in ,

ნიკოლოზ ლეკვეიშვილის არგენტინული ჩანახატები ბერლინის Tchoban Foundation-ის კოლექციაში შევიდა

ქართველი არქიტექტორისა და TIMM Architecture-ის დამფუძნებლის, ნიკოლოზ ლეკვეიშვილის სამი გრაფიკული ნამუშევარი ბერლინში მდებარე არქიტექტურული ნახაზებისა და გრაფიკის მუზეუმის, Tchoban Foundation-ის მუდმივ კოლექციაში შევიდა. ამიერიდან ეს ჩანახატები მსოფლიო არქიტექტურული გრაფიკის ისტორიულ და თანამედროვე არქივს შეუერთდა.

ბერლინის მუზეუმის კოლექციაში შესული სამივე ნამუშევარი ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა 2024 წელს, ჩრდილოეთ არგენტინაში მოგზაურობისას, ტუშით შეასრულა. ეს ნამუშევრებია:

  • Salta, Argentina
  • Salta Cathedral, Argentina
  • Basílica de San Francisco, San Salvador de Jujuy, Argentina
San Salvador de Jujuy

„ჩემთვის ხელით ხატვა ადგილის შეცნობის ყველაზე ნელი და გულწრფელი გზაა. სწორედ ასე ვსწავლობ ფასადის გეომეტრიას, ქუჩის რიტმსა და შენობის წონას ქალაქის კონტექსტში. იმის დანახვა, რომ ეს ჩანახატები არქიტექტურული გრაფიკისადმი მიძღვნილი მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა, ჩემთვის უდიდესი პატივია“, – ნიკოლოზ ლეკვეიშვილი 

Salta Cathedral, Argentina

 

Tchoban Foundation – Museum for Architectural Drawing ბერლინში, პრენცლაუერ-ბერგის (Prenzlauer Berg) კულტურულ კვარტალ Pfefferberg-ში მდებარეობს. ფონდი ცნობილმა არქიტექტორმა და კოლექციონერმა, სერგეი ჩობანმა (Sergei Tchoban) დააფუძნა 2009 წელს, ხოლო მუზეუმის შენობა 2013 წელს გაიხსნა (არქიტექტურული ბიურო SPEECH). თავად ნაგებობა ექსპრესიული, ერთმანეთზე დაშენებული ბეტონის ბლოკებისგან შედგება, რომლის რელიეფურ ფასადებზეც ისტორიული არქიტექტურული ნახაზების ფრაგმენტებია ამოტვიფრული.

მუზეუმის მთავარი მისია ხელით შესრულებული არქიტექტურული ნახაზებისა და გრაფიკის კულტურის შენარჩუნება და პოპულარიზაციაა. ფონდის კოლექცია მსოფლიო არქიტექტურის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებს აერთიანებს — XVI საუკუნის რენესანსის ოსტატებიდან დაწყებული (ჯოვანი ბატისტა პირანეზი, ჯაკომო კვარენგი), XX-XXI საუკუნის ავანგარდული და თანამედროვე ავტორების (ზაჰა ჰადიდი, პიტერ კუკი, ალდო როსი, ლებეუს ვუდსი) ნამუშევრებით დამთავრებული.

ქართველი არქიტექტორის ნამუშევრების განთავსება ამ საერთაშორისო არქივში განსაკუთრებული აღიარებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელით ხატვის, როგორც არქიტექტურული აზროვნებისა და სივრცითი ანალიზის მედიუმის მნიშვნელობას თანამედროვე ციფრულ ეპოქაში.


ნიკოლოზ ლეკვეიშვილის შესახებ

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი არქიტექტორი და მულტიდისციპლინური სტუდია TIMM Architecture-ის დამფუძნებელია (ოფისებით თბილისსა და მილანში). მან არქიტექტურული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politecnico di Milano) მიიღო.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი მუშაობდა სტამბოლში, ინდოეთსა და იტალიაში. იტალიაში მისი თეზისის ოფიციალური ხელმძღვანელი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი სტეფანო ბოერი (Stefano Boeri) იყო.

ლეკვეიშვილისა და TIMM Architecture-ის მიდგომა აერთიანებს მკაცრ კვლევით პროცესს, ურბანული ქსოვილის სიღრმისეულ გააზრებას, კონტექსტუალურ მგრძნობიარობასა და მატერიალურობის კვლევას. სტუდიის საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს ვენეციისა და ბუენოს-აირესის ბიენალეებში მონაწილეობას, სადაც TIMM Architecture-ის ნაშრომები იყო გამოფენილი.

პრაქტიკულ მშენებლობასთან ერთად, ნიკოლოზი აქტიურად ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებსა და ხელმძღვანელობს ვორქშოფებს. ამასთანავე, ხელით ხატვა მისთვის რჩება მთავარ მეთოდად, რომლითაც ის სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და სივრცით ლოგიკას აკვირდება და აანალიზებს.

სივრცე, სადაც დიზაინი პრიორიტეტია – ინტერვიუ Mockup Room-ის დამფუძნებელთან