არქიტექტურა მხოლოდ ფორმის შექმნა არ არის – ის გადაწყვეტილებების ჯაჭვია, რომელიც კონკრეტულ ადგილს, ადამიანებს, ყოველდღიურ საჭიროებებსა და მომავალს უკავშირდება. კარგი არქიტექტურული პროექტი სწორედ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა ეს ფაქტორები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის და შენობა მხოლოდ ვიზუალურ ობიექტად არ რჩება. ამ პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კონცეფცია და კრეატიული ხედვა, ისე ტექნიკური სიზუსტე, ფუნქციური ლოგიკა და იმ გარემოს გააზრება, რომელშიც პროექტი უნდა არსებობდეს.
დღეს, როცა არქიტექტურული ტენდენციები სწრაფად იცვლება და ვიზუალური სტანდარტები ერთმანეთის მსგავს სივრცეებს სულ უფრო ხშირად ქმნის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი მიდგომის ჩამოყალიბება. თუმცა ინდივიდუალური ხელწერა ყოველთვის კონკრეტულ სტილს არ გულისხმობს. ის შეიძლება გამოიხატოს აზროვნების მეთოდში – იმაში, თუ როგორ კითხულობს არქიტექტორი კონტექსტს, როგორ განსაზღვრავს პრობლემას, როგორ არჩევს პრიორიტეტებს და რამდენად ახერხებს ერთი პროექტის საჭიროებების უნივერსალური ფორმულების გარეშე გააზრებას.
სწორედ ამ იდეების გარშემო ფორმირდება არქიტექტორ თამარ ბენაშვილის პროფესიული გამოცდილებაც, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებული სამუშაო კულტურისა და არქიტექტურული პრაქტიკის გარემოში ჩამოყალიბდა. მის გამოცდილებაში ერთმანეთს ხვდება კვლევაზე დაფუძნებული მიდგომა, ტექნიკური ცოდნა, კონცეპტუალური მუშაობა და ადგილობრივ რეალობასთან ადაპტირების აუცილებლობა. სწორედ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მისცა მას შესაძლებლობა, არქიტექტურა არა მხოლოდ შენობის ფორმად, არამედ პროცესად აღექვა – სადაც გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს დაკვირვება, კვლევა და კონკრეტული კონტექსტის გააზრება.
ინტერვიუში თამარ ბენაშვილი საუბრობს პროფესიულ გზაზე, სხვადასხვა საერთაშორისო სტუდიაში მიღებულ გამოცდილებასა და იმ განსხვავებებზე, რომლებიც ქართულ და საერთაშორისო არქიტექტურულ პრაქტიკებს შორის დაინახა. ასევე ჩვენი რესპონდენტი გვიყვება არქიტექტორის როლზე ქალაქის განვითარებაში, ადგილობრივი კულტურისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რატომ შეიძლება გახდეს სწორედ კონტექსტის გააზრება თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი.

თამარ, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი არქიტექტურის მიმართ – რა იყო ის საწყისი იმპულსი, რომელმაც ამ სფეროში მოგიყვანათ?
მრავალი არქიტექტორისგან განსხვავებით, ჩემთვის ბავშობიდან არ ყოფილა ცხადი, რომ არქიტექტორი გამოვიდოდი. მქონდა ძალიან ბევრი ინტერესი და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა სფეროებშიც ისეთივე ვიქნებოდი, როგორც არქიტექტურაში. მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ პატარაობიდან, მამაჩემის სამსახურიდან გამომდინარე, მიწევდა ნახაზებთან და მშენებლობასთან შეხება.
როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, არქიტექტურა იყო ყველაზე ლოგიკური მიმართულება ამის გამო. მაგ პერიოდში ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო ეკონომიკა, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები. თუმცა, მე მინდოდა, ჩემი პროფესია ყოფილიყო დაკავშირებული რამე ხელშესახებთან, ისეთთან, რის ეფექტსაც თვალნათლივ, პირდაპირ დავინახავდი. ასეთად მიმაჩნდა არქიტექტურა და სამედიცინო სფერო.
როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა – რა გამოცდილებებმა და გარემოებებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს ჩამოყალიბებაზე როგორც არქიტექტორზე?
ტექნიკურ უნივერსიტეტეში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ერთი წელი ვმუშაობდი “ურბანიკაში”, ძირითადად განაშენიანების რეგულირების გეგმებზე.
2015-ში მოვიპოვე სრული დაფინანსება განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ და წავედი როტერდამში, ერასმუსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – ურბანული მენეჯმენტის და განვითარების სპეციალობით.
საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო, თუმცა ძალიან ინტენსიური – კრედიტების რაოდენობა, რასაც სხვა უნივერსიტეტები ორწელზე ანაწილებენ, აქ ერთ წელზე იყო გათვლილი. პროგრამის ძირითადი მიმართულება იყო აკადემიური კვლევა და ლექტორები, გარდა აკადემიური მოღვაწეობისა, აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ქალაქის მმართველობის მიერ დაკვეთილ ურბანულ კვლევებში.
