ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ NS Studio-ს პროექტი „სახლი თვალადში“ Architizer A+Awards-ის კერძო სახლის კატეგორიაში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
პროექტი კასპის რაიონში, სოფელ თვალადში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 700 მ2-ია. ეს არის საცხოვრებელი სივრცე, რომელიც არსებულ გარემოსა და ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის. ამასთანავე, ბუნებრივი მასალების აქცენტირებით, ობიექტი ქმნის სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას და მორგებულია დამკვეთის ცხოვრების წესზე.
საკონკურსო კატეგორიაში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა პროექტისთვის ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ, 16 მაისამდე. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://tinyurl.com/5xttjhhm
Architizer A+Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი არქიტექტურული კონკურსია, რომელიც არქიტექტორებს, დიზაინერებსა და ინოვატორებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროექტები გლობალურ აუდიტორიას წარუდგინონ. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ორგანიზებულია Architizer-ის პლატფორმის მიერ — ეს პლატფორმა საერთაშორისო სივრცეში ცნობილია, როგორც არქიტექტურის პოპულარიზაციისა და პროფესიონალთა დაკავშირების ერთ-ერთი წამყვანი სივრცე.
კონკურსი მოიცავს ასზე მეტ კატეგორიას, დაწყებული საცხოვრებელი სახლებიდან და კულტურული ობიექტებით, დასრულებული ლანდშაფტის დიზაინითა და არქიტექტურული პროდუქტებით. Architizer A+Awards-ი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც პროფესიონალი ჟიურის შეფასებას, ისე საზოგადოების არჩევანს — რაც კონკურსს აძლევს დემოკრატიულ და ინკლუზიურ ხასიათს.
Architizer A+Awards-ის მიზანია არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების წარმოჩენა და იმ პროფესიონალების წახალისება, რომლებიც აუმჯობესებენ ჩვენს გარემოს. გამარჯვებულები არამხოლოდ საერთაშორისო აღიარებას იღებენ, არამედ ხდებიან შთაგონების წყარო როგორც სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.