in

ბუნებასთან დიალოგით შექმნილი ვილა კაკლებში – ROOMY DESIGN-ის ნამუშევარი

კაკლებში მდებარე ვილის დიზაინი ROOMY DESIGN-ის საავტორო პროექტია და მასზე ნინო სოხაძემ იმუშავა. 1500 მ² გამწვანებულ ნაკვეთზე განთავსებული, 600 მ² სახლის ინტერიერში თანამედროვე არქიტექტურა, ბუნებრივი მასალები და თბილი ფერები ერთიანდება. პროექტის ხასიათს გარემოსთან მჭიდრო კავშირი განსაზღვრავს — ლანდშაფტი ინტერიერის კონცეფციის ჩამოყალიბების მთავარი შთაგონება გახდა.

ნინო სოხაძე პროექტში 2023 წელს, სახლის მშენებლობის დაწყებისას ჩაერთო. ამ ეტაპიდან საბოლოო დეტალების შერჩევამდე მისი მონაწილეობა უწყვეტი იყო, რამაც ინტერიერის სივრცით და ფუნქციურ გადაწყვეტებზე კოორდინირებული მუშაობა თავიდანვე მარტივად შესაძლებელი გახადა.

„საძირკვლის ჩასხმიდან — ფარდის დაკიდებამდე, სრულად ვიყავი ჩართული ყველა ეტაპზე. ვფიქრობ, დროულმა ჩართულობამ განაპირობა პროექტის ჩემებურად „დავარცხნა“ და სივრცის ფუნქციონალურად და ერგონომიულად დაგეგმარება, დამკვეთის ცხოვრების სტილისა და სურვილების გათვალისწინებით“, — ამბობს ნინო სოხაძე.

დაგეგმარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საერთო ზონებში ღია სივრცის კონცეფციის განვითარება იყო. დიზაინერის აზრით, ასეთი მიდგომა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში განსაკუთრებით კარგად მუშაობს, რადგან ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ფუნქციას ერთმანეთთან აკავშირებს და სივრცის მოქნილად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ვილაში მისაღები ოთახი და სამზარეულო დამოუკიდებელი, არქიტექტურულად გამოყოფილი ზონებია. მათ განსხვავებულ ხასიათს ჭერის დონეებიც გამოკვეთს: მისაღების განსაკუთრებით მაღალი ჭერი სივრცეს მასშტაბურობასა და ჰაეროვნებას მატებს. ამ ორ ზონას შორის მოწყობილი მინის სლაიდ-კარი კი მათი ურთიერთკავშირის შეცვლის შესაძლებლობას ქმნის — საჭიროების მიხედვით, მისაღები და სამზარეულო ერთიანდება ან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.

ღია სივრცის კონცეფცია ტერასაზეც გრძელდება. დიდი სლაიდ-კარების გაღებისას ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვარი თითქმის ქრება და ტერასა საერთო საცხოვრებელი სივრცის გაგრძელებად იქცევა. ეს გადაწყვეტა სახლის ფუნქციურ შესაძლებლობებს აფართოებს და ბუნებასთან უშუალო ურთიერთობას ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს.

გარემოს გავლენა ინტერიერის ფერებსა და მასალებშიც იკითხება. ტყისპირა მდებარეობამ, სიმწვანემ და სახლის თანამედროვე არქიტექტურამ დიზაინერს ინტერიერის ხასიათი მუშაობის საწყის ეტაპზევე უკარნახა.

„ტყისპირას მდებარე, სიმწვანეში ჩაფლულმა 1500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთმა, სახლის თანამედროვე არქიტექტურამ და ბუნებასთან მუდმივმა ვიზუალურმა კავშირმა ინტერიერის ხასიათი თავიდანვე დამანახა. სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო იდეის ფორმირება და ნელ-ნელა წარმოსახვა რეალობად იქცა“, — აღნიშნავს პროექტის ავტორი.

როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის ფერთა პალიტრა მიწის, ქვიშის, თბილი ხისა და ქვის ბუნებრივ ტონებზეა აგებული. მათი თანხვედრა შიდა და გარე სივრცეებს ვიზუალურად აკავშირებს, საერთო გარემოს კი მშვიდ განწყობას ანიჭებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფაქტურებს — მასალების ზედაპირები, მათი ურთიერთმიმართება და სინათლეზე რეაქცია ინტერიერის გამომსახველობის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნის.

პროექტში გამოყენებული ძირითადი მასალებია ბუნებრივი ხე, ქვა, მეტალი და მინა. კედლებისა და ჭერის დაახლოებით 70% ეკომეგობრული დეკორატიული ფითხითაა დაფარული, სველ წერტილებში კი ნაწილობრივ მიკროცემენტია გამოყენებული. ამ მასალების კომბინაცია ინტერიერის თბილ და ბუნებრივ ხასიათს აყალიბებს.

ნინო სოხაძისთვის ტექსტურული ზედაპირების ღირებულება განსაკუთრებით სინათლესთან ურთიერთობისას ვლინდება. დღის განმავლობაში განათების ცვლილება კედლების აღქმასაც ცვლის: ჩრდილები ფაქტურას გამოკვეთს, ზედაპირს სიღრმეს მატებს და სივრცეში განსხვავებულ განწყობას ქმნის. დიზაინერი ასეთ კედელს ინტერიერის ცოცხალ ნაწილად აღიქვამს, რომელსაც დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობაც აქვს.

ამ მიდგომას განათების კონცეფციაც ეხმიანება. სინათლის წყაროების გააზრებული განაწილება და სხვადასხვა სცენარის შექმნის შესაძლებლობა მასალების ტექსტურებს წარმოაჩენს და რბილი, მყუდრო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. განათება ინტერიერის აღქმაში აქტიურად მონაწილეობს და დღის სხვადასხვა მონაკვეთსა თუ საჭიროებას ერგება.

პროექტზე საუბრისას ნინო სოხაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას დამკვეთთან თანამშრომლობას ანიჭებს. ურთიერთნდობამ და შემოქმედებით ნაწილში მინიჭებულმა თავისუფლებამ მას საკუთარი ხედვის თანმიმდევრულად განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

„ვფიქრობ, დიზაინერისთვის ნდობა დიდი პატივია, ხოლო დამკვეთსა და დიზაინერს შორის ჰარმონიული თანამშრომლობა წარმატებული პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“, — ამბობს ნინო სოხაძე.

ამ ვილის ინტერიერის შექმნისას ავტორისთვის მთავარი გრძელვადიანი ღირებულების მქონე საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება იყო. ბუნებრივი პალიტრა, ფაქტურებზე ყურადღება და მოქნილი დაგეგმარება სწორედ ამ ხედვას ემსახურება.

„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, შევქმნა სივრცე, რომელიც დროს გაუძლებს და ყოველთვის აქტუალური დარჩება. ვფიქრობ, ინტერიერი წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და სიღრმეს შეიძენს, რადგან სივრცე თავის მაცხოვრებლებთან ერთად იცხოვრებს, განვითარდება და საკუთარ ისტორიას შექმნის“, – ნინო სოხაძე

ინტერიერის დიზაინერი: ნინო სოხაძე (ROOMY DESIGN)
არქიტექტორი: ვახტანგ ზესაშვილი
ლანდშაფტის დიზაინერი: თამარ თავართქილაძე

ფოტოგრაფი: გიორგი პარკაია

ფერითა და განათებით შექმნილი სივრცე — ანა აბაშიძის ნამუშევარი საბურთალოზე