არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ერთი სივრცის სხვადასხვა მასშტაბზე მუშაობას გულისხმობს, თუმცა მათი ურთიერთობა ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთ პროექტში ინტერიერი არქიტექტურული იდეის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა, სხვაგან კი ის დამოუკიდებელ ხასიათს იძენს და სივრცეს განსხვავებული პერსპექტივიდან კითხულობს. საინტერესო სწორედ ის მომენტია, როდესაც ეს ორი მიდგომა ერთმანეთს ხვდება და არც ერთი მათგანი საკუთარ იდენტობას არ კარგავს.
Unico-ს დამფუძნებლებისთვის – არქიტექტორ ანრი ფერცელიძისა და ინტერიერის დიზაინერ ანა ხუხუნაიშვილისთვის – არქიტექტურისა და ინტერიერის ურთიერთობა სწორედ ასეთი დიალოგია. ანრისთვის არქიტექტურა ადრეული ასაკიდანვე აღმოჩენილი სფეროა, რომელიც არსებული ჩარჩოების სხვაგვარად დანახვის შესაძლებლობას აძლევს, ანასთვის კი ინტერიერის დიზაინი პროფესიული ძიების შედეგად აღმოჩენილი მიმართულებაა, სადაც დეტალებზე მუშაობა და იდეის რეალურ სივრცედ გარდაქმნა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
მათი პროფესიული შეხვედრის შემდეგ შექმნილი Unico სწორედ ამ ორი განსხვავებული ხედვის გადაკვეთაზე ჩამოყალიბდა. სტუდიისთვის განსხვავებული მოსაზრებები წინააღმდეგობა კი არა, სამუშაო პროცესის ნაწილია – იდეა შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს ან თავიდან შეიქმნას, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება ორივე პოზიციის მიღმა ახალ მიმართულებას არ იპოვის. ამიტომ მათი პროექტების განვითარება მუდმივ დიალოგს, კითხვების დასმას და უკვე ნაპოვნი პასუხების ხელახლა გადახედვას მოიცავს.
Homeis.ge-სთან ინტერვიუში ანრი ფერცელიძე და ანა ხუხუნაიშვილი საუბრობენ Unico-ს შექმნის ისტორიაზე, არქიტექტურისა და ინტერიერის ურთიერთობაზე, განსხვავებული იდეებისგან ახალი გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს პროფესიონალს სივრცის შექმნისას.

ანრი, ანა, მოგვიყევით თქვენ შესახებ – რა გზამ მიგიყვანათ არქიტექტურისა და დიზაინის სფერომდე და რა იყო ის ეტაპი, როდესაც ამ პროფესიის საკუთარ მიმართულებად აღქმა დაიწყეთ?
ანრი: არქიტექტურისა და დიზაინის მიმართ ინტერესი ჩემთვის საკმაოდ ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბდა. ბავშვობიდანვე ჩემს ახლო გარემოცვაში ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროსთან იყვნენ დაკვშირებულნი და მათი საქმიანობისთვის თვალის დევნება ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. ვაკვირდებოდი, როგორ იბადებოდა იდეა ფურცელზე და საბოლოოდ ერგებოდა ბათუმს, გარემოს სადაც ვცხოვრობდი. სწორედ ამ პროცესმა გამიჩინა თავდაპირველი ინტერესი.
დროთა განმავლობაში უკვე თავად დავიწყე არქიტექტურის უფრო ღრმად აღმოჩენა, განსაკუთრებით კარგად მახსოვს ლოიდის შენობასთან პირველი შეხვედრა, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველაზე მეტად მომხიბლა ერთმა იდეამ, რომ შენობის შიდა სამყარო, ის ელემენტები, რომლებიც ხშირად იმალება იმავე შენობაში, შეიძლება ამოტრიალდეს და ფასადად გარდაიქმნას. ეს არის ის მიდგომა რომელსაც დღესაც ვცდილობ მივყვე. აუცილებელი არ არის ყოველთვის არსებულ ჩარჩოებში მოექცე, რასაც საზოგადოება ან წესები გკარნახობს, შეგიძლია გაითვალისწინო და შენი თვალის პრიზმიდან შეხედო. არქიტექტურა სწორედ ის სფეროა, რომელიც აძლევს ადამიანს საშუალებას, თავისუფლად იფიქროს და ეძებოს განსხვავებული გზები.