პროგრამის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ აკადემიური კვლევა იმდენად საინტერესოც არ იყო, რომ მთელი ცხოვრება ეს მეკეთებინა, და არქიტექტურულ სტუდიაში სამუშაოდ ეინდჰოვენში გადავედი.
შემდეგი სამუშაო გამოცდილება იყო Proof of the Sum ამსტერდამში, სადაც ვიმუშავე ანთვერპენში BlueApp-ის ერთ-ერთი ლაბორატორიის შენობის საკონკურსო პროექტზე. გარდა ამისა, ვმუშაობდი დემენციით დაავადებულ მოხუცთა სახლის ტიპოლოგიურ კვლევაზე.
ამსტერდამიდან თბილისში დავუბრუნდი და შემდეგი გამოცდილება DMARK-ს უკავშირდება. საოცრად კარგი გუნდი, მეგობრული, ჯანსაღი გარემო და საინტერესო სამუშაო პროცესი იყო. გამოვარჩევდი სანდრო კაციტაძესთან (რომელსაც ჩემს მენტორად ვთვლიდი) ერთად გაკეთებულ იმ მცირე პროექტებს, რომლებზე მუშაობაც დიზაინ კონცეფციის განვითარების ეტაპზე მომიწია. შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტის მერე არ მქონია ამდენი შემოქმედებითი თავისუფლება და დრო, რომ ბევრი ვერსია მეკეთებინა და ეს სამუშაო გამოცდილება დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად რჩება.
2019 წელს თბილისიდან პრაღაში წავედი, პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. მიუხედავად დატვირთული სასწავლო გრაფიკისა, პარალელურად მუდმივად ვმუშაობდი.
პრაღაში რამდენიმე საინტერესო სტუდია “მოვიარე”: Andrle Architekti – მცირე სტუდია საკმაოდ “ოჯახური” გარემოთი, რაც გარდა მეგობრული და არაფორმალური დამოკიდებულებისა თანამშრომლებს შორის, ასევე გულისხმობდა ძალიან ხშირად ღამის 12-მდე ოფისში ყოფნასაც.
ზოგადად, ბევრი არქიტექტორი არანორმალურ სამუშაო საათებს პროფესიის განუყოფელ, სრულიად ნორმალურ ნაწილად თვლის. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები არასწორი დაგეგმვისა და დროის ცუდი მენეჯმენტის გამოხატულება უფროა – როგორც თვითონ არქიტექტორის, ისე სტუდიის მხრიდან – ვიდრე პროფესიისადმი ერთგულების. არასწორად მიმაჩნია არარეალისტური მოთხოვნების შესრულების საკუთარ თავზე აღება და ამით არასწორი მოლოდინების შექმნა, რომელთა შესრულებაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, არამხოლოდ პირადად ჩვენთვისაა მავნე, არამედ ზოგადად, პროფესიის წარმომადგენლებისათვის და მათ შორის, მომავალი თაობისთვის. უნდა შეგვეძლოს “არას” თქმა. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ იქნება ჩვენი მუდმივი, გრძელვადიანად შენარჩუნებადი მუშაობის ტემპი. ამის გაუაზრებლობით მივიღებთ მხოლოდ შერყეულ ჯანმრთელობას და იმას, რომ სტუდიას ექნება ჩვეულებრივი თანამშრომლებისგან პარტნიორის დონის თავდადების მოლოდინი, რაც არასწორია.
შემდეგი სამუშაო გამოცდილება იყო Schindler Seko Architects-ი – საშუალო ზომის სტუდია (დაახლოებით 20 თანამშრომელი), სადაც ძირითადად ვმუშაობდი დახურულ კონკურსებზე. დახურული კონკურსი გულისხმობს იმას, რომ დეველოპერი იწვევს მის მიერ შერჩეულ სტუდიებს კონკურსში და ეს მონაწილეობაც ანაზღაურებადია. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა და იმის გარანტიაა, რომ შრომა ფასდება, მიუხედავად იმისა, გავა პროექტი პირველ ადგილზე თუ არა.
Schindler Seko Architect-ში მუშაობისას გამოვყოფდი Schiffswerft Dresden-ის რევიტალიზაციის პროექტს. დრეზდენის გემთსაშენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ტერიტორიაა ქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, მთავარი მისია იყო ადგილისთვის ახალი ფუნქციის (ქოვორქინგი და ოფისები) შეძენა და ისტორიული ღირებულების შენარჩუნება. ეს პროექტი იმითაცა არის მნიშვნელოვანი, რომ თვითონ კონცეფციის განვითარებაში მივიღე მონაწილეობა იან შინდლერთან ერთად.
შემდეგი სამუშაო გამოცდილება იყო MS Architekti. ამ შემთხვევაში კაპიტალიზაცია გავაკეთე ტექნიკურ უნარებზე: ვმუშაობდი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების (Silurska Residence) BIM მოდელის განვითარებასა და დოკუმენტაციაზე. თავისთავად, საკმაოდ ბევრს სწავლობ და ძალიან საინტერესოა პროექტის ტექნიკური მხარე, თუმცა სულ გაქვს იმის განცდა, რომ შენი, როგორც არქიტექტორის შემოქმედებითი და კონცეპტუალური დიზაინის უნარები ვერ ვითარდება და “ჩლუნგდება”.
