in

ბათუმის ახალი მუნიციპალური პარკი – Silk Development-ისა და MASU Planning-ის კონცეფცია

ბათუმის ურბანული განახლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს Silk Development-ისა და MASU Planning-ის თანამშრომლობა, რომლის შედეგიცაა მუნიციპალურლი პარკის პროექტი. ეს არის სივრცე, სადაც ბუნების მრავალფეროვნება, ზღვისა და მთის ატმოსფერო და თანამედროვე ქალაქის საჭიროებები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. Silk Development-ის ხედვამ და MASU Planning-ის ლანდშაფტის არქიტექტურულმა გამოცდილებამ შექმნა პროექტი, რომელიც ქალაქს ახალ იდენტობას სძენს და ადგილობრივებსა და ტურისტებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას — სივრცეს, რომელიც ერთდროულად ასახავს ბათუმის ბუნებრივ ლანდშაფტსა და ურბანულ მომავალს.

ეს ინტერვიუ გვთავაზობს უფრო ღრმა შეხედულებას იმაზე, თუ როგორ იქმნება გარემო, რომელიც გადმოსცემს ადგილობრივ იდენტობას, ამდიდრებს ურბანულ ცხოვრებას და ქმნის ახალ საზოგადოებრივ ნარატივს.

თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბათუმში მუნიციპალური პარკის პროექტის ლანდშაფტის დიზაინის მთავარი ხედვა?

მიზანი იყო, შეგვექმნა სასიამოვნო და მდიდარი ლანდშაფტი როგორც ბათუმის მაცხოვრებელთათვის, ასევე ტურისტებისთვის. პარკი ასევე სრულყოფს ბათუმის ბულვარსა და ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ზოლს. როგორც ღირსშესანიშნაობა, პარკი ქალაქის ცენტრსა და ზღვას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.

პარკის ტოპოგრაფია ბათუმის ბუნებრივ ლანდშაფტს ასახავს. შოთა რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ბორცვიანი და მწვანე კიდე ქალაქის უკან მდებარე მიხვეულ-მოხვეულ ბორცვებს აგრძელებს, პარკი კი თანდათანობით სიბრტყეს ქმნის და ზღვისკენ იშლება. ეს ამაღლება ასევე ხელს უწყობს პარკის დაცვას სატრანსპორტო ხმაურისგან, რაც ვიზიტორებისთვის უფრო სასიამოვნო გარემოს ქმნის. როგორც არსებული, ასევე ახლად დამატებული მცენარეული საფარი მთელ ტერიტორიაზე ჩრდილს და სიგრილეს  უზრუნველყოფს. სადაც ეს შესაძლებელია, არსებული ხეები თავდაპირველ ადგილასაა შენარჩუნებული ან ისევ პარკში, სხვა ადგილას არის გადატანილი.

პარკის ბორცვებზე მკვეთრი ჩაღრმავებები ქმნის ვიზუალურ დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ზღვას, ქალაქსა და ახლომდებარე განაშენიანებულ ობიექტებს, როგორიცაა „სილქ თაუერსი“ (Silk Towers). ეს ასევე განსაზღვრავს პარკში შესასვლელ ძირითად წერტილებს.

საზოგადოებრივი ოაზისის კონცეფციას ხაზს უსვამს პარკის სხვადასხვა ტიპის  სივრცეები და აქტივობების მრავალფეროვნება. მოქნილი და შთამაგონებელი დიზაინის წყალობით, სასიამოვნო მიკროკლიმატთან ერთად, ყველა ასაკის ადამიანისთვის თამაშისა და დროის გატარების შესაძლებლობები იქმნება.

გვიამბეთ „სილქ დეველოპმენტთან“ (“Silk Development”) თქვენი თანამშრომლობის შესახებ. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და თავდაპირველად როგორი იყო გიორგი რამიშვილის ხედვა პარკთან დაკავშირებით?

ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით კენგო კუმასა და მისი სტუდიის, Kengo Kuma and Associates-ის არქიტექტორებთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, როგორც დანიაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა. სწორედ მათ დაუკავშირდა “სილქ დეველოპმენტი” (“Silk Development”) საქართველოში უნიკალური გენერალური გეგმის შემუშავების მიზნით და გვკითხეს, გვსურდა თუ არა გუნდთან შეხვედრა. პირველი გაცნობის შემდეგ, ეს ადგილი ჩვენთვის ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა და მოხარულნი ვიყავით, რომ შეგვეძლო ამ ტერიტორიის განვითარებაში მიგვეღო მონაწილეობა.

გიორგი რამიშვილს ნათელი ხედვა ჰქონდა, შეექმნა სიმწვანეში ჩაფლული და რეკრეაციული დანიშნულების ბაღი ბათუმისთვის. მცენარეებისადმი მისმა გატაცებამ შთაგვაგონა, რომ ადგილობრივი ლანდშაფტის ტიპოლოგიებით გვემუშავა და სწორედ ეს ყოფილიყო მუშაობის საწყისი წერტილი და გენერალური გეგმის არეალის გამაერთიანებელი თემატიკა.

რა იყო ამ პროექტის დიზაინის მთავარი შთაგონება ან სამიზნე ორიენტირი?

პროექტი აჭარის ბუნების მრავალფეროვნებისა და სიუხვისადმი აღფრთოვანებაზეა დაფუძნებული. ეს არის ზღვის ატმოსფეროს, მთის ლანდშაფტებისა და მცენარეული საფარის მრავალფეროვნების უნიკალური ნაზავი. ბათუმის ბოტანიკური ბაღის შთაგონებით, ­აჭარის ლანდშაფტის იდეა ქალაქის ცენტრშია გადმოტანილი და მრავალფეროვან საზოგადოებრივ პროგრამასთან არის შერწყმული. ასევე, ბათუმის ბულვარი, როგორც ქალაქის საერთო სივრცე, ძალიან შთამაგონებელი იყო.

ბათუმს უნიკალური კლიმატი და სანაპირო ეკოსისტემა აქვს – როგორ იმოქმედა ამ გარემო პირობებმა თქვენს მიდგომაზე?

პროექტის საწყის წერტილად სანაპიროდან მთებამდე გადაჭიმული სივრცე იქცა. რეგიონში აღმოჩენილი ბიოტიპები მცენარეული საფარის სხვადასხვა თემატიკის შთაგონების წყარო გახდა, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ჰორიზონტალური/ვერტიკალური გრადიენტით არის განაწილებული, რაც ასახავს სანაპიროდან მთის ეკოსისტემებამდე განაშენიანების ზონების ცვლილებას.

„ურბანულ“ (დასავლეთ) მხარეს, მცენარეები უფრო უხვ, ველურ მცენარეულ საფარს ავლენს, ხოლო „ზღვის“ (აღმოსავლეთ) მხარე თანდათანობით გარდაიქმნება სანაპიროსთვის დამახასიათებელ განაშენიანებად. ამ ტერიტორიებს შორის არის ბაღით შთაგონებული ზონები უფრო ეგზოტიკური მცენარეების თემატიკით, როგორიცაა „ბოტანიკური“ ან „სტეპური“, რაც ხელს უწყობს „სილქ თაუერსის“ (“Silk Towers”) ტერიტორიისა და მუნიციპალური პარკის თემატიკის ერთმანეთთან დაკავშირებას.

მცენარეული საფარის სეზონური ცვლილებები მისასალმებელი და ხაზგასასმელია, რადგან ცვალებადი ლანდშაფტი გააუმჯობესებს ვიზიტორების გამოცდილებას. ყოველთვის არის სანახავი რაღაც ახალი და უნიკალური, რაც ხალხს სხვადასხვა სეზონზე პარკში დაბრუნებისა და მისით ტკბობისკენ უბიძგებს.

