in

სიმშვიდითა და ბალანსით შთაგონებული ხელწერა – ინტერვიუ ელენე შონიასთან

პროფესიული მიმართულების შეცვლა ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე მიღებული განათლებისა და გამოცდილების შემდეგ სრულიად ახალი სფეროს აღმოჩენა გიწევს. ელენე შონიას შემთხვევაში ეს ცვლილება პანდემიის პერიოდში დაიწყო. სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწეობის შემდეგ, სახლში გატარებულმა დრომ მას დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გარემო ადამიანის ყოველდღიურობისა და განწყობისთვის, და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საკუთარი პროფესიული გზა ინტერიერის დიზაინთან დაეკავშირებინა.

ახალი სფეროს შესწავლას მალევე მოჰყვა პრაქტიკული გამოცდილება – რეალურ პროექტებზე მუშაობა, მასალების გაცნობა, სივრცის დაგეგმარება და სარემონტო პროცესების მართვა. ამ გამოცდილებამ ელენესთვის ინტერიერის აღქმაც შეცვალა: დიზაინი მხოლოდ ვიზუალურ გადაწყვეტას აღარ ნიშნავდა და თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის, თუ როგორ მუშაობს სივრცე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ პრაქტიკაში ჩამოყალიბდა მისი დამოკიდებულება ფუნქციურობასა და ესთეტიკას შორის ბალანსის, გააზრებული დეტალებისა და მშვიდი, დროში მდგრადი გარემოს მიმართ.

დღეს ელენე შონია საკუთარ დიზაინერულ ხედვას სიმშვიდესა და ბალანსს უკავშირებს. მის პროექტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივ მასალებს, განათებასა და მშვიდ ფერთა პალიტრას. ამასთან, მისთვის თითოეული სივრცის საწყისი კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესი და ყოველდღიური დინამიკაა – ინტერიერი უნდა მოერგოს ადამიანს და არა პირიქით. ინტერვიუში ელენე შონია გვიამბობს პროფესიული სფეროს შეცვლის გადაწყვეტილებასა და დიზაინერად ჩამოყალიბების გზაზე, რომელზეც მან საკუთარი პროფსიული ხმა იპოვა.

ელენე, მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ გზა ინტერიერის დიზაინში – რა ეტაპზე დაინტერესდით ამ პროფესიით და როგორ გადაწყვიტეთ მისი შესწავლა?

როგორც წესი, ადამიანებს უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ ჩემი პროფესიული გზა სრულიად სხვა სფეროდან – სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებიდან დაიწყო.

ამ სფეროში განათლების მიღების შემდეგ, ჩემთვის გარდამტეხი ეტაპი, ისევე, როგორც ბევრი ადამიანისთვის, პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა. კარანტინისა და სახლში ყოფნის დროს განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახე, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს გარემოს ადამიანის ყოველდღიურობაზე, განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი მთავარი ინტერესი და ნამდვილი გატაცება არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს უკავშირდებოდა.

ამ აღმოჩენამ მიბიძგა, პროფესიული მიმართულება რადიკალურად შემეცვალა და ეს სფერო საფუძვლიანად შემესწავლა. დავიწყე ძიება, სხვადასხვა პროგრამისა და თეორიული მასალის ათვისება, რის შემდეგაც პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე გადავედი.

როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა ინტერიერის დიზაინში და რა გამოცდილებებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს, როგორც დიზაინერის, ჩამოყალიბებაზე?

პანდემიის პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებამ და პირველმა ნაბიჯებმა მალევე გადამიყვანა პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე.

ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა რეალურმა პროექტებმა, მასალებთან და სივრცესთან მუშაობის ყოველდღიურმა გამოცდილებამ იქონია.

საწყის ეტაპზე თითოეული ობიექტი უდიდესი გამოწვევა იყო. ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავებამ და სარემონტო პროცესების მართვამ მასწავლა, რომ კარგი დიზაინი მხოლოდ ესთეტიკურობაში არ გამოიხატება, ის ვიზუალურ სილამაზესა და პრაქტიკულ კომფორტს შორის იდეალურ ბალანსს მოითხოვს.

