საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქალაქებში სეირნობისას – თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა თუ ზუგდიდში – ზოგჯერ, სრულიად მოულოდნელად, ჩვენს ყურადღებას იქცევს ისეთი შენობა, რომელიც აქამდე არც კი შეგვიმჩნევია, ან რომლის არსებობა არც კი გვახსოვდა. ამის მიზეზი, ხშირად, მონუმენტური მხატვრობით გარდაქმნილი კედლები ხდება. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში იზრდება ქუჩის ხელოვნების ნიმუშები და მათთან ერთად ქალაქების კულტურული მნიშვნელობაც.
„სტრიტ-არტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული თვითგამოხატვის ფორმაა და პოპულარობას წლების მანძილზე ინარჩუნებს. ქართულ ურბანულ სივრცეებშიც იმდენად მომრავლდა მასშტაბური ნამუშევრები, რომ თამამად შეიძლება ითქვას, საქართველომ მსოფლიო „სტრიტ-არტის“ რუკაზე ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დაიკავა და ამავდროულად, ზოგიერთი ნამუშევართაგანი განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა ჩვენი ქალაქების ქუჩებისთვის.
ამ ნამუშევრების მიღმა, არტისტების გვერდით, ის ადამიანები დგანან, რომლებიც მათი იდეების განხორციელების ორგანიზებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. ასეთია ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ქალაქებში შთამბეჭდავი „მურალების“ შესაქმნელად ადგილობრივი მხატვრების ფინანსური, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსებით მხარდაჭერაა. ყოველწლიურად, მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებსა თუ კონკურსის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მასშტაბურად ფერადდება უსიცოცხლო კედლები და ისინი საჯარო ხელოვნების ნიმუშებად გადაიქცევა. „ნიკოს“ სივრცე ახალგაზრდა არტისტებისთვის სწორედ ის გარემოა, სადაც არქიტექტურა ფერწერის ტილოს ანაცვლებს და უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.
თუმცა ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, თუ როგორ ცვლის მონუმენტური მხატვრობა მოქალაქეების მიერ არქიტექტურისა და ურბანული სივრცეების აღქმას. აქამდე უსახური სივრცეები, ნაცრისფერი და ყრუ კედლები მიმზიდველობის ეპიცენტრში ექცევა და გამვლელთა მზერას აუცილებლად იჭერს. დღევანდელ ინტერვიუში „ნიკოს“ დამფუძნებელი – ალექსანდრე კვანტალიანი – გვიამბობს მოძრაობის ღირებულებებსა და იდეებზე, მიზნებსა და სურვილებზე, რომელთა დამსახურებით სივრცეს ახალი სიცოცხლის შანსი ეძლევა და ყოველდღიური რუტინიდან გამოსავალი ხდება.

სანდრო, გვიამბეთ – როდის და როგორ გაჩნდა მოძრაობა „ნიკოს“ დაფუძნების იდეა?
პროექტის იდეა ალბათ დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა, რადგან ადრეული ასაკიდან შემოქმედებით ინდუსტრიაში ვმუშაობდი და შეხება მქონდა უამრავ მხატვართან, დიზაინერთან და სხვა ვიზუალურ-შემოქმედებით მიმართულებაში დასაქმებულ პირებთან. სწორედ ეს ხალხი გახდა ამ პროექტის პირველი შთაგონებაც. ასევე, წლების განმავლობაში მოგზაურობისას, ალბათ, ყველას შეგვინიშნავს მოხატული კედლები და მეც არ ვიყავი ამ მხრივ გამონაკლისი. უბრალოდ, ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ არ ხდებოდა ასეთი რამ ჩვენთან – საქართველოში. ეს კითხვა ყველა მეგობარს დავუსვი, მათგანაც იგრძნობოდა მზაობა და ასეთ პროექტებში ჩართვის სურვილი, თუმცა დიდ მასშტაბზე ხატვის გამოცდილება თითქმის არავის ჰქონდა. ასეთი პროექტების დაფინანსებაც საკმაოდ ძვირი ჯდება და ესეც აფერხებდა ყველაფერს.