მსგავსი შეგრძნება მქონდა პრაღიდან თბილისში დაბრუნების შემდეგაც, MUA-ში ბათუმის კუნძულზე მაღლივი შენობის პროექტზე მუშაობისას. ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ პროექტის ტექნიკურ მხარეზე მუშაობით, თუმცა, სასიცოცხლოდ გჭირდება ცოტა კრეატიულობაც…. შეგიძლია ეს კრეატიულობა სამსახურს გარეთ პროექტებში იპოვო, თუმცა, ძალიან ხშირად, სრულ განაკვეთზე მუშაობა არ გიტოვებს არანაირ მენტალურ რესურსს დამატებით კიდევ პროექტებზე სამუშაოდ.
სწორედ ამიტომ, 2026 წლის მარტში მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად მემუშავა. უკვე აღებული მქონდა რამდენიმე პროექტი და ეს “ნახტომი” სრულებითაც არ ჩანდა ფინანსურად არარეალისტური.
ამჟამად ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას, რაც ძალიან მომწონს. საკუთარი დროის მფლობელობა და თავისუფლება ჩემთვის #1 პრიორიტეტია. ასევე, ძალიან მიხარია, რომ შემიძლია იმ პროექტებზე უარის თქმა, რომლებზე მუშაობაც უბრალოდ არ მინდა.
ხოლო ის ტექნიკური უნარები, რაც სტუდიებში მუშაობისას შევიძინე, ძალიან მეხმარება თუნდაც კონცეფციის ეტაპზე მუშაობისას.
როგორც აღნიშნეთ, თქვენი კარიერა მოიცავს მუშაობას სხვადასხვა საერთაშორისო სტუდიებში – როგორ იმოქმედა ამ გამოცდილებამ თქვენს ხედვასა და არქიტექტურულ ხელწერაზე?
სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებული პროფილის სტუდიებში მუშაობამ, პირველ რიგში, მასწავლა, რომ არქიტექტურაში არ არსებობს ერთი უნივერსალური „სწორი“ მიდგომა. ყველა პროექტი დამოკიდებულია კონტექსტზე: ადგილობრივ კულტურაზე, რეგულაციებზე, სამშენებლო პრაქტიკაზე, დამკვეთის საჭიროებებსა და სტუდიის მუშაობის მეთოდზე.
ნიდერლანდებში უფრო მეტად ვიგრძენი კვლევაზე, კონცეფციასა და არქიტექტურის სოციალურ მნიშვნელობაზე ორიენტირებული მიდგომა. პრაღაში მუშაობამ კი ტექნიკური სიზუსტე, დეტალების მიმართ ყურადღება და რთული პროექტების სისტემურად მართვა მასწავლა.
საქართველოში მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილობა და რეალურ, ხშირად ცვალებად პირობებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
ვფიქრობ, ჩემი ხედვა სწორედ ამ გამოცდილებების ერთობლიობამ ჩამოაყალიბა.
რაც შეეხება არქიტექტურულ ხელწერას, არ მგონია, რომ ის აუცილებლად ერთი კონკრეტული ვიზუალური სტილით უნდა გამოიხატებოდეს.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია აზროვნების მეთოდი: პროექტის არსის სწორად განსაზღვრა, სივრცის ფუნქციურად გამართვა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მხოლოდ ვიზუალურად ეფექტური კი არა, ლოგიკური და სიცოცხლისუნარიანიცაა.
ასევე, უნდა იაზრებდე, რომ ყველა ადამიანი ერთი საზომით არ სარგებლობს. ზოგისთვის პრიორიტეტი ფინანსური მხარეა, ზოგისთვის – ღირსეული მემკვიდრეობის დატოვება, ზოგისთვის – სტატუსის ამაღლება, ზოგისთვის – დროის და ენერგიის დაზოგვა. უნდა ეცადო, რომ დამკვეთს თავის ენაზე ესაუბრო და შენი იდეებიც უფრო რეზონანსული გახდება.
საერთაშორისო გამოცდილებამ სამუშაო კულტურაზეც მკაფიო შეხედულება შემიქმნა. დავინახე როგორც ჯანსაღად ორგანიზებული პროცესები, სადაც თანამშრომლის დრო და შრომა ფასდება, ისე გარემო, სადაც გადაჭარბებული სამუშაო საათები პროფესიისადმი ერთგულებად აღიქმება. ამან დამაფიქრა არა მხოლოდ იმაზე, როგორი არქიტექტურის შექმნა მინდა, არამედ იმაზეც, როგორი სამუშაო პროცესის ნაწილი მსურს, ვიყო და მომავალში თავად როგორი პრაქტიკის ჩამოყალიბება მინდა.

რა გახდა თქვენი საქართველოში დაბრუნების მთავარი მოტივაცია და დამოუკიდებელ არქიტექტორად მუშაობის დაწყება – რა გამოწვევებს შეხვდით ამ გადაწყვეტილების შემდეგ?
საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. თავდაპირველად ეს უფრო გარემოებებით განპირობებული გადაწყვეტილება იყო, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი დაბრუნება. თუმცა, შემდეგ ისე კარგად აეწყო ყველაფერი, რომ წასვლის სურვილი აღარ გამჩენია, ჯერჯერობით მაინც. აქ უფრო ძლიერი მხარდაჭერის სისტემა მაქვს, ადამიანებთან ურთიერთობაც უფრო მარტივია და ყოველდღიური ცხოვრებაც ჩემთვის ბუნებრივად იგრძნობა.
დამოუკიდებლად მუშაობის გადაწყვეტილება კი მოგვიანებით მივიღე. ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევა არასტაბილურობაა. დაქირავებით მუშაობისას იცი, რომ თვის ბოლოს ფიქსირებულ ანაზღაურებას მიიღებ, დამოუკიდებლად მუშაობისას კი შეიძლება ერთ პერიოდში რამდენიმე პროექტი გქონდეს, შემდეგ კი შედარებით მშვიდი ეტაპი დადგეს. ამიტომ მხოლოდ კარგ არქიტექტორად ყოფნა აღარ არის საკმარისი. პარალელურად უნდა იზრუნო დამკვეთების მოძიებაზე, კომუნიკაციაზე, ხელშეკრულებებზე, ფინანსებზე, ვადებსა და საკუთარი საქმიანობის წარმოჩენაზეც.
ასევე, რთულია იმის განსაზღვრა, სად მთავრდება მოქნილობა და სად იწყება საკუთარი საზღვრების დათმობა. ზოგჯერ დამკვეთს დამატებითი ცვლილებები სურს, პროექტის მასშტაბი პროცესში იზრდება ან შეთანხმებული პირობები იცვლება. ასეთ დროს სწავლობ, რომ ყველაფრის თავიდანვე მკაფიოდ შეთანხმება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროექტის კარგად გაკეთება.
ჩემი ხელშეკრულების შაბლონიც ყოველი პროექტის მერე იხვეწება და ემატება პუნქტები. მაგალითად, ბოლო პროექტის შემდეგ დავამატე, რომ ChatGPT-ის მიერ მოწერილი შენიშვნები და კომენტარები არ მიიღება. ასევე, გაწერილი მაქვს რამდენ რევიზიის რაუნდს მოიცავს გადახდილი თანხა, რა ითვლება რევიზიად და რა – ახალ კონცეფციად.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სიცხადე თავიდანვე. დამკვეთმა უნდა იცოდეს, რას იხდის და რას იღებს სანაცვლოდ. სიცხადე არის იმის გარანტია, რომ პრეოქტის დასრულებისას არ გვქონდეს გულში ჩარჩენილი წყენა არც ერთ მხარეს.
მაქსიმალურად ვცდილობ, შეთანხმებული საზღვრები არ დავარღვიო.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, დამოუკიდებლად მუშაობა ძალიან მომწონს. განსაკუთრებით ის, რომ შემიძლია თავად გადავწყვიტო, რომელ პროექტზე ვიმუშაო, როგორ დავგეგმო დღე და რაზე ვთქვა უარი. პასუხისმგებლობაც მთლიანად ჩემზეა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თავისუფლება ჩემთვის ამ პასუხისმგებლობად ნამდვილად ღირს.
როგორ დაახასიათებდით თქვენს არქიტექტურულ მიდგომას – რა პრინციპებს ეყრდნობით პროექტირების პროცესში?
ჩემი არქიტექტურული მიდგომა, პირველ რიგში, პრობლემის სწორად გააზრებას ეყრდნობა. სანამ კონკრეტულ ფორმებსა და ვიზუალურ გადაწყვეტებზე დავიწყებ ფიქრს, ვცდილობ გავიგო, ვინ გამოიყენებს ამ სივრცეს, როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება, რა სჭირდება რეალურად და რა შეზღუდვები აქვს პროექტს (იქნება ეს ბიუჯეტი, ნაკვეთის თავისებურებები, რეგულაციები თუ მშენებლობის შესაძლებლობები).
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად საინტერესო, არამედ, პირველ რიგში, ფუნქციური, ლოგიკური და რეალისტურად განხორციელებადი. ზოგჯერ ძალიან ეფექტური იდეა ნახაზზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ადამიანის ყოველდღიურობას ართულებს ან მის ბიუჯეტს არ შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არქიტექტურამ თავისი მთავარი დანიშნულება ვერ შეასრულა.
პროექტირებისას რამდენიმე პრინციპი ჩემთვის დათმობას არ ექვემდებარება: სივრცის სწორად ორგანიზება, ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენება, გარემოსა და კონტექსტის გათვალისწინება და რესურსების გონივრულად განაწილება. არ ვფიქრობ, რომ კარგი არქიტექტურა აუცილებლად ძვირი, რთული ან ზედმეტად თვალშისაცემი უნდა იყოს. ხშირად ყველაზე კარგი გადაწყვეტა ისაა, რომელიც მარტივად და ბუნებრივად მუშაობს.
თუმცა, მარტივი არ ნიშნავს ადვილს.