ანა: არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში, სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა შემთხვევით აღმოვჩნდი. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებისას ინტერიერის დიზაინზე საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, ბოლომდე არ ვიცოდი რას მოიცავდა ეს პროფესია. სწორედ სწავლის პროცესში აღმოვაჩინე რამდენად საინტერესო იყო ეს სამყარო. განსაკუთრებით მიზიდავდა დეტალებზე მუშაობა და ის შესაძლებლობა, რომ ჯერ არარსებული იდეა ნელნელა რეალურ პროექტად გექცია.
ვფიქრობ, ამ ინტერესმა დამტოვა სფეროში, რომელიც ჩემთვის სრულად უცნობი იყო. თავიდან შემთხვევითი არჩევანი დროთა განმავლობაში გაცნობიერებულ სიყვარულად იქცა. უნივერსიტეტის პარალელურად რამდენიმე კურსიც გავიარე და სწორედ იქ გავეცანი პირველად იმ დიზაინერებსა და არქიტექტორებს, რომლებმაც ჩემი დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ მნიშვნელოვნად შეცვალეს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ალვარო სიზას ბოა ნოვას ჩაის სახლი, როგორ შეიძლება არქიტექტურა ისე ჩაეწეროს კლდოვან ლანდშაფტში, თითქოს ყოველთვის მისი ნაწილი იყო; ასევე ინგო მაურერის ნამუშევრები, სადაც განათება უბრალოდ ფუნქციური ელემეტი აღარ არის და ხელოვნების ნიმუშად იქცევა. ამ სფეროს ვუყურებ, როგორც ხელოვნებას და არა, როგორც შენობებისა და სივრცეების შექმნას.

როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პროფესიული ხედვა და რა გამოცდილებამ მოახდინა მასზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა?
ანრი: ჩემი პროფესიული ხედვა ეტაპობრივად პრაქტიკასთან ერთად ჩამოყალიბდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველი განხორციელებული პროექტი – თუნჰაუსები ბაგებში. იქ პირველად დავინახე, როგორ იძენს ნახაზზე არსებული იდეა რეალურ მასშტაბს და როგორ იცვლება მისი აღქმა აშენების პროცესში. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ განსაზღვრა ჩემთვის. არქიტექტურაში დღემდე ყველაზე მეტად მაინტერესებს არა მხოლოდ ფორმა, არამედ ის ხასიათი და ღირებულება, რომელსაც შენობა დროთა განმავლობაში იძენს.
ანა: ჩემ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ინტერესითა და აღმოჩენებით დაიწყო. რაც უფრო მეტად ვეცნობოდი ინტერიერის დიზაინს, მით უფრო ჩამითრია ამ სფერომ, თუმცა გადამწყვეტი ეტაპი იყო კომპანიაში მუშაობის დაწყება, სადაც ანრის შევხვდი და პირველად მომეცა შესაძლებლობა, რეალური პროექტების პროცესში სრულად ჩავრთულიყავი. სწორედ ამ პერიოდში მივხვდი, რომ ეს უკვე უბრალოდ ინტერესი აღარ იყო და ის სფერო ვიპოვე, რომელშიც საკუთარი ხედვის განვითრება მინდოდა.

როგორ შეხვდით ერთმანეთს პროფესიულად და როგორ გაჩნდა Unico-ს შექმნის იდეა? რა იყო ის საერთო ხედვა, რომლის გარშემოც საკუთარი სტუდიის დაფუძნება გადაწყვიტეთ?
ანა: ჩვენი პროფესიული შეხვედრა საკმაოდ ბუნებრივად და შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხდა. მე სტაჟირებაზე მივედი ოფისში, სადაც ანრი იმ პერიოდში მუშაობდა. ჩვენი ურთიერთობაც სწორედ იქ დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ მე პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ, ხოლო ანრი – არქიტექტორი, გაჩნდა სურვილი, ეს ორი მიმართულება ერთ საერთო საქმედ ჩამოგვეყალიბებინა. UNICO-ს შექმნა წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერი საკმაოდ სპონტანურად მოხდა, უბრალოდ ერთ მომენტში მივხვდით, რომ ჩვენი პროფესიები და ხედვები ერთმანეთს კარგად ავსებდა.
