in

საცხოვრებელი სახლი თვალადში — NS STUDIO-ს ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში „NS STUDIO“-ს მორიგ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც კასპის რაიონში, სოფელ თვალადში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 700 მ2-ია.

ობიექტზე მუშაობის მთავარი ამოცანა გულისხმობდა ისეთი საცხოვრებელი სივრცის დაპროექტებას, რომელიც  არსებულ გარემოსა და ლანდშაფტს ორგანულად შეერწყმებოდა. ამასთანავე, ბუნებრივი მასალების აქცენტირებით შექმნიდა სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას და მორგებული იქნებოდა ოჯახურ თავყრილობებსა თუ აქტიურ დასვენებაზე.

დასახული მიზნის მისაღწევად დაპროექტდა ხის კონსტრუქციაზე აგებული სახლი, რომელიც გარემოსა და მის განწყობას ეხმიანება. არქიტექტურული მოცულობა კი ნაკვეთის პანორამულ ხედებს ერწყმის, რაც საბოლოო ჯამში, დაგეგმილი ნაგებობების ვიზუალიზაციასთან სიმბიოზში, სწორ ბალანსსა და ურთიერთდაკავშირებული დეტალების ჰარმონიას ქმნის.

„NS STUDIO“-ს გუნდისთვის პროექტირებისას უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა კონკრეტული სივრცის სწორად დანახვა და შემდგომში მისი განვითარება. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიისა და საპროექტო დავალების გათვალისწინებამ არასტანდარტული საცხოვრებელი სივრცის შექმნა განაპირობა. მთავარ გამოწვევად კი  არქიტექტურული კონცეფციით განსაზღვრული მშენებლობის პრინციპებისა და ძირითადი გამოყენებული მასალების იდენტური სახით შესრულება  იქცა.

ლანდშაფტის გათვალისწინებით, ერთსართულიანი მოცულობის საცხოვრებელი სახლი შემაღლებულ ნაწილში განთავსდა, ხოლო მის პერპენდიკულარულად ნახევრად მიწაში შეჭრილი მარნის შენობა მოეწყო, რომელიც სახლის არქიტექტურულ იერსახეს იმეორებს და ტერიტორიის საერთო კომპოზიციას კრავს.

ფასადის წამყვანი ელემენტების ­— ხისა და ქვის კონსტრუქციის კავშირს, რომელიც, ამავდროულად, ინტერიერის ორგანული ნაწილია, დიდი ზომის ხის ვიტრაჟები დამატებით სიმსუბუქეს მატებს და სივრცეების ვიზუალურ და ფიზიკურ ერთიანობას უწყობს ხელს.

პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, ცენტრალურ ნაწილში დაპროექტდა მცირე აუზი და მოსასვენებელი სივრცე. სახლის შესასვლელიდან მარჯვნივ განთავსდა საძინებლის ზონა, ხოლო მარცხნივ – შემინული ტიხრით გამოყოფილი სამზარეულო. მის მომიჯნავედ – დიდი სასადილო ზონა და 3 საფეხურით ჩაწეული მოსასვენებელი კუთხე. აღსანიშნავია ისიც, რომ საძინებლის თავზე  დაპროექტდა ანტრესოლი, აქტიური დასვენების ფუნქციით. მთავარი ეზოს მხარეს კი გადახურული, გრძივი აივანი მოეწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ შენობის არქიტექტურა ბუნებრივი მასალებითა და სახასიათო ფორმებით გამოირჩევა, ის თავისთავად განსაზღვრავს ინტერიერსაც. აქედან გამომდინარე, სივრცე მინიმალურად მოითხოვს დამატებითი ფუნქციური ობიექტების დამატებას. ექსტერიერთან ორგანული კავშირის დასამყარებლად ინტერიერის ავეჯზეც ხის, ქვისა და ტყავის მასალები დომინირებს. იატაკის საფარი კი, უმეტესად, მუქი ნაცრისფერი ფიქლით არის მოპირკეთებული.

ხის კონსტრუქციით შესრულებული სტრუქტურული ნაწილი, უხეში დამუშავების მქონე ქვის ფასადები და მათი ტექნიკური კავშირები საცხოვრისის სხვა ელემენტებთან მიმართებაში ქმნის იმ საინტერესო იერსახეს, რაც პროექტის უნიკალურობას განსაზღვრავს და ინტერიერისა თუ ექსტერიერის სახასიათო ესთეტიკას განაპირობებს.

პროექტის ავტორები: ლუკა ჩაგანავა, ნინი ჭანტურია, მარიამ ქარჩხაძე

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: „NS STUDIO

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky 

გამოყენებული მასალები: 

ავეჯი და ხის კარ-ფანჯარა: „Iakami“

იატაკის საფარი: „Kamara stone“

განათება: „Nemo“; „Vibia“; „Market“; „LEDs c4“

ავეჯი: „Ton“; „Riva 1920“;  „Capdell“; „NS PRODUCT“; „Saba Italia“; „Ferm living“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

რა განსხვავებაა დიზაინერსა და სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს შორის? — თინათინ ძირკვაძის გზამკვლევი

დიფსისი – რა უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის შესახებ?