in

თანამედროვე ვიტრაჟული სახლი მთის ფერდობზე

Alliance Group
Alliance Group

კალიფორნიაში ცხოვრება შეიძლება ახდენილ ოცნებას ჰგავდეს, თუმცა, როგორც ცნობილია ამ ადგილის ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე ხშირი ტყის ხანძრებია, რასაც ყოველწლიურად უდიდესი ზარალი მოაქვს.

სწორედ ასეთი ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის ადგილას აშენდა ეს ულამაზესი საცხოვრებელი ნაპა ველიში, რომელიც მთაზე დგას და რეგიონის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს.

სახლის მეპატრონეების უმთავრესი სურვილი იყო, რომ გარშემო არსებული ულამაზესი ბუნება ინტერიერშიც ასახულიყო. ამ მიზნის განსახორციელებლად კი მათ სტუდია Atelier Jørgensen-ის დამფუძნებელს, არქიტექტორ ბრენდონ იორგენსენს (Brandon Jørgensen) მიმართეს.

საპროექტო დავალების გათვალისწინებით, იორგენსენმა შექმნა შენობა, რომელსაც გააჩნია დიდი ზომის ვიტრაჟები, რაც უზრუნველყოფს მზისა და მთვარის შუქის შემოდინებას სახლში და რაც მთავარია, ინტერიერისა და ექსტერიერის მჭიდრო კავშირს.

ინტერიერი გადაწყვეტილია ნათელ, მაგრამ ამავდროულად რბილ ტონებში. საკმაოდ საინტერესოა მისაღები ზონა, სადაც მომრგვალებული ტახტი ისეა განლაგებული, რომ ფანჯრების მიღმა არსებული ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა. აქვეა პატარა სასადილო ზონაც, რომელიც კიბის ქვეშ არის განთავსებული.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჰორიზონტალური ფანჯარა სამზარეულოს წინსაფრის ზემოთ, რომელიც შესაძლებელს ხდის ბუნებასთან კავშირის ქონას საკვების მზადების პროცესშიც კი.

სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ზემოთ განთავსებულია საძინებელი ლოფტის სტილში. ამ სივრცის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ საწოლიდან ცითა და ღრუბლებით ტკბობაა შესაძლებელი.

რაც შეეხება სველ წერტილებს, სახლის საერთო ინტერიერისგან განსხვავებით, მათი ფერთა გამა ბევრად გამოხატული და მკვეთრია. აბაზანაში არსებული დიდი ზომის ფანჯარა კი გარკვეულწილად შლის ზღვარს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის და ეზოს საშხაპეს მოგვაგონებს.

Homeisინსპირაცია: გაერთიანებული სამზარულო და სასადილო ზონა – რამდენიმე ნიმუში შთაგონებისთვის

რა ეტაპებს მოიცავს რემონტი ახალაშენებული კორპუსის ბინაში