სანტერესოა ის, რომ UNICO-ს საფუძველი თავიდანვე საერთო ხედვა არ ყოფილა, პირიქით – თითქმის ყველა პროექტზე განსხვავებული მოსაზრებები და მუდმივი კამათია. ერთი იდეა ხშირად მეორეს ეწინააღამდეგება, იცვლება, იშლება და თავიდან ყალიბდება, თუმცა ხშირად ამ ქაოსში ჩნდება ის მესამე იდეა, რომელიც თავიდან არცერთ მხარეს არ ეკუთვნოდა, შემდეგ უკვე იწყება მისი ერთბლივად განვითარება და საბოლოო ფორმამდე მიყვანა. ეს განსხვავებულობა იქცა მუშაობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად.
Unico ერთ სივრცეში აერთიანებს არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ორი მიმართულების თავიდანვე ერთიანად გააზრება და როგორ მოქმედებს ეს საბოლოო შედეგზე?
ანრი: მნიშვნელოვანია არქიტექტურისა და დიზაინის შერწყმა ფუნქციურად. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ ბოლო პროექტზე, ლისის სახლზე ასეთ პრინციპს მივყვებით. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ ოთახს აქვს თავისი ვიტრაჟი და საკუთარი აივანი, რაც კომბინერებულად მუშაობს ექსტერიერსა და ინტერიერში. თუმცა, დიზაინის კუთხით ჩვენი ხედვები ბოლომდე არ ემთხვევა ერთმანეთს. ანასთვის მნიშვნელოვანია არქიტექტურისა და ინტერიერის კავშირი პროექტის საწყისი ეტაპიდანვე, როდესაც სივრცის გეგმარება, ბუნებრივი განათება, მასალები და დეტალები ერთმანეთის გათვალისწინებით ვითარდება, ხოლო ჩემთვის არქიტექტურა და ინტერიერი ორი დამოუკიდებელი დისციპლინაა და თითოეულს საკუთარი ლოგიკა და ხასიათი უნდა ჰქონდეს. მათი ერთიანობა არ ნიშნავს, რომ ერთი აუცილებლად მეორის გაგრძელება ან ანარეკლი უნდა გახდეს.
UNICO-ში ეს ორი პოზიცია მუდმივად იკვეთება. ალბათ მიზანი არა მათი ხელოვნური გაერთიანება, არამედ იმ წერტილის პოვნაა, სადაც ორივე ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას და ამავე დროს ერთმანეთთან დიალოგში შედის. ხშირად საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ პროცესში ჩნდება – იქ, სადაც განსხვავებული მოსაზრებები ერთმანეთს ხვდება და სრულიად ახალ მიმართულებას აჩენს.
როგორ აღწერდით Unico-ს შემოქმედებით მიდგომას? არსებობს თუ არა თქვენს პრაქტიკაში ისეთი გადაწყვეტილებები ან პრინციპები, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა არ გსურთ – მიუხედავად პროექტის ტიპის, ბიუჯეტის ან დამკვეთის მოთხოვნებისა?
UNICO-ს შემოქმედებითი მიდგომა ალბათ ყველაზე მეტად მუდმივ ძიებას ეფუძნება. ერთ გადაწყვეტას სხვადასხვა მხრიდან ვუყურებთ, ვშლით და თავიდან ვაწყობთ. ზოგჯერ ის, რაც თავიდან ყველაზე სწორ იდეად გვეჩვენება, რამდენიმე დღის შემდეგ საერთოდ ქრება პროექტიდან. ეს კამათი პროცესის ნაწილია და ხშირად აქედან ჩნდება ისეთ გადაწყვეტილება, რომელზეც თავიდან არცერთს გვიფიქრია. რაც შეეხება კომპრომისს, საკმაოდ ბანალურია – ყველაზე რთულად ვეგუებით გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ „ასე უფრო ლამაზია“. თუ ფორმას, მასალას ან დეტალს სივრცეში თავისი არსებობის მიზეზი არ აქვს, მხოლოდ ეფექტისთვის მისი დამატება ნაკლებად გვაინტერესებს. განსაკუთრებით ინტერიერში – შეიძლება ძალიან ლამაზი სივრცე მიიღო, მაგრამ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის შემშლელია ან გამოუყენებადი ჩვენთვის ეს მიუღებელია.
დამკვეთის სურვილი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად ისეთ მიმართულებასაც აჩენს, რომელიც თავიდან არ ყოფილა გათვალისწინებული, თუმცა ყველა მოთხოვნის პირდაპირ შესრულება ყოველთვის კარგ შედეგამდე არ მიდის. ასეთ დროს უფრო მნიშნელოვანია გავიგოთ, რა დგას კონკრეტული სურვილის უკან და იგივე საჭროებას ისეთი გზა მოვუძებნოთ, რომელიც პროექტის საერთო ხასიათსაც არ დაარღვევს. ამიტომ კომპრომისი უფრო დიალოგია, ვიდრე უბრალოდ დათმობა.