რა სახის რეკრეაციულ ან სოციალურ აქტივობებს უზრუნველყოფს სივრცე? როგორ არის დიზაინი მორგებული როგორც ადგილობრივებზე, ასევე ტურისტებზე?

პარკი მრავალფეროვან ფუნქციას ასრულებს, ზოგიერთი მათგანი უფრო დეტალიზებული, სხვები კი უფრო ინტუიციურია, ყველა ერთობლივად კი ქმნის საერთო დიზაინს. სხვადასხვა ზომის ზონებისა და სივრცეების ფართო სპექტრი ისეა შექმნილი, რომ მიმზიდველი იყოს როგორც ადამიანთა ჯგუფებისთვის, ასევე ინდივიდებისთვის, რომლებიც ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც განიტვირთებიან და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.  მიზანია, რომ ყველას შეეძლოს სათანადო ადგილის პოვნა, იქნება ეს უფრო დახურული, მწვანე ზონების მაძიებელი თუ უფრო ღია სივრცეების მოყვარული და იქნება ეს ადგილობრივი მაცხოვრებელი თუ ტურისტი.

ჩვენ არ ვასხვავებთ უფროსებსა და ბავშვებს, არამედ ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანში გავაღვივოთ თამაშის სურვილი. წყლის სათამაშო სივრცე და წყლის დიდი ელემენტები ხაზს უსვამს სილაღეს, თამაშის განწყობას წყლის მოძრაობის საშუალებით. სივრცეების ლაღი დიზაინი, მცენარეული საფარი და ზედაპირის მასალების არჩევანი ქმნის მშვიდ ატმოსფეროს.

უფრო სპეციალიზებული ობიექტების სახით, პარკი მოიცავს ორი პადელის კორტს და სპორტულ მოედანს, რომელიც სანაპირო ზოლთან, ველობილიკთან და ნავსადგომთან ახლოს განთავსდება. ამ ფუნქციური ობიექტების განლაგება უზრუნველყოფს, რომ პარკი სპორტის, დასვენებისა და გარე აქტივობების ენერგიულ ცენტრად იქცეს, ამავდროულად, ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფს მშვიდ, განტვირთვის სივრცეებს.

რა როლს თამაშობს მდგრადობა ამ პროექტისთვის შექმნილ თქვენს დიზაინში?

პროექტის მიზანია უფრო მწვანე, უფრო მდგრადი ქალაქის შექმნა, ამავდროულად, შთამაგონებელი სივრცის უზრუნველყოფა ადამიანებისთვის, რათა მათ შეძლონ შეკრება და დროის სასიამოვნოდ გატარება. მწვანე საფარის მაქსიმალურად გაზრდა და ხეების რაოდენობის მატება ხელს უწყობს ქალაქისთვის დამცავი ბარიერის შექმნას, რომელიც აგრილებს გარემოს და შთანთქავს ნალექს.  სასიამოვნო საფეხმავლო გარემო, რაც ლოგიკურ სატრანსპორტო და ფეხით მოსიარულეთა ნაკადთანაა შერწყმული, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ელემენტს მდგრადი ურბანული სივრცისთვის.

ჩვენი დიზაინის შემუშავების პროცესი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მონაცემები  ქარის, მზის სინათლის, ჩრდილის, ტემპერატურის, აორთქლებისა და ნალექის შესახებ, რათა გავიგოთ, თუ როგორ შევქმნათ კომფორტული მიკროკლიმატი მთელი წლის განმავლობაში. სოციალური კონტექსტი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიზაინში, რაც უზრუნველყოფს იმის გააზრებას, თუ როგორ გამოიყენებენ ადამიანები სივრცეს და როგორ შევქმნათ სოციალურად მდგრადი და სტაბილური გარემო.