ამ პროცესში დამკვეთთან კომუნიკაციასაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც უშუალოდ დიზაინს. ვცდილობ, მხოლოდ დავალება კი არ შევასრულო, არამედ გავარკვიო, რა დგას კონკრეტული სურვილის უკან. ზოგჯერ დამკვეთის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტა შეიძლება საუკეთესო არ იყოს, მაგრამ საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებასაც ის ცდილობს, სრულიად ლოგიკურია. ჩემი როლია, ეს საჭიროება სწორად გავიგო და უკეთესი ალტერნატივა შევთავაზო.
საბოლოოდ, ჩემი მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც დამკვეთის ცხოვრებას ერგება, საკუთარ კონტექსტში ბუნებრივად ზის და რამდენიმე წლის შემდეგაც ისეთივე გამართლებული იქნება, როგორც პროექტის დასრულების დღეს.
როგორია თქვენი სამუშაო პროცესი – როგორ გადადის იდეა კვლევიდან და კონცეფციიდან საბოლოო არქიტექტურულ გადაწყვეტამდე?
დასაწყისისთვის მთავარი ამოცანაა არსებული ვითარების კვლევა და დამკვეთის საჭიროებების სწორად გააზრება. ვსწავლობ ნაკვეთს, გარემოს, რეგულაციებს, კლიმატურ პირობებსა და პროექტის ტექნიკურ თუ ფინანსურ შეზღუდვებს. ამავდროულად, ვცდილობ გავიგო არა მხოლოდ ის, რას ითხოვს დამკვეთი, არამედ რატომ სურს ეს. ხშირად სწორედ ამ „რატომში“ იმალება რეალური საჭიროება.
ძალიან ხშირად არასწორად ვაფასებთ, რამდენად კარგად ავუხსენით სხვა ადამიანს ჩვენი აზრი. როცა იდეა ჩვენს გონებაში უკვე სრულად არის ჩამოყალიბებული, გვგონია, რომ მეორე ადამიანიც იმავეს ხედავს, თუმცა მას მხოლოდ ჩვენი სიტყვები, ნახაზები და ვიზუალიზაციები აქვს.
ამიტომ, ჩემი აზრით, მხოლოდ პროექტის წარდგენა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, გადავამოწმო, მართლაც ერთნაირად გავიგეთ თუ არა ნათქვამი. ვცდილობ, პროფესიული ტერმინები გასაგებ ენაზე ვთარგმნო, გადაწყვეტილებების მიზეზები ავხსნა და დამკვეთს კითხვების დასმისა და აზრის გამოხატვისთვის საკმარისი სივრცე დავუტოვო.
კვლევის შემდეგ ყალიბდება პროექტის ძირითადი კონცეფცია: სივრცეების ურთიერთკავშირი, შენობის განთავსება, მოძრაობის ლოგიკა, ბუნებრივი განათება და კავშირი გარემოსთან. ამ ეტაპზე, როგორც წესი, რამდენიმე შესაძლო მიმართულებას განვიხილავ და ვამოწმებ, რომელი პასუხობს ყველაზე უკეთ პროექტის მთავარ ამოცანებს.
შემდეგ კონცეფცია თანდათან ზუსტდება დამკვეთთან უკუკავშირის საფუძველზე. თუ რომელიმე გადაწყვეტა არ მოსწონს, ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, კონკრეტულად რა იწვევს ამ რეაქციას. ზოგჯერ პრობლემა თავად იდეა კი არა, მისი წარმოდგენის ფორმაა; ზოგჯერ კი უკმაყოფილების უკან ისეთი პრაქტიკული საჭიროება დგას, რომელიც თავიდან მკაფიოდ არ გამოჩენილა.
შერჩეული მიმართულება შემდეგ გადადის უფრო დეტალურ დამუშავებაში: ზუსტდება გეგმები, მოცულობა, ფასადები, მასალები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. თითოეული ეტაპი წინას ამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში პროექტი ისევ უკან ბრუნდება. ამიტომ პროცესი ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის. კვლევა, დიზაინი, უკუკავშირი და გადამოწმება ერთმანეთთან მუდმივად არის დაკავშირებული.
საბოლოო არქიტექტურული გადაწყვეტა ჩემთვის ისაა, სადაც თავდაპირველი იდეა, დამკვეთის რეალური საჭიროებები და პროექტის პრაქტიკული შესაძლებლობები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.
რა არის თქვენი შთაგონების მთავარი წყარო და როგორ აქცევთ ინსპირაციას თქვენს პირად იდეად?
კარიერის დასაწყისში ჩემი შთაგონების წყარო ხშირად სხვა არქიტექტორების ნამუშევრები იყო. თუმცა, რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ თუ ყველა არქიტექტორის ინსპირაცია Pinterest-ის ალგორითმზეა დაფუძნებული, ცოტა ხანში მივიღებთ (ან შეიძლება უკვე მივიღეთ კიდეც) ქალაქებსა და სივრცეებს, რომლებიც ერთმანეთს სულ უფრო მეტად ჰგავს.
ალბათ სწორედ ასე მივედით ხასიათით სავსე იტალიური ესპრესოს ბარებიდან, ტყავის სავარძლებითა და ხალიჩებით, coffee shop-ებამდე, რომლებიც თითქმის ყველა ქალაქში ერთნაირია და ზოგჯერ უფრო სტერილურ ლაბორატორიას ჰგავს, ვიდრე ადგილს, სადაც დროის გატარება მოგინდება.