ორი დამფუძნებლის ერთობლივი მუშაობა რამდენად ცვლის პროექტის განვითარების პროცესს? როგორ ნაწილდება თქვენს შორის იდეების, გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობების გაზიარება?
ანა: ჩვენთან პასუხისმგებლობები ბოლომდე მკაცრად გაყოფილი არასდროს არის. ბუნბერივია, არქიტექტურულ ნაწილში ანრი უფრო აქტიურად ერთვება, ინტერიერში – მე. მაგრამ პროექტის მსვლელობისას ეს საზღვრები ხშირად ირღვევა. შეიძლება არქიტექტურული იდეა ინტერიერიდან წამოვიდეს ან პირიქით – ინტერიერის გადაწყვეტა მთლიანად რაიმე არქიტექტურულმა დეტალმა შეცვალოს.
იდეებზეც დაახლოებით იგივე ხდება. ერთ-ერთი იწყებს, მეორე მაშინვე სხვა მხრიდან უყურებს, რაღაცას ცვლის, რაღაცას საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომ საბოლოო იდეაზე იშვიათად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთს ეკუთვნის. ალბათ, ორი ადამიანის ერთად მუშაობის მთავარი უპირატესობაც ეს არის. საკუთარ იდეასთან ზედმეტად კომფორტულად ყოფნის საშუალებას არ გაძლევს. ყოველთვის არის მეორე ადამიანი, რომლიც გკითხავს – რატომ? და ზოგჯერ სწორედ ეს კითხვა აიძულებს პროექტს კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს.
როგორ პოულობთ კავშირს არქიტექტურულ სივრცესა და ინტერიერის დეტალებს შორის თქვენს პროექტებში? სად გადის ზღვარი არქიტექტურულ და ინტერიერის გადაწყვეტილებებს შორის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთი იდეის გაგრძელება იყოს?
როგორც ვახსენეთ, ფანჯარა შეიძლება იყოს არქიტექტურული ელემენტი, მაგრამ მისი ზომა, სიღრმე, მდებარეობა უკვე მთლიანად განსაზღვრავს ინტერიერის განწყობას. იგივე შეიძლება ითქვას კიბეზე, კარზე, ჭერის სიმაღლეზე ან თუნდაც კედლის სისქეზე. ერთდროულად შეიძლება იყოს კონსტრუქციული, ფუნქციური და ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ კავშირს უფრო დეტალებში ვეძებთ. მაგალითად, თუ არქიტექტურაში კონკრეტული მასალა ან რიტმი ჩნდება, აუცილებელი არ არის ინტერიერში პირდაპირ განმეორდეს. უფრო საინტერესოა მისი სხვა მასშტაბით ან სხვა ფორმით გაგრძელება. ზოგჯერ კი პირიქით კონტრასტი უკეთ მუშაობს და ინტერიერი შეგნებულად განსხვავებულ ხასიათს იღებს.

დღეს, როდესაც დიზაინის ვიზუალური ენა განსაკუთრებით სწრაფად იცვლება, როგორ ინარჩუნებთ პროექტის ინდივიდუალურობას და როგორ არჩევთ დროებითი ტენდენციებისგან იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი ღირებულება აქვს?
ვცდილობთ, პროექტი ტრენდს კი არა, კონკრეტულ ადამიანს მოვარგოთ. ბოლო წლებში ხშირად მეორდება მსგავსი ვიზუალური ენა – ტრავერტინი, მიკროცემენტი, მოლდინგები, მონოქრომული ინტერიერები… არცერთი მათგანი, თავისთავად, ცუდი არ არის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მასალა ან ფორმა აქტუალურია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ პროექტშიც აუცილებლად უნდა გაჩნდეს. ტენდენციური თავისთავად კარგს არ ნიშნავს. შეიძლება რაღაც დღეს ძალიან აქტუალური და ვიზუალურად მიმზიდველი იყოს, თუმცა კონკრეტულ სივრცეს ან ადამიანს საერთოდ არ შეეფერებოდეს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მისი პოპულარობა საკმარისი მიზეზი არ არის, რომ პროექტში გაჩნდეს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ვიზუალური კულტურისგან სრულიად იზოლირება შეუძლებელია და არც არის საჭირო. უბრალოდ, ვცდილობთ, ტენდენცია არასდროს გახდეს მთავარი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სივრცე დამკვეთისთვის სწორად არის გააზრებული, აქვს თავისი ლოგიკა და ხასიათი, ვფიქრობთ, ის ბევრად უფრო დიდხანს ინარჩუნებს ღირებულებას, ვიდრე სივრცე, რომელიც მხოლოდ კონკრეტული პერიოდის ესთეტიკას ატარებს.