დროთა განმავლობაში, ჩემი სტილი უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა და მივხვდი, რომ მინიმალისტური არქიტექტურა, სკანდინავიური და იაპონური დიზაინის სინთეზი უბრალოდ პროფესიული არჩევანი კი არა, ჩემი შინაგანი სამყაროს პირდაპირი გამოვლინებაა. ეს ესთეტიკა ჩემთვის იმიტომ არის ორგანული და ახლობელი, რომ ჩემივე ხასიათის, სიმშვიდისა და წონასწორობის ძიების ვიზუალური ანარეკლია.  

როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება სივრცისა და დიზაინის მიმართ მას შემდეგ, რაც ეს სფერო უკვე პროფესიულად შეისწავლეთ და პრაქტიკაში დაიწყეთ მუშაობა? რა აღმოაჩინეთ ამ პროცესში, რასაც თავიდან არ ელოდით?

სანამ ამ პროფესიაში შემოვდგამდი ფეხს, ინტერიერს ძირითადად ვიზუალური, ზედაპირული ესთეტიკის კუთხით ვუყურებდი. პრაქტიკულმა გამოცდილებამ კი დამანახა, რომ ჭეშმარიტი დიზაინი გაცილებით უფრო ღრმა ფენებს ეხება, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ვიზუალი ან ტრენდული ფერებია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინე იყო ის, რომ დიზაინი, არსით, ინტერიერის მიღმა თერაპიული პროცესია. თავიდან მეგონა, რომ მუშაობა მხოლოდ ესთეტიკურ ძიებაზე, ლამაზ მასალებსა და ტრენდულ კომბინაციებზე იქნებოდა დაფუძნებული, რეალობაში კი მივხვდი, რომ სივრცე ადამიანის ფსიქიკის უშუალო სარკეა.

ყველაზე გასაკვირი აღმოჩნდა ის, თუ რამდენად ძლიერად მოქმედებს გარემოს აკუსტიკა, სინათლის ტემპერატურა და შეგრძნებები ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ვცვლით არა მხოლოდ ოთახის იერსახეს, არამედ იმას, თუ როგორ სუნთქავს, ფიქრობს და ისვენებს იქ მცხოვრები ადამიანი.

დღეს სივრცეს აღარ აღვიქვამ, როგორც უბრალო ოთახების ერთობლიობას, ჩემთვის ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც თავისი ხასიათი და რიტმი აქვს.

როგორ დაახასიათებდით საკუთარ დიზაინერულ ხელწერას? რა არის ის მიდგომა, განწყობა ან პრინციპი, რომელიც თქვენს პროექტებში ყველაზე მეტად იგრძნობა?

ჩემს დიზაინერულ ხელწერას ყველაზე კარგად ორი სიტყვა აღწერს – სიმშვიდე და ბალანსი.

ეს ნიშნავს, რომ სივრცე არ უნდა იყოს გადატვირთული. თითოეულ საგანს თავისი ზუსტი დანიშნულება და ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

ჩემს პროექტებში განსაკუთრებით ხშირად ვიყენებ ბუნებრივ მასალებს, რადგან მათ აქვთ უნარი, დროთა განმავლობაში არ დაკარგონ აქტუალობა და სივრცეს დამატებითი სიღრმე და ხასიათი შესძინონ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ინტერიერი დასრულების მომენტში, არამედ ისიც, როგორ იცხოვრებს ეს სივრცე ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში. 

საბოლოოდ, ჩემი მიზანია, შევქმნა სივრცე, სადაც ესთეტიკა არ დომინირებს ადამიანზე, არამედ ქმნის მისთვის კომფორტულ და ჰარმონიულ ყოველდღიურ გამოცდილებას.

რა არის თქვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი კონკრეტულ სივრცეზე მუშაობისას? როგორ განსაზღვრავთ, რა სჭირდება კონკრეტულ ინტერიერს და როგორ პოულობთ ბალანსს ესთეტიკას, ფუნქციურობასა და ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებებს შორის?

კონკრეტულ სივრცეზე მუშაობისას მთავარი ამოსავალი წერტილია, თუ როგორია მათი ყოველდღიური დინამიკა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, სახლი ან სამუშაო სივრცე, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს მის მფლობელს და არა – პირიქით. როდესაც ახალ პროექტზე მუშაობას  ვიწყებ, კრიტიკულად მნიშნველოვანია დამკვეთის  ცხოვრების წესის გაცნობა: სად ატარებენ ყველაზე დიდ დროს, სად მიირთმევენ ყავას, აქვს თუ არა ჰობი, როგორია მათი დინამიკა. ინტერიერი მათ ხასიათს და ჩვევებს უნდა მოვარგო და არა სტანდარტულ შაბლონებს.