ჩემთვის ამ მომენტში გამოიკვეთა მოძრაობა “ნიკოს” ერთ-ერთი მთავარი იდეაც – იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი და მონდომებული ადამიანი არსებობს, პოტენციურად უამრავი კედლის მხატვარი ანუ ე.წ. “მურალისტი” შეიძლებოდა გვყოლოდა, თუმცა არ არსებობდა ის რგოლი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ასეთი დიდი პროექტების ორგანიზებას და ყველა დეტალის თავმოყრას.

რა იყო მთავარი მიზანი, რომელიც ამ მოძრაობის ფარგლებში დაისახეთ და რა არის თქვენი მიღწევები ამ დროის განმავლობაში?
დაახლოებით 2017 წლის დასაწყისში, ერთ-ერთ ჩემს კარგ მეგობართან ერთად დავიწყე სწორედ ამ თემაზე საუბარი და აღმოჩნდა, რომ მარტო მე არ ვიყავი ამ იდეით შეპყრობილი. ორივეს გვინდოდა ორი რამ – თბილისსა და საქართველოში გაჩენილიყო მეტი მოხატული კედელი და, რაც ყველაზე მთავარია, დავხმარებოდით ქართველ ხელოვანებს განვითარებაში.
2018 წელს მივიღეთ მონაწილეობა ჩვენს ცხოვრებაში პირველი მურალის შექმნაში. პეტრე ოცხელის სამახსოვროდ და საპატივსაცემოდ, მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე, კინოფილმის „ფრთოსანი მღებავის“ პეტრესვე ესკიზებზე დაყრდნობით, შევქმენით ნახატი. მას შემდეგ დღემდე ვითანამშრომლეთ უამრავ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა ხელოვანთან; ხელი შევუწყვეთ უამრავ ქართველს, დაუფლებოდა ამ საქმეს და შეექმნა პირველი ნამუშევრები. უკვე 230-ზე მეტი პროექტი შევქმენით საქართველოს 11 დასახლებულ პუნქტში და, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, 3 ნახატი ჩეხეთში, 12-მდე ნახატი და ინსტალაცია გერმანიაში და ერთი კედელი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მოვხატეთ. და ეს ყველაფერი ქართველი მხატვრების გვერდში დგომითა და მათი უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

თქვენი აზრით, რა როლს თამაშობს ქუჩის მონუმენტური ხელოვნება ქალაქის ურბანული და არქიტექტურული იერსახის ფორმირებაში?
გამიჭირდება, არქიტექტორის თვალით შევხედო ამ ყველაფერს, რადგან მე უფრო სტრიტ არტის მოყვარულის თვალით ვაფასებ ამ სფეროს… მონუმენტური ნახატები ქმნიან ერთგვარ “ამოვარდნას” იმ სივრციდან, სადაც იკავებენ ადგილს და სწორედ ეს ამოვარდნაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რადგან ყოველდღიურობის ჩვეულებრივ დინებას მყისიერად ცვლის და მნახველს ამ დინებიდან დროებით გამოსვლას სთავაზობს. ალისასი არ იყოს, კურდღლის სოროსავით არის, ოღონდ უშველებელი და თვალწარმტაციც.
ყველაფერთან ერთად, რასაც ყველაზე მეტად აფასებენ მხატვრები და მეც, მაინც მოტივია – მიზეზი, აზრი ან სულაც უაზრობა, აბსტრაქცია, მაგრამ ყოველთვის რეალობიდან გადახვევა.
უმეტეს შემთხვევაში ყველა ნახატის ესკიზს წინ უძღვის იდეა, ჩანაფიქრი, სათქმელი, წუხილი, ისტორია, რომელიც აუცილებლად გინდა ვინმეს ან თუნდაც ყველას გაუზიარო.

რა პრინციპით ხდება ადგილისა და შენობის შერჩევა მურალის შესასრულებლად?
პირველ რიგში, გამოსაჩენ ადგილებს ვეძებთ, სადაც ხალხი სეირნობს და საიდანაც კედელი კარგად ჩანს. რაც მთავარია, “ყრუ” კედლებს ვეძებთ – რაც შეიძლება დიდს და ფეხით მოსიარულეთათვის კარგად ხილვადს, რადგან მანქანიდან არავის სცხელა კედლების თვალიერებისთვის.
