in

დიზაინერი და დამკვეთი — როგორ უნდა გამოინახოს საერთო ენა მათ შორის?

დიზაინერს შეიძლება ჰქონდეს ბრწყინვალე განათლება და უდავო ნიჭი, დამკვეთს კი — დიდი ბიუჯეტი და კარგი გემოვნება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, შესაძლოა, მათი თანამშრომლობა ვერ შედგეს. ყველაზე ხშირად კი მიზეზი არასწორი კომუნიკაციაა. დღეს სწორედ ამ პრობლემის შესახებ ვისაუბრებთ და დავადგენთ, როგორ უნდა შედგეს კომუნიკაცია ისე, რომ დიზაინერისა და მომხმარებლის ტანდემმა საურველი შედეგი გამოიღოს.

თუ დიზაინერი თქვენ ხართ

ხანდახან სიტუაცია, როდესაც მომხმარებელს ხასიათით ვერ ეწყობით, იმდენად დამღუპველია ნერვული სისტემისთვის, რომ გიჩნდებათ პროექტის შეწყვეტის სურვილი, თუნდაც ავანსის დაბრუნება გახდეს საჭირო. იმისათვის, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, პროდუქტიული ურთიერთქმედების ძირითადი წესები უნდა გახსოვდეთ.

ისაუბრეთ გარკვევით

შეეცადეთ, მეტყველებისას თავი აარიდო სპეციფიკურ პროფესიულ ტერმინებს, მაშინაც კი, თუ დამკვეთი, დასტურის ნიშნად, თავს გიქნევთ. გაითვალისწინეთ, ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ უჭირს იმის აღიარება, რომ რაღაც ვერ გაიგო.

მომხმარებელს ნათლად განუმარტეთ სამუშაო პროცესის ეტაპები და მათი ყურადღება გაამახვილეთ იმ მომსახურებაზე, რომელიც დამატებით გადახდას საჭიროებს, რათა ეს მოულოდნელი არ აღმოჩნდეს.

იხელმძღვანელეთ

პროექტს თქვენ ხელმძღვანელობთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებლის იდეები უგულებელყოთ. იმ შემთხვევაშიც, თუ დამკვეთის მოსაზრებები აბსურდულად გეჩვენებათ, მათი ადაპტაცია უნდა ცადოთ.

მოუსმინეთ, შეეცადეთ გაიგოთ, მაგრამ სადავეები მომხმარებელს არ გადასცეთ. თუ პროექტს მთლიანად კარნახით შეასრულებთ, შეიძლება შედეგი ცვლილებების გაუთავებელი სერია იყოს. კლიენტს არ აქვს სპეციალური განათლება და გაწვრთნილი თვალი, რათა საკუთარი გადაწყვეტილებების თავსებადობა და რაციონალურობა შეაფასოს, ამიტომ საბოლოო შედეგი შეიძლება მრავალჯერად ცვლილებას მოითხოვდეს. შეეცადეთ დაუყოვნებლივ გადაიტანოთ მომხმარებლის შემოქმედებითი ყურადღება იმისგან, რაც არ გამოდგება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ საქმე არა თქვენს შემოქმედებით თვითგამოხატვას, არამედ სხვა ადამიანისთვის ინტერიერის შექმნას ეხება.

დასვით კითხვები

მაშინაც კი, თუ დამკვეთი ჩუმია, ღირს არა მხოლოდ იმის გარკვევა, თუ რისი ნახვა სურს მას ინტერიერის პროექტში, არამედ მიზეზში ჩაძიებაც. დასვით კითხვები ყველა ეტაპზე, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ შესავალი საუბრით.

თუ დამკვეთი კონფლიქტურია, თავი არ დაიცვათ და რა თქმა უნდა, იმავეთი არ უპასუხოთ. დასვით კითხვები, გაარკვიეთ, კონკრეტულად რა არ მოსწონს მას და დეტალებს ჩაუღრმავდით.

ამ მიდგომით მომხმარებელი იგრძნობს, რომ მას უსმენენ, სწრაფად შეწყვეტს თქვენთან კონფლიქტს და კომპრომისზე წამოვა. თქვენ კი მიმდინარე მოვლენების შესახებ ზუსტი სურათით იქნებით უზრუნველყოფილი, რაც ხელახალი სამუშაოების რაოდენობას შეამცირებს.

წინასწარ მიუთითეთ შესწორებების რაოდენობა

შეხვდებით კლიენტებს, რომლებსაც ყოველთვის რაღაც აკლიათ და მრავალი სხვადასხვა ვარიანტის გამოცდის სურვილი გააჩნიათ. ამისთვის უნდა მოემზადოთ და მომხმარებელს გააცნოთ იმ რედაქტირებების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა, რომელთა პროექტში შესატანადაც მზად ხართ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ კონკრეტული პროექტისთვის არც პირველი და არც მეორე დიზაინერი ხართ, ალბათ, საქმე რთულ მომხმარებელთან გაქვთ. წინასწარ გადაწყვიტეთ, რამდენად მზად ხართ ასეთ პირობებში მუშაობისთვის.

მოიშველიეთ ფსიქოლოგია

პატივი ეცით დამკვეთის პირად საზღვრებს. ცხოვრების სტილისა და მსოფლმხედველობის შესახებ ცნობების შეგროვება ფსიქოლოგიურად ყველასთვის კომფორტული არ არის. დამკვეთის პრეფერენციების დასადგენად „ტესტირების“ მოწყობისას, იქონიეთ ინდივიდუალური მიდგომა. საუბრის მოყვარული მომხმარებელი ყველაფერს თავად იტყვის, საკმარისია, მისი აზრების დინება წარმართოთ. „ჩაკეტილ“ მომხმარებელს უნდა აუხსნათ, რატომ სვამთ თითოეულ შეკითხვას და როგორ იმოქმედებს ეს პროექტზე.