ამიტომ, ბოლო დროს, ჩემთვის უფრო საინტერესო შთაგონების წყარო ადგილობრივი არქიტექტურა, ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობაა. ეს შეიძლება იყოს ტრადიციული მასალა, ნაქარგის ორნამენტი, ქართული ანბანის მოხაზულობა, ქვაში ამოკვეთილი სიმბოლო, ფრესკის ფერთა შეხამება ან ძველი შენობის ერთი პატარა დეტალი.
ამ მხრივ გამოვყოფდი 2026 წლის მაისში ჩემს ვიზიტს ტაო-კლარჯეთში, რამაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა საშუალება, ნანახი შთაგონების წყაროდ გამოვიყენო პროექტში.
მთავარია, ეს ელემენტები პირდაპირ, ერთი-ერთში არ იყოს გადატანილი. ვცდილობ, გავიგო, კონკრეტულად რა მიზიდავს პირველწყაროში: ფორმა, რიტმი, პროპორცია, ფერი, ტექსტურა თუ მასალების შეხამება და შემდეგ ეს თვისება სხვა მასშტაბში, ფუნქციასა და კონტექსტში გარდავქმნა. ჩემთვის სწორედ ამ პროცესში იქცევა შთაგონება პირად იდეად: პირველწყაროსთან კავშირი რჩება, მაგრამ საბოლოო შედეგი მისი ასლი აღარ არის.
როგორ შეადარებდით არქიტექტურულ პრაქტიკას საქართველოში და საერთაშორისო გარემოში – რა განსხვავებებს და პოტენციალს ხედავთ?
ჩემი გამოცდილებით, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პროცესების პროგნოზირებადობაა. საერთაშორისო პრაქტიკაში პროექტის ეტაპები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხშირად უფრო მკაფიოდ არის განსაზღვრული. საქართველოში კი გარემო უფრო ცვალებადია და არქიტექტორს ხშირად პროცესში წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ პირობებთან სწრაფად ადაპტირება უწევს.
განსხვავებულია არქიტექტორის როლის აღქმაც. საერთაშორისო გარემოში არქიტექტორი უფრო ხშირად აღიქმება პროფესიონალ მრჩევლად, რომლის რეკომენდაციასაც კონკრეტული ცოდნა და გამოცდილება უდგას უკან. საქართველოში კი ზოგჯერ მისგან დამკვეთის სურვილების პირდაპირ შესრულებას ელიან.
ეს ხშირად განპირობებულია იმით, რომ არქიტექტორის წოდების მისაღებად საზღვარგარეთ მხოლოდ საკუთარი ინიციატივა და სურვილი საკმარისი არ არის. ეს წოდება არის ლეგალურად მკაცრად კონტროლირებადი. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, მივიღე Ing.Arch (ინჟინერ არქიტექტორის) წოდება, თუმცა მხოლოდ პროფესიული საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მექნებოდა ჩეხეთში დამოუკიდებელ არქიტექტორად მუშაობის და დოკუმენტაციაზე ხელის მოწერის უფლება. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაღაც დონეზე სამუშაო გამოცდილებას დააგროვებს, შეუძლია საკუთარ თავს “არქიტექტორი” უწოდოს, რაც ყველა პროფესიონალზე და მათ ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება და ხშირად დამკვეთები ყველა არქიტექტორის კომპეტენტურობას ერთნაირად უყურებენ.
ვფიქრობ, ამ დამოკიდებულების შეცვლა, გარკვეულწილად, თავად არქიტექტორების პასუხისმგებლობაცაა. უნდა შეგვეძლოს ჩვენი გადაწყვეტილებების გასაგებად ახსნა და მათი ღირებულების დამტკიცება.
საზღვარგარეთსა და საქართველოს პრაქტიკებს შორის ასევე განსხვავებულია პროექტირებაზე დახარჯული დრო. საერთაშორისო სტუდიებში კვლევას, კონცეფციის განვითარებას, სხვადასხვა ვერსიის განხილვასა და დეტალების დამუშავებას, როგორც წესი, მეტი დრო ეთმობა. საქართველოში კი ხშირად ძალიან სწრაფად სურთ შედეგის მიღება, მაშინაც კი, როცა პროექტის მასშტაბი და სირთულე საფუძვლიან სამუშაოს მოითხოვს.
ეს განპირობებულია ძირითადად ბიუჯეტის სიმცირით. საბოლოო ჯამში, რაოდენ კრეატიულებიც არ უნდა ვიყოთ არქიტექტორები ბუნებით, არქიტექტურული საქმიანობაც ბიზნესია. ხოლო თუ ბიზნესი მომგებიანი არ არის, ის უბრალოდ ძვირადღირებული ჰობი ხდება, რომლის ფუფუნებაც ბევრს არ აქვს.
