in

დიფსისი – რა უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის შესახებ?

დიფსისი პალმის ოჯახის მცენარეა, რომელიც მკვიდრობს მადაგასკარსა და კომორის კუნძულებზე. მშვენიერი, პალმის ხის მსგავსი მცენარე ელეგანტურ და დახვეწილ გარეგნობას ფლობს, რაც ძალიან უხდება სახლის ინტერიერს. განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება დიდი სივრცის მქონე ბინებსა და ოთახებში. დიფსისი არა მხოლოდ ეგზოტიკური აქცენტის როლს ასრულებს, არამედ შესანიშნავად აჯანსაღებს ჰაერს, აჯერებს მას ჟანგბადითა და ტენიანობით. მისი მოვლა არც ისე რთულია, თუმცა აქვს რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თუ გსურთ, რომ სახლში ჯანსაღი, დახვეწილი და საინტერესო ინტერიერი შექმნათ.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, რათა დიფსისმა დიდი ხნის განმავლობაში გაიხაროს, თავიდან აირიდოთ შესაძლო დაავადებები და სწორად წარმართოთ მისი ზრდის პროცესები.

აუცილებელი პირობები

ადგილი – ამ მცენარეს ესაჭიროება ოთახი, სადაც წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ტემპერატურა 22-დან 24 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ზამთარში ის დაახლოებით 16 გრადუსია. აუცილებელია, რომ უხვად მიიღოს შუქი დღის განმავლობაში. ზაფხულის პერიოდში დიფსისი სასიამოვნოდ ატარებს დროს დაჩრდილულ ღია აივანზეც.

ნიადაგი – დიფსისს სჭირდება ფხვიერი, საკვებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც შეგიძლიათ თავად შექმნათ ბალახისა და ფოთლების ნეშომპალის და ქვიშის შერევით, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე მზა ნიადაგი, რომლის შეძენასაც მაღაზიებში შეძლებთ.

ქოთანი – თავდაპირველად დიფსისითვის 10-12 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე პატარა ქოთანიც საკმარისია, თუმცა ძირზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაახლოებით 3 სანტიმეტრი დრენაჟი.

მცენარის მოვლა

მორწყვა – დიფსისის მორწყვა შეგიძლიათ დაახლოებით კვირაში ერთხელ, ოთახის ტემპერატურის წყლით. ნიადაგის ზედა 3სმ მარტივად შრება, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მის ტენიანობას. აუცილებელია, რომ მცენარის ფოთლებს ყოველდღიურად შეასხუროთ თბილი წყალი, რათა ის სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, გაწმინდეთ მისი ფოთლები ნესტიანი ქსოვილითაც. ოქტომბრის ბოლოდან მარტამდე მცენარე მიძინების რეჟიმში გადადის, ამიტომ ამ დროს შეგიძლიათ მორწყვის სიხშირე შეამციროთ.

კვება –  აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით დაამუშავეთ დიფსისი თვეში ორჯერ, სასუქებით და სხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც კონკრეტულად თქვენი მცენარისთვის არის განკუთვნილი. ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში დიფსისი კვებას არ საჭიროებს.

გასხვლა – ეს მარტივი პროცედურა შედგება გამხმარი ღეროებისა და ჩამოცვენილი ფოთლების რეგულარულად მოცილებისგან, ხოლო ფურცელი უნდა მოჭრათ როდესაც შეამჩნევთ რომ მთლიანად მშრალი და გამომხმარია.

გადანერგვა – დიფსისი ყოველწლიურად უნდა გადაირგოს ახალ ქოთანში, რომელსაც წინა ქოთნის მოცულობის დაახლოებით 10% ექნება მომატებული, რადგან ადრეულ ასაკში ეს მცენარე საკმაოდ სწრაფად იზრდება. 4 წლის ასაკიდან შეგიძლიათ მისი 2-3 წელიწადში ერთხელ გადანერგვა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ნიადაგის ზედა 6-8 სმ ფენის შეცვლა ახალი ფენით.

ძველი ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ დიფსისი მიწის ნაწილთან ერთად და მოათავსეთ ახალში, შეავსეთ ქოთანში არსებული თავისუფალი ადგილები სუფთა მიწით და დაასხით თბილი წყალი.

შესაძლო დაავადებები

ფესვის ლპობა – ეს სოკოვანი დაავადებაა, რომლის დროსაც ღეროს ძირი ლპება, მცენარე წყვეტს განვითარებას და კვდება. ამის თავიდან ასარიდებლად უნდა დარწმუნდეთ რომ დიფსის ძალიან ხშირად არ რწყავთ.

ფუსარიუმი – მცენარის ფოთლები და ყლორტები ყვითლდება და ნაადრევად ხმება. ამ დროს აუცილებელია შეყვითლებული და გამხმარი ფოთლების დროულად მოშორება.

ლაქები ფოთლებზე – მცენარე იფარება სხვადასხვა ფორმისა და ფერის ლაქებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფოთლების შესაბამისი ხსნარებით მორწყვა.

ფოთლების წვერების გამოშრობა – ეს პრობლემა მიუთითებს იმაზე რომ ოთახში დიფსისისთვის არასაკმარისი ტენიანობაა.

საცხოვრებელი სახლი თვალადში — NS STUDIO-ს ნამუშევარი

Kaktus towers – არქიტექტურული სტუდია Bjarke Ingels Group-ის პროექტი კოპენჰაგენში