ასევე, ვაკვირდები სივრცის ბუნებრივ მონაცემებს: ვუყურებ სინათლის მიმართულებას – საიდან ამოდის მზე, როგორი ჩრდილებია დღის განმავლობაში, როგორია ხედი და არქიტექტურული ფორმა. სინათლე ხშირად თავისით გვკარნახობს, სად უნდა განთავდეს ესა თუ ის ზონა.

ჩემთვის ნამდვილი ესთეტიკა მაშინ იქმნება, როცა დიზაინი ფუნქციურია. როდესაც გეგმარება ლოგიკურია, მოსახერხებელია და ყველა დეტალი თავის ადგილზეა, ვიზუალური მხარეც ორგანულად და ბუნებრივად ლაგდება.

მასალები, ფერები, განათება, ფორმები და ტექსტურები ერთმანეთთან ერთად ქმნის სივრცის ხასიათს. თქვენთვის რა განსაზღვრავს ამ ელემენტების ურთიერთობას და არის თუ არა რომელიმე მათგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინტერიერის საბოლოო აღქმისთვის?

ჩემთვის ინტერიერის ხასიათს ცალკეული ელემენტი კი არა, მათი ბალანსი განსაზღვრავს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მასალებსა და განათებას. მასალა სივრცეს ანიჭებს ხასიათს და ემოციურ სიღრმეს, ხოლო განათება ამ ყველაფერს სხვადასხვა დროს განსხვავებულად წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ, განათებას მხოლოდ ფუნქციურ ელემენტად არ აღვიქვამ, ის სივრცის არქიტექტურისა და ატმოსფეროს ნაწილია.

ფერებთან მუშაობისას უფრო მშვიდ და ბუნებრივ პალიტრას ვანიჭებ უპირატესობას, სადაც აქცენტი ხშირად მასალის ბუნებრივ ტონზე, ტექსტურასა და სინათლის ურთიერთობაზე კეთდება. ფორმებიც ამავე პრინციპს ემორჩილება – ისინი უნდა იყოს გააზრებული და პროპორციული, სივრცის საერთო არქიტექტურასთან ჰარმონიაში.

საბოლოოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ელემენტი არ დომინირებდეს დამოუკიდებლად. კარგი ინტერიერი მაშინ იქმნება, როდესაც მასალა, ფერი, ფორმა, ტექსტურა და განათება ერთ ენაზე საუბრობენ და საბოლოოდ, ქმნიან მშვიდ, დაბალანსებულ სივრცეს.

დღეს, როდესაც ინტერიერის დიზაინზე სოციალური მედია და სწრაფად ცვალებადი ვიზუალური ტენდენციები დიდ გავლენას ახდენს, როგორ ინარჩუნებთ პროექტის ინდივიდუალურობას და როგორ არჩევთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ ტრენდს არ ეყრდნობა?

ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ საკუთარი ხედვის შენარჩუნებაა. მუდმივად გვაქვს ცდუნება, ავყვეთ იმას, რაც ახლა პოპულარულია, მაგრამ ჩემთვის დიზაინი ტრენდების კრებული არ არის.

იმისათვის, რომ პროექტებმა შეინარჩუნონ ინდივიდუალურობა და არ დაემსგავსონ ერთმანეთს, რამდენიმე პრინციპს ვეყრდნობი: ფოკუსი უნდა იყოს ადამიანზე და არა – ალგორითმებზე. როდესაც პროექტი იქმნება კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესზე, მის ჩვევებსა და ინდივიდუალურ ისტორიაზე დაყრდნობით და არა – სოციალური ქსელების მოთხოვნებზე, ის ავტომატურად ხდება უნიკალური. ტრენდები იცვლება, მაგრამ ადამიანის ბუნებრივი საჭიროებები და კომფორტი – არა.

ვცდილობ, შევქმნა ისეთი სივრცეები, რომლებიც დროის მსვლელობასთან ერთად არ ძველდება, პირიქით უფრო ლამაზი ხდება.

სოციალური მედია მშვენიერი ინსტრუმენტია შთაგონებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, გქონდეს შინაგანი ფილტრი. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, ვსვამ კითხვას: იქნება თუ არა ეს სივრცე აქტუალური და კომფორტული ხუთი ან ათი წლის შემდეგაც? თუ პასუხი უარყოფითია, ის ტრენდია, რომელიც მალევე გაივლის.

