in

ჯეიკობ ვიცლინგის ზღაპრული ქოხები

Alliance Group
Alliance Group

„შთაგონებას დიზაინისთვის ვიღებ წარსულის ქოხებიდან, ფანტაზიის სამყაროდან – როგორც ფილმებიდან, ასევე, წიგნებიდან და ჩემი ბავშვური წარმოსახვისგან, რომლის შენარჩუნებასაც მუდამ ვცდილობ“ –  ამბობს ჯეიკობ ვიცლინგი.

ნიუ ჰემფშირში, საშუალო სკოლის ბოლო 2 წლის განმავლობაში, 16 წლის ვიცლინგი 1920-იანი წლების კაბინაში ცხოვრობდა, რომელიც, მისი მშობლების სახლის მახლობლად, ტყეში იყო ჩაფლული. ვიცლინგი აღნიშნავს, რომ აქ ყველაფერი იყო, რაც მას ბედნიერებისთვის სჭირდებოდა.

22 წლის ასაკში, სამშენებლო ადგილებიდან მოპოვებული ნარჩენებისა და გადამუშავებული ხე-ტყის გამოყენებით, მან თავისი პირველი ქოხი მხოლოდ $800-ად ააგო და მასში მომდევნო 3 წლის განმავლობაში იცხოვრა. დღემდე, ვიცლინგმა, რომელიც 35 წლის არის, 5 უნიკალური კაბინა შექმნა და ამჟამად ის შეერთებულ შტატებში, თავის პარტნიორთან, მოდელთან და მსახიობთან – სარა ანდერვუდთან ერთად სატვირთო მანქანის კაბინაში ცხოვრობს.

„დავიწყე კაბინების აშენება, რადგან, როგორც ბევრ ბავშვს, მეც ძალიან მიზიდავდა ციხესიმაგრეები“ – ამბობს ვიცლინგი, რომელიც იხსენებს, რომ არქიტექტორი და ინჟინერი მამის საყვარელი წიგნით – Handmade Houses: A Guide to the Woodbutcher’s Art, მოხიბლული იყო.

„ყოველთვის მინდოდა ჰობიტივით ზღაპრულ სახლში მეცხოვრა“.

„ბავშვობაში წარმოვიდგინე, რომ ასეთ სახლში ვიცხოვრებდი. ვათვალიერებდი ფოტოებს და ასეთივე საცხოვრებლის აშენებაზე ვოცნებობდი. ხელნაკეთი სახლი არის ის, რაც შთამაგონებს, რომ ეს საცხოვრებელი სკულპტურები მდგრადი და ადგილობრივი მასალებისგან შევქმნა“.

„მივხვდი, რომ ისინი უნაკლო არ იყო და მცდელობის შემთხვევაში, მსგავსი სახლის აშენება მეც შემეძლო“ – ამბობს ვიცლინგი. „უბრალოდ მიწის ნაკვეთი მჭირდებოდა“. საბედნიეროდ, მისმა მეგობრებმა, ვიცლინგის საცხოვრებლის მახლობლად, რამდენიმე ჰექტარი მიწა შეიძინეს. მან მეგობრებს შესთავაზა, რომ ამ მიწაზე ქოხის ასაშენებლად მასალებისა და შრომის საფასურს გადაიხდიდა, თუ ამის შემდეგ 3 წლით აქ ცხოვრებით უფლებას მისცემდნენ. მისი მეგობრები ამ წინადადებას დათანხმდნენ და ვიცლინგის პირველი პროექტიც სწორედ ასე დაიწყო.

მის მიერ აშენებული ყველა სახლი ელექტრონული ქსელისა და წყლის გარეშეა შექმნილი. ისინი 12 ვოლტიან D/C (ცალმხრივი ელექტრონული მუხტი) სისტემას იყენებს. სასმელი, საჭმლის მოსამზადებელი და შხაპის წყალი ჭიდან გროვდება.

„ერთ-ერთი კაბინა ჩემს ძმასთან ერთად ავაშენე, უბრალოდ გართობის მიზნით. ჩემი უახლესი ქოხი მეგობრებისთვის, ხოლო სატვირთო კაბინა მხოლოდ სარასთვის და ჩემთვის აშენდა“ – ამბობს ვიცლინგი.

ამჟამად ვიცლინგი და ანდერვუდი წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცესში არიან. აქ ისინი აპირებენ ააშენონ ის, რასაც წინასწარ CABINLAND-ს უწოდებენ. „ამ განსაცვიფრებელ ადგილას ხეებით, ნაკადულებითა და მთების ხედებით, ჩვენ ავაშენებთ ექვს უნიკალურ ქოხს, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკების სისტემით იქნება დაკავშირებული“ – ამბობს ის.

„ირონიულია, რომ ქოხების პოპულარობის ზრდა ტექნოლოგიამ გამოიწვია“ – ამბობს ვიცლინგი. „სოციალურმა მედიამ და სმარტფონებმა მილიონობით ადამიანს (რომლებმაც ადრე იცოდნენ, რომ ამ ტიპის სახლები არსებობდა და ცხოვრების ასეთი სტილი ხელმისაწვდომი იყო), გაუჩინა სურვილი უფრო ნელი ცხოვრების სტილისა, რომელიც მარტივი და ლამაზი ნივთებით არის გარშემორტყმული“.

კაბინა 1

აშენებულია 100%-ით ნარჩენი მასალისგან. ეს არის პირველი კაბინა, რომელიც ჯეიკობმა ააშენა.

კაბინა 2

დანგრეული საწყობიდან აღებული ხით აშენებულ ამ ქოხს 18.5მ2 ჯვარისებრი საფუძველი და დაახლოებით 8.5მ2 სიდიდის სხვენი აქვს.

კაბინა 3

ამ კაბინას 12.5მ2-ის სიდიდის რვაკუთხა საფუძველი და რვაკუთხა პირამიდის სახურავი აქვს. ის აშენდა ვიცლინგის დიდი ხნის მეგობრის – უესლი დაგენბაუმის მნიშვნელოვანი დახმარებით.

კაბინა 4

„სახურავის დიზაინი ექსცენტრული ექსპერიმენტი იყო, რომელიც მოგვიანებით სატვირთო მანქანის კაბინის სახურავის შთაგონების წყარო გახდა. ეს ქოხი ჩემი ძმის – ეთან ჰემბის დახმარებით ავაშენე” – ამბობს ვიცლინგი.

კაბინა 5

18.5მ2 სიდიდის საფუძვლის მქონე ქოხი ვიცლინგის ძმის – ეთან ჰემბისა და ბავშვობის მეგობრის – სკოტ პირსონის დახმარებით აშენდა.

სატვირთო მანქანის კაბინა

ეს კაბინა აშენებულია 1979 წლის Ford F-250-ზე, ვიცლინგის პარტნიორის – სარა ანდერვუდის დახმარებით.

რატომ ხდება 1970-იანების ინტერიერის დიზაინი კვლავ ტრენდული?

გაიანე კარაპეტიანის მყუდრო ბინა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – Studio Comfort-ის ნამუშევარი