი, რომელიც Instagram-ზე გინახავთ), ასევე, მიშელ დუკაროის “Togo”, ვიკო მაგისტრეტის “Maralunga” – დივანი 1973 წლიდან და Tobia & Afra Scarpa-ს “Artona” – სასადილო სერია. იმავდროულად, ჯანკარლო პირეტის ნამუშევრებზე მოთხოვნა 125%-ით გაიზარდა.

თავდაპირველად, ეს, შესაძლოა, წარსულის არასასურველ გავლენად მოგეჩვენოთ. 1970-იან წლებს ხშირად დასცინოდნენ პლასტმასით დაფარული ავეჯის, მტვრიანი ხალიჩების და სხვა ელემენტების გამო. მაგრამ ამ პერიოდის თანამედროვე ვერსია უფრო თავშეკავებული და გააზრებულია.

მიშა კუვრეტი, Hollis and Morris-ის წამყვანი დიზაინერი გვარწმუნებს, რომ „ნარინჯისფერი ტონი, ისევე, როგორც პლასტიკური დეკორის გადაჭარბებული გამოყენება“  წარსულში რჩება, ხოლო boND-ის დამაარსებელი – დანიელ რაუხვერგერი ამტკიცებს, რომ ეს ათწლეული, დიზაინის თვალსაზრისით, ხშირად არასწორად არის გაგებული. „ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს მარტივად ვურევთ 1970-იანი წლების დიზაინს ზოგად ნოსტალგიასთან“ – ამბობს ის. „70-იანი წლები, გარკვეულწილად, პალიტრისა და მასალის გამოყენების თვალსაზრისით, საკმაოდ თავშეკავებული იყო, მის წინა და შემდგომ ათწლეულებთან შედარებით. ბევრი ყავისფერი და თბილი ტონი, ბუნებრივი და ნედლი მასალა, როგორიც არის ხე და შიშველი ბეტონი, თამამ გეომეტრიასთან და ნიმუშებთან არის შერწყმული“.

1970-იან წლებში ინგლისელი დეკორატორის – დევიდ ჰიქსის მიერ შექმნილი აბაზანა.

ფოტოგრაფი: დევიდ მასი.

რობერტ მაკკინლის მიერ შექმნილი აბაზანა.

ფოტოგრაფი: რედ მაკკენდრი

boND architecture-ის მიერ დაპროექტებული შესასვლელი.

ფოტოგრაფი: კრის მოტალინი

შესაძლოა, ყველაზე გაბატონებულია დედამიწის ტონების სქემების დაბრუნება, ბიოფილური აქცენტები, როგორიც არის ფოთლოვანი მცენარეები და სოკოს ფორმის სანათები, ასევე, დაბალი ავეჯი. ასპენში, ბოლო პროექტისთვის კლაივ ლოშტაინმა მისაღები ოთახი მწვანე ფარდებით, ხის ყავის მაგიდებითა და ბეწვის ყავისფერი სკამებით დაამშვენა. მაკკინლი ამჟამად აპროექტებს ორ საცხოვრებელ სივრცეს მდიდარი დედამიწის ტონის სქემებით, დაბალი, ღრმა ავეჯით და ჩაღრმავებული მისაღები ოთახით.

რა არის 70-იანების ტალღის მიზეზი?

1stDibs-ის სარედაქციო დირექტორი – ენტონი ბარზილეი ფროინდი თვლის, რომ ამ მოვლენასთან კოვიდ-19-ს კავშირი აქვს. ბევრმა ადამიანმა გადადგა ნაბიჯი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის გაერთიანებისკენ. „ხალხი გრძნობდა განმტვირთავი გარემოსადმი მოთხოვნილებას, სადაც თვალში არაფერი გხვდება და მყისიერი კომფორტის გრძნობა გეუფლება“ – ამბობს ის. 70-იანი წლები, თავისი თბილი ფერების სქემებით, ფართოდ ღია ოთახებითა და დაბალი, ღრმა ავეჯით, სტიმულის მისაღებად შესანიშნავი პერიოდი იყო.

კიდევ ერთი ფაქტორი? მოდა. მთლიანობაში საზოგადოება ამჟამად ჩაცმის უფრო თავისუფალ სტილზეა ორიენტირებული, ოფისში ჯინსის ტარება დაშვებულია, სპორტული ფეხსაცმელი მოდურად ითვლება და ჰალსტუხების გაყიდვები კვლავ მცირდება. როგორც ჩანს, ეს სტილისტური ანტიპატია დახუთულობის მიმართ, ჩვენს სახლებშიც შემოიჭრა.

ალბათ, მაკკინლი საუკეთესოდ აჯამებს ამ ყველაფერს: „სივრცის ღია დაგეგმარება ძალიან ლოგიკურია გართობისა და ადამიანური კავშირისთვის. დედამიწის ტონები დამამშვიდებელია და ადამიანებს თავს დამიწებულად აგრძნობინებს“ – ამბობს ის. „ვფიქრობ, მრავალი თვალსაზრისით, ადამიანებს ასე სურთ ცხოვრება“.

“Veranda House” – ქართული არქიტექტურით შთაგონებული ხის ასაწყობი სახლები ლატვიელი დიზაინერისგან

ჯეიკობ ვიცლინგის ზღაპრული ქოხები