ადგილობრივი იდენტობის ხაზგასასმელად, განსაკუთრებით ბათუმის სანაპირო ზოლთან დასაკავშირებლად, ზედაპირებისთვის მხოლოდ ადგილობრივი ქვის მასალებს ვიყენებთ, რაც თავის მხრივ, ტრანსპორტირების მანძილის მინიმუმამდე შემცირების გზით, ნახშირბადის კვალსაც ამცირებს. პარკში აქტიურად არის გამოყენებული ადგილობრივად გაზრდილი და საგულდაგულოდ შერჩეული ხეები და მცენარეები ბათუმის რეგიონიდან, რათა შემცირდეს ტრანსპორტირების მანძილი და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებასა და ბიომრავალფეროვნებას.

როგორც ცნობილია, მუნიციპალური პარკი ინტეგრირებულია „სილქ დეველოპმენტის“ (“Silk Development”) არქიტექტურულ პროექტთან, რომელიც Kengo Kuma and Associates-ის მიერ არის შექმნილი. რა გავლენა ჰქონდა „სილქ დეველოპმენტთან“ და კენგო კუმას გუნდთან თანამშრომლობას თქვენი პროექტის ევოლუციაზე?

წლების განმავლობაში ჩვენ კარგი თანამშრომლობა ჩამოვაყალიბეთ Kengo Kuma and Associates-თან. ისინი მნიშვნელოვნად აფასებენ ლანდშაფტის არქიტექტურას და ცდილობენ თავიანთ პროექტებში არქიტექტურისა და ლანდშაფტის სრულ ინტეგრაციას. “სილქ დეველოპმენტი“(„Silk Development”) არ იყო გამონაკლისი, რადგან ჩვენ, როგორც გუნდმა, გენერალური გეგმის ფაზაშივე შევიმუშავეთ ტერიტორიის განვითარების სახელმძღვანელო პრინციპები. ამ შემთხვევაში, საწყისი წერტილები განისაზღვრა ორთოგონალური შენობების მასებით და ქალაქს, ზღვასა და პარკს შორის ხედვის ღერძებით. ორგანული ლანდშაფტისა და ყველა დონესა და ზედაპირზე მდიდარი მცენარეული საფარის შერწყმით შეიქმნა საინტერესო კონტრასტი, მაგრამ ამავდროულად ერთგვარი გაგრძელებაც ქალაქსა და ბუნებას შორის კავშირისა.

რა იყო ბათუმში და ამ არქიტექტურულ კონტექსტში მუშაობის ყველაზე საინტერესო ან რთული ასპექტები?

ბათუმის პროექტმა ჩვენთვის არც ისე ნაცნობ კონტექსტში ცოდნის შეძენისა და მუშაობის საწყისი წერტილების გააზრებისკენ გვიბიძგა. ეს ასპექტი სამუშაოს ასევე ხდის ძალიან საინტერესოს და შთამაგონებელს.

არქიტექტურული თვალსაზრისით, უწყვეტ ხაზებთან და მიმართულებებთან მუშაობა, რომლებიც ემთხვევა ობიექტის ხაზებსა და ფაზებს, პროექტისთვის როგორც სირთულის, ასევე სტაბილიზაციის ფაქტორი იყო.

რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი და რა არის მისი განვითარების შემდეგი ეტაპები?

მუნიციპალური პარკი წარმოადგენს გენერალური გეგმის ტერიტორიის პირველ სივრცეს, რომელიც გაიხსნება. შემდეგი და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებია იახტკლუბი და ნავსადგომი, ხოლო “სილქ დეველოპმენტის” (“Silk Development”) პირველი შენობა დეტალური ნახაზის შემუშავების ფაზაშია. აქ ჩვენ ვმუშაობთ ქუჩის დონეზე გამწვანებული ურბანული სივრცეების შექმნაზე, რომელიც დააკავშირებს პარკსა და ქალაქის ცენტრს, ამასთან, მცენარეული საფარის პრინციპების გამოყენებით მოწინავე მნიშვნელობისაა მივიღოთ უწყვეტი ლანდშაფტის შთაბეჭდილება, რომელიც მოიცავს როგორც შენობების ფასადებს, სახურავის ზედაპირებს, ასევე ქუჩის გამწვანებას.