მნიშვნელოვანი საკითხია შრომის ანაზღაურებაც. მაგალითად, ჩეხეთში დახურულ არქიტექტურულ კონკურსებში მიწვეული სტუდიები მონაწილეობისთვის ანაზღაურებას იღებენ, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებენ თუ არა. ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ დახარჯული დრო და პროფესიული შრომა თავიდანვე აღიარებულია. საქართველოში კი ჯერ კიდევ გვხვდება მოლოდინი, რომ არქიტექტორმა მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო უფასოდ ან მომავალი თანამშრომლობის დაპირების სანაცვლოდ უნდა შეასრულოს. მაგალითისთვის მახსენდება ბოლო დროს ორგანიზებული ერთ-ერთი ლანდშაფტის დიზაინის კონკურსი, რომელთა მონაწილეებს შედეგის გასაცნობი წერილებიც არ გამოგვიგზავნეს და მხოლოდ დარეკვის შედეგად გავიგეთ, რომ კონკურსს, თურმე, გამარჯვებული არ ჰყავს.
განსხვავება ტექნიკური პროცესების თვალსაზრისითაც საკმაოდ თვალსაჩინოა. საერთაშორისო სტუდიებში BIM-ის გამოყენება, დოკუმენტაციის სტანდარტები და კონსტრუქტორებსა თუ სხვა სპეციალისტებთან კოორდინაცია უფრო სისტემურად არის ორგანიზებული.
საქართველოში BIM მიმართულება ძალიან ნელა ვითარდება და ჯერ ყველა პროექტსა და კომპანიაში თანაბრად დანერგილი არ არის.
რა თქმა უნდა, ამ განსხვავებების მხოლოდ ქვეყნებზე განზოგადება არასწორი იქნებოდა. ერთი და იმავე ქალაქის ორ სტუდიასაც შეიძლება სრულიად განსხვავებული სამუშაო კულტურა ჰქონდეს. საბოლოოდ, ბევრი რამ დამოკიდებულია მენეჯმენტის ხარისხზე, თანამშრომლების დროის დაფასებაზე, პასუხისმგებლობების სწორად განაწილებასა და იმაზე, რამდენად რეალისტურად იგეგმება პროექტი.
ამავე დროს, საქართველოში არსებული მოქნილობა მხოლოდ ნაკლი არ არის. ნაკლებად ფორმალიზებული გარემო ზოგჯერ მეტ თავისუფლებას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და ექსპერიმენტის შესაძლებლობასაც ქმნის. ფინანსური შეზღუდვებიც შეიძლება საინტერესო შემოქმედებით ამოცანად იქცეს, თუ პროექტის ხარისხის შემცირების ნაცვლად, რესურსების უფრო გონივრულად გამოყენებაზე ვიფიქრებთ.
საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ადგილობრივი არქიტექტურული იდენტობის თვალსაზრისითაც. გვაქვს მრავალფეროვანი ლანდშაფტი, არქიტექტურული მემკვიდრეობა, ადგილობრივი მასალები და ხელოსნობის ტრადიციები. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ამ რესურსების თანამედროვე ენით გააზრება და არა ისტორიული ფორმების პირდაპირ გამეორება ან ისეთი საერთაშორისო ტენდენციების კოპირება, რომლებიც ადგილობრივ კონტექსტთან კავშირში არ არის.
ამ პოტენციალს აძლიერებს ისიც, რომ სულ უფრო მეტი ქართველი არქიტექტორი იღებს განათლებასა და პროფესიულ გამოცდილებას საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო შედეგი მაშინ მიიღება, როცა ეს ცოდნა უბრალოდ არ გადმოგვაქვს, არამედ ადგილობრივ პირობებს, საჭიროებებსა და კულტურას ვუსადაგებთ.
როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს არქიტექტორის როლი ქალაქის განვითარებაში – განსაკუთრებით ისეთ კონტექსტში, როგორიცაა თბილისი ან ბათუმი?
არქიტექტორის როლი ქალაქის განვითარებაში მხოლოდ ცალკეული შენობის დაპროექტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. თითოეული შენობა გავლენას ახდენს ქუჩაზე, ხედებზე, მოძრაობაზე, საზოგადოებრივ სივრცესა და ადამიანების ყოველდღიურ გამოცდილებაზე. ამიტომ არქიტექტორს პასუხისმგებლობა აქვს არა მხოლოდ დამკვეთის, არამედ ქალაქის წინაშეც.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისა და ბათუმის მსგავს ქალაქებში, სადაც განვითარება სწრაფად მიმდინარეობს და კერძო ინტერესი ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ქალაქის გრძელვადიანი ხედვა. არქიტექტორი, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს სწორ ურბანულ პოლიტიკას, მაგრამ შეუძლია დასვას მნიშვნელოვანი კითხვები: გაუძლებს თუ არა ინფრასტრუქტურა გაზრდილ სიმჭიდროვეს, რას აძლევს პროექტი ქუჩას, რამდენად ითვალისწინებს ქვეითს, კლიმატს, ლანდშაფტსა და არსებულ განაშენიანებას.
თბილისსა და ბათუმს ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ძალიან ძლიერი იდენტობა აქვს. თბილისში განსაკუთრებულ როლს თამაშობს რელიეფი, ისტორიული განაშენიანება და ქალაქის სხვადასხვა პერიოდში ჩამოყალიბებული ფენები. ბათუმში კი ზღვა, კლიმატი, ჰორიზონტი და ისტორიული ქალაქის მასშტაბი. ახალი არქიტექტურა ისე არ უნდა იქცეოდეს, თითქოს პროექტი ცარიელ ტერიტორიაზე შენდება.