ქუჩის ხელოვნება ხშირად წინააღმდეგობის იარაღად გამოიყენება და მას სოციალური ნორმებით „ვანდალიზმს“ უწოდებენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მურალი არქიტექტურული ნაგებობების ახალი სიცოცხლის საშუალებაა. როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი ქუჩის მხატვრობას, როგორც ვანდალიზმსა და როგორც კულტურული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტს შორის?
ქუჩის ხელოვნებას უამრავი ნაირსახეობა აქვს და, ალბათ, გრაფიტია ყველზე ცოცხალი და თავისუფალი. მურალიზმი მაინც უფრო შებოჭილია თავისი აზრით, რადგან ლეგალურად უნდა ხატო, ბევრი დრო სჭირდება და სწრაფად ვერ “მიაჯღაბნი”. უნდა შეუთანხმდე მეპატრონეს, მერე ქალაქს, შემდეგ კი დახატო. უამრავი დრო და ენერგია მიდის და ყოველთვის გინდა ამ ერთი კედლით უფრო მეტი რამ ითქვას.
არ დაგვავიწყდეს, რომ გავიზარდეთ ქალაქებში, სადაც უხვად იყო ქუჩის ხელოვნება, ოღონდ სხვა სახის – პროპაგანდა პარტიაზე, მშრომელებზე, ინდუსტრიაზე, გეგმიურ სოფლის მეურნეობაზე… ლამაზი და ამაყი ტყუილები გვიყურებდნენ კედლებიდან, მოზაიკებიდან, ქანდაკებებიდან…
სამწუხაროდ, ყოფილი სსრკ-ს პრაქტიკა ისევ ბრუნდება, სადაც მხოლოდ სილამაზეა და მეტი არაფერი, ეთნო-მოტივებით გავსებული სიცარიელე. კედლის მხატვრობამ მალე პროპაგანდისტული მედიის როლიც შეიძლება იტვირთოს. უსახელო მხატვრის მიერ დახატული „ლამაზი არაფერი“ – საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა დსთ-ს ქვეყნებში. ნახატს არც შემსრულებლის სახელი აწერია და ვერც იმას გაიგებ, რატომ ხატია ყვავილებიანი გოგო კონკრეტული უბნის კონკრეტულ ადგილას. ან რატომ ხატავს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ მოტივებს, რომელსაც არც კი იცნობს, უბრალოდ დაავალეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მონუმენტური მხატვრობის დანერგვა ქალაქებში და როგორ შეცვალა მოძრაობა „ნიკოს“ მოღვაწეობამ თბილისის უბნების განწყობა?
ამ კითხვაზე შევეცდები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გიპასუხოთ. როდესაც მთავრდება ნახატი, ჩვენ მივდივართ და იქ უკვე ხალხი რჩება მაყურებლად და მსაჯულად. ერთი ასეთი უბანი, რაზეც შემიძლია სიამაყით გითხრათ, არის ვარკეთილი, სადაც 16 უზარმაზარი ნახატი დავტოვეთ ჩვენ. ასე კონცენტრირებულად ერთ უბანში სხვაგან არ გვიხატია. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ადგილები ჩნდება – ახალი თავშეყრის ადგილები, მათი ახალი დასახელებებით – “გოგოს ნახატთან მოდი” ან “მაიმუნთან შევხვდეთ”. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის ხალხია, ვინც ხატავს და ის, თუ რატომ ხატავენ ამ ყველაფერს.
მურალი მონუმენტური ხელოვნებაა და თანაც – საჯარო. როგორია საზოგადოების რეაქცია თქვენს ნამუშევრებზე? რამდენად ცვლის კედლის მხატვრობა ადამიანების მიერ არქიტექტურის აღქმას?
