in

კერძო სახლი წავკისში – ნინო ნოზაძის ნამუშევარი

წავკისში, მთის ფერდობებზე განთავსებული ეს კერძო სახლი მოდერნიზმის საინტერესო მაგალითია — ადგილი, სადაც სინათლე, პროპორციები, მასალები და ტექსტურები ჰარმონიაშია და იძენს არქიტექტურულ ფორმას. დიზაინერ ნინო ნოზაძის მიერ შექმნილი ინტერიერი მისი ხელწერის გამოხატულებაა — ზედმეტობებისგან თავისუფალი, თანაბრად ზუსტი და “ადამიანური”, სადაც არქიტექტურა და ატმოსფერო ერთმანეთთან მშვიდად თანაცხოვრობს.

პირველი სართულის ღია გეგმარება ბუნებრივად იშლება ბუხრის გარშემო. აქ გვხვდება პანორამული ფანჯრები, რომლებიც ბუნების ხედს ინტერიერის განუყოფელ ნაწილად აქცევს. მუხის იატაკი სივრცეს თბილ იერს ანიჭებს, ხოლო ხისა და უჟანგავი ფოლადის მასალით შესრულებული დეტალები ხაზს უსვამს არქიტექტურულ სიზუსტეს.

დიდი სასადილო მაგიდა, რომლის თავზე მინიმალისტური სანათებია განთავსებული, სოციალიზაციის მთავარი ცენტრია. აქვე ფონის სახით გვხვდება ფერწერული ტილო, რომელიც სივრცეს ემოციურ რიტმს მატებს.

სამზარეულოში ერთმანეთთან ოსტატურად არის შერწყმული ისეთი მასალები, როგორიცაა მარმარილო, ფოლადის პრიალა ზედაპირები და ხის თბილი ტონალობა. ფუნქციურობა და ესთეტიკა აქ ერთ მთლიანობად იქცევა — ეს არის სივრცე, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, ვიზუალურადაც მიმზიდველია.

აქვეა თეთრი კიბე, რომელიც ხით მოპირკეთებულ კედელს მიუყვება ზედა სართულისკენ, სადაც განათება და ნაზი ტონალობები ქმნის მშვიდ და დაბალანსებულ ატმოსფეროს.

ყურადღებას იქცევს საძილე ზონები, სადაც საწოლის თეთრეული, მუქი ფარდები და ფანჯრის მიღმა არსებული ხედი თითქოს დიალოგშია ერთმანეთთან, რაც სიმყუდროვისა და ბუნებასთან კავშირის განცდას ბადებს. აბაზანებში კი ინტიმური და ელეგანტური გარემო იქმნება ქვისა და თბილი ბეტონის დახვეწილი კომბინაციის წყალობით.

სახლში ასევე ვხვდებით საკითავ ზონასა და სამუშაო კუთხეს, რომელიც ღია მწვანე კედლებითა და მუხის თაროებით არის წარმოდგენილი. ეს არის სივრცე, სადაც სიმშვიდე ბუნებრივ ფონს ქმნის კონცენტრაციისთვის. თითოეულ ზონაში გამოკვეთილია დიზაინის კლასიკური ელემენტები — Le Corbusier-ს სავარძელი “LC4”, Marcel Breuer-ის ფოლადის ავეჯი და სხვა დიზაინ-ობიექტები, რომლებიც ინტერიერის დიზაინს უკვდავ ხასიათს ანიჭებს.

გარე სივრცე აგრძელებს იმავე რიტმს: ქვის ბილიკები აუზისა და ტერასისკენ მიემართება, სადაც არქიტექტურა და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თითოეული დეტალი — უჟანგავი ფოლადის გარე შხაპიდან დაწყებული, მინიმალისტური გამწვანებით დასრულებული — აგრძელებს სიმარტივისა და ბალანსის იმ დიალოგს, რომელიც მთელ პროექტს განსაზღვრავს. ამ საცხოვრებელში მთავარი აქცენტი ატმოსფეროს შექმნაზე კეთდება — ეს არის სინათლის, სიჩუმისა და სიზუსტის კომპოზიცია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების წესს გარდაქმნის სიმშვიდის ხელოვნებად.

ნინო ნოზაძის ეს პროექტი არ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას — აქ ყოველ დეტალში, სინათლის მოძრაობასა და მასალების შერწყმაში იგრძნობა შინაგანი ბალანსი, რომელიც მყუდროებასა და სუფთა ესთეტიკას ქმნის.

ფოტოგრაფი: გიორგი პარკაია

IPS-ის ორგანიზებით, ქართველი დიზაინერები Atlas Concorde-ის იტალიის საწარმოს ეწვივნენ

სახლი ტბის პირას – Catalina Poblete+Guillermo Hevia García-ს პროექტი