მომხმარებელთან „მეგობრობა“ აუცილებელი არ არის, მთავარია დელიკატურობა არ დაივიწყოთ.

კარგი იდეაა იმ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა, ვისთანაც მუშაობთ. თუმცა თქვენი ორიენტირი ზუსტი „დიაგნოზების“ დასმა და ფსიქოლოგიური იარლიყების მიკერება არ უნდა იყოს. ბევრისთვის საკუთარი თავის აღქმისა და შინაგანი პრეფერენციების ვიწრო ჩარჩოში მოქცევის მცდელობა არასასიამოვნო იქნება.

თუ დამკვეთი ხართ

იმისთვის, რომ დიზაინერის მომსახურებით იმედგაცრუებული არ დარჩეთ, კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და შედეგად არ მიიღოთ პროექტი, რომლისგანაც მეტს მოელოდით, ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების ათვისებისთვის მოემზადეთ.

საკითხს ჩაუღრმავდით

დაუთმეთ დრო დიზაინერის შერჩევას, შეისწავლეთ მისი პორტფოლიო, ჰკითხეთ განხორციელებულ პროექტებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

თავდაპირველად ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ დიზაინერისგან. მიზნების გადაწყვეტის შემდეგ კი ჩაწერეთ დეტალები ხელშეკრულებაში, მაშინაც კი, თუ დიზაინერი მეგობრების ახლო მეგობარია ან თქვენი დედის კოლეგის ქმრის ძმაა.

ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება. შეიქმენით მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები შედის ფასში, რომელი სერვისებისთვის მოგიწევთ დამატებით გადახდა და ა. შ.

მოემზადეთ სასაუბროდ

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საუბარი გიწევთ ისეთ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც დიზაინერისთვის საჭირო არ არის. ეს არა ცნობისმოყვარეობისთვის, არამედ დამკვეთის ბუნების უკეთ გაგებისა და მისთვის შესაბამისი პროექტის შექმნის მიზნით კეთდება. შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და დიზაინერი თითოეულ ეტაპზე უკუკავშირით უზრუნველყოთ.

თქვენ არ გჭირდებათ დიზაინერთან მისვლა სრულიად ჩამოყალიბებული „სურათით“, რომელიც მან უბრალოდ ქაღალდზე უნდა გადაიტანოს, მაგრამ საკუთარი პრეფერენციების წინასწარ განსაზღვრა სასარგებლო იქნება.

მოემზადეთ იმისთვის, რომ ზოგიერთი სურვილი შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი იყოს. ნება მიეცით დიზაინერს, თავისი ვარიანტები შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ დათმობთ თქვენთვის პრინციპულ საკითხებს, რომლებიც თქვენს ბიუჯეტს ან საღ აზრს არ ეწინააღმდეგება.

შესაძლოა, თქვენი შეხედულებები შეიცვალოს, ამისთვის ნებისმიერი დიზაინერი მზადაა, ამიტომ წინასწარ შეთანხმდით შესწორებების შესაძლებლობასა და რაოდენობაზე. მაგრამ გახსოვდეთ, თუ დამკვეთის სურვილები ყოველ წამს იცვლება, დიზაინერისა და მომხმარებლის თანამშრომლობა გართულდება, პროექტი კი ნაძალადევი გამოვა.

ახსენით, კონკრეტულად რა არ მოგწონთ

აუხსენით დიზაინერს, რა გრძნობებსა და ასოციაციებს იწვევს თქვენში „არასწორი ელფერი“, რატომ არ მიგაჩნიათ ესა თუ ის გადაწყვეტა პრაქტიკულად, შეეცადეთ დაადგინოთ, რა გაღიზიანებთ პროექტში. შესაძლოა, დიზაინერმა თქვენი ეჭვების გაფანტვა მარტივად მოახერხოს ან მცირე ცვლილებებით თქვენი დამოკიდებულება შეცვალოს.

თუ „სურვილების სიაში“ წინასწარ დარწმუნებული არ ხართ, შეეცადეთ მოითხოვოთ სხვადასხვა განწყობის გამომწვევი ესკიზები, რადგან თითქმის იდენტურ ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთება რთულია.

რედაქტირებებისას მნიშვნელოვანია დროულად გაჩერება. თუ თანამშრომლობა არ გამოდის, უმჯობესია დიზაინერთან მუშაობა შეწყვიტოთ, ვიდრე შემდეგ არასასურველმა შედეგმა დაგტანჯოთ.

მოერიდეთ კონფლიქტს

გახსოვდეთ, რომ თანამშრომლობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სრული კონტროლი ან კამათი. თუ დიზაინერის ნამუშევარი არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ „გადატვირთვის ღილაკს“ დააჭიროთ და ერთად შეხედოთ პროექტს სხვა გადმოსახედიდან. ზოგჯერ საკმარისია ცოტა ხნით „პრობლემური“ ოთახიდან ყურადღების გადატანა და სხვა ოთახის დიზაინზე ორიენტირება.

წარმატებული პროექტი დიდწილად არის დამოკიდებული თანამშრომლობისა და მოსმენის უნარზე. თუ კომუნიკაცია სწორად შედგება, შედეგი შეიძლება გასაოცარი იყოს, პროცესი კი — საინტერესო.

ყვავილების გამოწერის ავტომატური სერვისი “Ameliehome.ge” – “ამელის” მორიგი სიახლე

შესასვლელი კარი – რა ვარიანტები არსებობს?