როგორ ხედავთ დღეს არქიტექტორისა და დიზაინერის როლს საქართველოში? რა არის ის გამოწვევები, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ხარისხიანი სივრცეების შექმნაზე და რა პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში თავად პროფესიონალს?
საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინერის როლი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადაგან გარემო ძალიან სწრაფად იცვლება და შენდება. ერთ-ერთი სირთულე პროექტსა და რეალიზაციას შორის სხვაობაა. შეიძლება ნახაზში ყველაფერი სწორად იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოო შედეგს დიდწილად განსაზღვრავს შესრულების ხარისხი, ხელოსნებთან კომუნიკაცია, მასალის სწორად გამოყენება და მშენებლობის პროცესში მიღებული უამრავი პატარა გადაწყვეტილება. ამიტომ, ვფიქრობთ, პროფესიონალის პასუხისმგებლობა მხოლოდ პროექტის ჩაბარებით არ მთავრდება. მნიშვნელოვანია, პროცესშიც დარჩეს და დაიცვას ის იდეა, საიდანაც პროექტი დაიწყო.
ამასთან, არქიტექტორსა და დიზაინერს ხშირად უწევს დამკვეთისთვის იმის ახსნაც, რატომ არ არის ყოველთვის მეტი უკეთესი, რატომ შეიძლება ერთი კარგი მასალა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი, რატომ შეიძლება დღეს პოპულარული გადაწყვეტა საერთოდ არ სჭირდებოდეს კონკრეტულ სივრცეს…
საბოლოოდ, პროფესიონალის პასუხისმგებლობა მხოლოდ ლამაზი სივრცის შექმნა არ არის. განსაკუთრებით არქიტექტურაში მიღებული გადაწყვეტილება -ის ბევრად სცდება ერთი დამკვეთის ინტერესს, შენობა ქალაქში რჩება და საერთო გარემოს ნაწილი ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თუ რას ითხოვს კონკრეტული პროექტი დღეს, არამედ ისიც თუ რას ტოვებს გარემოში წლების შემდეგ.
დაბოლოს, რა მიმართულებით ხედავთ Unico-ს განვითარებას – რა ტიპის პროექტები ან მასშტაბი გაინტერესებთ მომავალში და როგორი სტუდიის ჩამოყალიბებას ისურვებდით რამდენიმე წლის შემდეგ?
UNICO ახალი სტუდიაა, თუმცა სურვილები და მიზნები თავიდანვე საკმაოდ დიდი გვაქვს. გვინდა ისეთი ნამუშევრები შევქმნათ, რომლებიც საკუთარ კვალს დატოვებს, როგორც არქიტექტურაში, ისე ინტერიერის დიზაინში. ყოველთვის გვიზიდავდა იმ არქიტექტორებისა და დიზანერების გზა, რომლებმაც მხოლოდ კარგი შენობები და სივრცეები კი არ შექმნეს, არამედ საკუთარი ხედვით გარკვეული პერიოდის არქიტექტურაზეც მოახდინეს გავლენა. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი მასშტაბის მიზანია, მაგრამ სწორედ ასეთი ამბიცია გვაძლევს მოტივაციას, რომ თითოეულ პროექტს უფრო მეტი მოვთხოვოთ და მხოლოდ კარგად შესრულებულ შედეგზე არ გავჩერდეთ. მომავლში გვაინტერესებს უფრო დიდი და კომპლექსური პროექტებიც, მათ შორის ისეთებიც, სადაც არქიტექტურასა და ინტერიერზე ერთდროულად მუშობის შესაძლებლობა გვექნება.
რამდენიმე წლის შემდეგ კი UNICO გვინდა იყოს სტუდია, რომლის ნამუშევარს საკუთარი დამოკიდებულებით ამოიცნობ. საბოლოოდ, მიზანი საკმაოდ მარტივად ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ მიღწევა რთულია: გვინდა, წლების შემდეგ დარჩეს პროექტები, რომლებზეც ვიტყვით, რომ რაღაც ახალი შემატა იმ გარემოს, რომელშიც შეიქმნა.
