ხატვას რომ ვიწყებთ, ბევრი ბრაზდება, ვერ ეგუებიან ცვლილებებს. არ სურთ, რომ რაიმე შეიცვალოს. საბოლოო ჯამში, დასრულებისას მოდიან და მადლობასაც გვეუბნებიან ხოლმე, თუმცა მანამდე, მთელი პროცესის განმავლობაში, მიდის ჩხუბი და დავიდარაბა. რაც შეეხება არქიტექტურის აღქმას, არ ვიცი როგორ ცვლის მას მურალი, ეს მეც მაინტერესებს…
მე ასე მგონია, რომ უმეტესწილად, იქ, სადაც ვცხოვრობთ, იმდენად ვეგუებით გარემოს, რომ ვეღარ ვხედავთ დეტალებს – ფონში იკარგება. მერე, როდესაც ბრტყელ კედელს შეცვლი და იქ უკვე ნახატი ჩნდება, ხალხი ამჩნევს, რომ თურმე შენობა ყოფილა, კედელი ჰქონია და ახლა იქ რაღაც ხატია.

რომელია თქვენი ფავორიტი მონუმენტური მხატვრობა, რომელმაც დადებითად გარდაქმნა შენობაც და მისი გარემოც?
ძალიან რთულია რომელიმეს გამორჩევა. ბუნებრივია, სხვის ნაშრომებს არ შევეხები და ჩვენი შექმნილებიდან დავასახელებ ჩემს ფავორიტებს (თანმიმდევრობის გარეშე):
- დანტეს მიერ კალათბურთის მოედანზე შესრულებული ანტილოპა, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში – დღესაც დიდებული სანახავია, მიუხედავად მტვრისა და ჭუჭყისა, მაინც საოცრად ცვლის გარემოს;
- მატიას მროსის მიერ რუსთავში დახატული მამალი – ერთ-ერთი იშვიათი ნახატია, რომელიც არალეგალურად დაიხატა. იმდროინდელ მერს ეს გამოსახულება არ უნდოდა კედელზე, თუმცა მაინც დავუხატეთ და მოეწონა;
- მუსიას “ბეტონის ტეტრისი” თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე – გაჭედილია “ბეტონის ტყეში” და სწორედ ამავე ისტორიას ყვება.
- გოგი ქაცარავას ყველაზე ალალი მოედანი – “ჩამო რა!”, დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე;
- თამუნზის მორაგბე გოგონა – ძალიან მომწონს და მიყვარს ასეთი პროექტები, სადაც ყველაფერი იდეალურად გამოდის;
- მაშოლენდის (მებადურის) პირველი კედელი პეტრიაშვილზე, ჩემს სკოლასთან, რომელთანაც მოგონებები მაკავშირებს და იმ ადგილის თემატურია, სადაც 7 წელი ვისწავლე;
- „დკდ ხიდი“ გლდანში, დავით სამხარაძის შესრულებით – ალბათ ყველაზე ლეგენდარულ შენობაზე საოცრად ჩასმული ბუ;

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ – როგორ შეუძლია მოძრაობა “ნიკოს” კიდევ უფრო გააცოცხლოს საქართველოს ურბანული სივრცეები?
უამრავი გეგმა და მიზანი გვაქვს სამომავლოდ, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ამ ყველაფერს ერთიორად ართულებს. ყველანი ადამიანები ვართ, ხელოვანი ხალხი კი განსაკუთრებით გამოირჩევა ემპათიით და ახლა, რაც ჩვენ თავს ხდება, ყოველ ნაბიჯზე ხელს უშლის რაიმე სიახლისა და კარგის შექმნას. წლები ვიბრძოდით, რომ უცხოეთში გაგვეყვანა ჩვენი მხატვრები პროექტებით და ავასრულეთ კიდეც რამდენიმე ასეთი გეგმა. თუმცა ახლა ყველაფერს გვირთულებენ, ცდილობენ, განვითარებულ სამყაროს მოგვწყვიტონ და დაგვაშორონ კულტურის იქაურ კერებს.
ჩვენი გეგმა სულ სურვილებით იწყება და სურვილიც ეგ არის – შევქმნათ სივრცეები და ადგილები, სადაც ქართველ და უცხოელ ხელოვანებს შეეძლებათ კოლაბორაციული პროექტების კეთება ჩვენთან და უცხოეთში.