როგორ ასახავს ეს პროექტი MASU Planning-ის დიზაინის ფილოსოფიას ზოგადად?

ბათუმის პარკი ასახავს MASU Planning-ის ფილოსოფიას ადგილთან მჭიდრო კავშირის, ინკლუზიური დიზაინისა და ინტეგრირებული მდგრადობის გზით. პარკის ტოპოგრაფია იმეორებს ბათუმის გარშემო არსებულ ბუნებრივ ბორცვებს, ქმნის ქალაქიდან ზღვაზე უწყვეტ, შეუფერხებელ გადასვლას და ამავდროულად აყალიბებს გამორჩეულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც ადგილობრივ იდენტობაზეა დაფუძნებული.

ის გთავაზობთ როგორც აქტიურ, ასევე მშვიდ ზონებს — სივრცეებს თამაშის, დასვენებისა და რეფლექსიისთვის — რაც ასახავს ჩვენს მიზანს, შევქმნათ მასტიმულირებელი, მაგრამ ამავდროულად მშვიდი გარემო ყველა მომხმარებლისთვის. მდგრადობა ჰოლისტურად არის აღქმული, იქნება ეს არსებული ხეების შენარჩუნება თუ მიკროკლიმატის მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის ხელშეწყობა.

საერთო ჯამში, პროექტი განასახიერებს ჩვენს ძირითად ღირებულებებს: ადგილმდებარეობაზე მორგებული სპეციფიკური დიზაინი, მრავალფუნქციურობა და მდიდარი სენსორული გამოცდილება.

თქვენი აზრით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს თუ არა ბათუმში ურბანული განვითარების ახალი იდენტობის ან ლანდშაფტური ნარატივის ჩამოყალიბებას? და რა სარგებელს მოუტანს ეს ქალაქს?

პარკი ბათუმის ურბანულ ლანდშაფტს ახალ იდენტობას სძენს. ქალაქის არსებული ბრტყელი, ღია პარკებისგან განსხვავებით, ის დინამიურ ტოპოგრაფიას გვთავაზობს, რომელიც ბათუმის ბუნებრივ გარემოს იმეორებს და მრავალშრიან, უფრო მიმზიდველ გამოცდილებას ქმნის.

პარკი ასევე აძლიერებს კავშირს ძველი ქალაქის ცენტრსა და ზღვას შორის, ბათუმის ბულვარის კლასიკური პარკის დიზაინის მსგავსად. ახალი პარკი არა მხოლოდ მრავალფეროვან რეკრეაციულ შესაძლებლობებს გვთავაზობს, არამედ აძლიერებს ქალაქის იდენტობას თანამედროვე, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის შექმნით.

ბათუმისთვის ეს სარგებელია იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება საინტერესო, ცოცხალი სივრცე, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ ურთიერთობებს, პატივს სცემს და ამდიდრებს  ქალაქის ისტორიულ საფუძველს და ქმნის უფრო თანმიმდევრულ კავშირს ქალაქსა და მის სანაპირო ზოლს შორის.

ახალი პარკი მასშტაბური პროექტის Silk Towers-ის  საწყისი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტზე იაპონური არქიტექტურული კომპანია Kengo Kuma and Associates მუშაობს. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს აპარტამენტებს, უმაღლესი კლასის სასტუმროს, ღონისძიებების სივრცეებს, კომერციულ ზონებს, კაფე-რესტორნებს, იახტ კლუბსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს.

მინიმალიზმი და ექსპრესია ერთ სახლში – ნინო ნოზაძის ნამუშვარი