ამ პროცესში ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ არქიტექტორი ხშირად დეველოპერსა და ქალაქის ინტერესებს შორის აღმოჩნდება. დამკვეთისთვის შეიძლება პრიორიტეტი მაქსიმალური სამშენებლო ფართობი იყოს, მაგრამ არქიტექტორის როლია აჩვენოს, რომ პროექტის ღირებულებას მხოლოდ დამატებული კვადრატული მეტრები არ განსაზღვრავს. კარგად გააზრებულ გარემოს, ხარისხიან საზოგადოებრივ სივრცესა და ქალაქთან სწორ კავშირს გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულებაც აქვს.
ჩემი აზრით, პრობლემა არის ის, რომ ხშირად ჩვენს ქვეყანას ვუყურებთ როგორც თვითმომსახურების სავაჭრო აპარატს (vending machine): ჩააგდებ ორ-ლარიანს და ამოიღებ “სნიკერსს”. უფრო მეტიც, გიჩნდება ამბიცია, რომ ერთის ნაცვლად სამი “სნიკერსი” ამოიღო და მერე საზღვარგარეთ შეინახო ან შეჭამო.
უხარისხო ქაოტური მშენებლობებიც 90-იანებიდან მოყოლებული ამის მაგალითია.
რა თქმა უნდა, დეველოპერები, პირველ რიგში, ბიზნესმენები არიან, თუმცა რას ვტოვებთ მემკვიდრეობად შემდეგი 50-100 წლის მანძილზე (როგორც მინიმუმ), ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური უწყისი.
ამიტომ, ვფიქრობ, არქიტექტორი მხოლოდ არსებული მოთხოვნების შესრულებით არ უნდა შემოიფარგლოს. მას უნდა შეეძლოს პრობლემური გადაწყვეტილების ამოცნობა, უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება და საკუთარი პოზიციის დაცვა, რაც ამ ეტაპზე ძალიან ძალიან რთულია.
საბოლოოდ, ქალაქი სწორედ მრავალი ინდივიდუალური პროექტისგან იქმნება და თითოეულ მათგანზე მიღებული, ერთი შეხედვით მცირე გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როგორი იქნება თბილისი ან ბათუმი მომავალში.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს არქიტექტურას, რომელიც დროს უძლებს – რა აძლევს სივრცეს მდგრადობას და მნიშვნელობას?
ჩემი აზრით, დროს უძლებს არქიტექტურა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული პერიოდის ვიზუალურ ტენდენციებზე არ არის აგებული.
როდესაც კონკრეტული სტილი მასობრივად პოპულარული ხდება და მას ყველგან ვხედავთ, ხშირად ის უკვე გავრცელების გვიან ეტაპზეა (მაგალითად, მინიმალიზმი, ან ბოლო დროს – mid century modern სტილის დიზაინი).
სწორედ ამ დროს მისი გამეორება ყველაზე უსაფრთხო არჩევანად აღიქმება, თუმცა სივრცე სწრაფად კარგავს ინდივიდუალურობას. ამიტომ არქიტექტურა, რომელიც დროს უძლებს, ტენდენციებს ბრმად კი არ იმეორებს, არამედ მათგან მხოლოდ იმ იდეებს იღებს, რომლებიც პროექტის კონტექსტსა და რეალურ საჭიროებებს შეესაბამება.
მდგრადობა ჩემთვის მხოლოდ ენერგოეფექტურობას ან ეკოლოგიური მასალების გამოყენებას არ ნიშნავს. ის გულისხმობს იმასაც, რამდენად ხარისხიანად არის შენობა აშენებული, როგორ ძველდება მისი მასალები, რამდენად მარტივია მისი მოვლა და შეუძლია თუ არა სივრცეს მომავალში განსხვავებულ საჭიროებებთან ადაპტირება. თუ შენობის ფუნქციის შეცვლისას მისი დანგრევა ხდება საჭირო, რთულია, მას სრულად მდგრადი ვუწოდოთ.
მნიშვნელობას კი სივრცეს ადამიანებთან და ადგილთან შექმნილი კავშირი აძლევს. არქიტექტურა შეიძლება ტექნიკურად გამართული იყოს, მაგრამ თუ ის უგულებელყოფს კონტექსტს, კლიმატს, ადგილობრივ კულტურასა და იმ ადამიანების ყოველდღიურობას, რომლებიც მას იყენებენ, დროთა განმავლობაში შეიძლება თავისი აქტუალობა დაკარგოს.
ვფიქრობ, კარგი არქიტექტურა არ ცდილობს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას. ის ხშირად მშვიდად ხდება გარემოს ნაწილი, ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს და დროსთან ერთად ახალ მოგონებებსა და მნიშვნელობებს იძენს. საბოლოოდ, სწორედ ეს უნარი (მოერგოს ცვლილებებს და ამავე დროს შეინარჩუნოს საკუთარი ხასიათი) აძლევს სივრცეს ხანგრძლივ სიცოცხლეს.

