საბოლოო ჯამში, ინდივიდუალურობა იბადება მაშინ, როდესაც  ვიწყებთ ისეთი სივრცეების შექმნას, რომლებიც გამოირჩევა თავისი ავთენტური ხმითა და ემოციით.

 

თქვენი გამოცდილებით, რა არის ინტერიერის დიზაინში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში? ამასთან ერთად, სად ხედავთ სფეროს განვითარების ყველაზე საინტერესო შესაძლებლობებს?

ინტერიერის დიზაინში დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროცესის ხარისხიანად და თანმიმდევრულად მართვაა.

საქართველოს კონტექსტში ეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. პირველ რიგში, გამოწვევაა ხარისხიანი მასალებისა და პროფესიონალური შესრულების ხელმისაწვდომობა. ხშირად რთულია ისეთი მასალის, ტექნოლოგიის ან შემსრულებლის მოძიება, რომელიც კონკრეტული პროექტის ტექნიკურ და ესთეტიკურ მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი შეხედვით მარტივი, მინიმალისტური გადაწყვეტების შესრულება. ვიზუალურად მარტივი ინტერიერი ხშირად ყველაზე მეტ სიზუსტეს მოითხოვს – მილიმეტრებში გათვლილ პროპორციებს, სწორ გეომეტრიას, უხილავ შეერთებებს, სუფთა ხაზებსა და დეტალების მაღალ ხარისხს.

კიდევ ერთი გამოწვევა სივრცის რაციონალურად გამოყენებაა. ხშირად ვმუშაობთ ტიპურ გეგმარებებთან ან შეზღუდულ ფართებთან, სადაც თავიდანვე ბევრი რამ არის განსაზღვრული.

ამ გამოწვევების პარალელურად, ძალიან საინტერესო ცვლილებებსაც ვხედავ. ადამიანები თანდათან იღლებიან ზედაპირული და სწრაფად ცვალებადი ტრენდებით და უფრო მეტად ეძებენ ინდივიდუალურ, ბუნებრივ და დროში მდგრად ინტერიერს. იზრდება ინტერესი ბუნებრივი მასალების, მშვიდი ფერთა პალიტრისა და ისეთი სივრცეების მიმართ, რომლებიც მხოლოდ ვიზუალურად არ არის მიმზიდველი, არამედ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასაც აუმჯობესებს.

მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა უბრალოდ „ლამაზი რემონტი“, არამედ ის ემოციური გამოცდილება, რომელსაც სივრცე ქმნის – რამდენად კომფორტულად და მშვიდად გრძნობ თავს საკუთარ გარემოში.

ვფიქრობ, ეს ცვლილება ჩვენი სფეროს განვითარებაზეც აისახება. ინტერიერის დიზაინი თანდათან უფრო გააზრებული, ინდივიდუალური და ხარისხზე ორიენტირებული ხდება.

დღეს რომ პროფესიული გზის დასაწყისში ბრუნდებოდეთ, რას ურჩევდით საკუთარ თავს? არის თუ არა ისეთი რამ, რაც ახლა იცით და რისი ცოდნაც მაშინ განსაკუთრებით გამოგადგებოდათ?

დღეს, რომ ჩემი პროფესიული გზის დასაწყისში ვბრუნდებოდე, ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეტყოდი მთავარს: ნუ შეგეშინდება. ახლა, როცა ამ გზას უკვე გარკვეული გამოცდილებით ვუყურებ, ვხვდები, რომ სწორედ ეს შიში იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება. თითოეული შეცდომა, სირთულე თუ მოულოდნელი გამოწვევა, საბოლოოდ, გამოცდილებად იქცევა და პროფესიულ ზრდაში გეხმარება. დიზაინი – ეს არის მუდმივი ძიების, დაკვირვების, სწავლისა და განვითარების პროცესი.

როცა ახალ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამ, ძალიან მარტივია, მზა შაბლონემა, ტრენდებმა ან სხვების შეფასებებმა საკუთარი ხმა დაგაკარგვინოს.

ვფიქრობ, რომ პროფესიული განვითარება, სწორედ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა საკუთარ გზას ირჩევ და განსხვავებული გადაწყვეტილებების არ გეშინია. Viam inveniam aut faciam – გზას ვიპოვი ან თავად შევქმნი.

შირმა, როგორც ხელოვნების ობიექტი — ინტერვიუ Triptych Studio-ს დამფუძნებლებთან