in

იტალიური დიზაინის ოსტატი – აკილე კასტილიონი და მისი საკულტო ნამუშევრები

აკილე კასტილიონი (1918-2002 წლები) 16 თებერვალს მილანში, შემოქმედებით ოჯახში დაიბადა. მისი მამა მოქანდაკე იყო, ხოლო ორივე უფროსი ძმა ხელოვნებით იყო გატაცებული და არქიტექტურის გზას გაჰყვა. 1937 წელს აკილე მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც მან ომის შემდეგ – 1944 წელს დაამთავრა და ძმებთან ერთად, რომლებსაც უკვე ჰქონდათ საკუთარი დიზაინის ბიურო, დაიწყო მუშაობა დაბომბვის დროს განადგურებული შენობების აღდგენაზე.

1952 წელს მისი უფრო ძმა – ლივიო პენსიაზე გავიდა, ხოლო შემოქმედებითი ტანდემი აკილესა და მეორე ძმას – პიერ ჯაკომოს შორის 1968 წლამდე, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ძმები კასტილიონების ნამუშევრებმა დიდწილად განსაზღვრა ომისშემდგომი იტალიური დიზაინის განვითარება. მათმა შემოქმედებამ მსოფლიო მუზეუმების კოლექციებში დაიკავა ადგილი და ძმების ნამუშევრები დღემდე ყველა დიზაინის მცოდნისთვის საკულტოა. დღევანდელ სტატიაში კი მათგან ყველაზე ცნობილებს წარმოგიდგენთ.

ტორშერი Luminator, Flos, 1954 წელი

Luminator აკილე და პიერ ჯაკომო კასტილიონების მიერ 1954 წელს შეიქმნა და დღემდე მას Flos-ის ქარხანა აწარმოებს. დიზაინერები სიმარტივესა და ფუნქციონირებას ეყრდნობოდნენ. ეს ობიექტი ძმების მთავარი შემოქმედებითი კრედოს აშკარა განსახიერებაა: „მინიმალური საშუალებებით მაქსიმალური შედეგების მიღწევა.“

სკამი Mezzadro, Zanotta, 1957 წელი

ეს მოდელი იტალიური დიზაინის კიდევ ერთი საკულტო ნიმუშია, რომელიც ძმებმა კასტილიონებმა 1950-იანი წლების ბოლოს შექმნეს. იგი ნებისმიერი იმპროვიზებული საშუალებით ავეჯის შექმნის იდეას ეფუძნება. მართლაც, ობიექტი, რომელიც დღეს დიზაინის ისტორიის ყველა სახელმძღვანელოშია შეტანილი, XX საუკუნის დასაწყისის ტრაქტორის ძველი სავარძლისგან, მოხრილი რკინის ფეხისგან და ხის სადგამისგან არის აწყობილი. პროტოტიპი კომპანია Isa-მ გამოუშვა, მაგრამ მოდელს 1970 წლიდან Zanotta-ს ქარხანა აწარმოებს.

სკამი Sella, Zanotta, 1957 წელი

1957 წელსვე ძმებმა სათადარიგო ნაწილებისგან კიდევ ერთი სკამი გააკეთეს: ველოსიპედის სკამი, ფოლადის ძელი და რკინის საყრდენი, რომელზეც მთელი სტრუქტურა სხვადასხვა მიმართულებით ტრიალებს. მოდელის დასახელება – „Sella” იტალიურად „უნაგირს“ ნიშნავს. აკილე კასტილიონიმ ამ ობიექტის დიზაინის ისტორიაზე ისაუბრა: „როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობ, მიყვარს წინ და უკან სიარული, თუმცა იმავდროულად ჯდომაც მომწონს. ეს სკამი კი ორივეს ერთდროულად გაკეთების საშუალებას გაძლევთ.“ ძველებური ტელეფონები უკვე დიდი ხანია, რაც დავიწყებას მიეცა, მაგრამ Zanotta, კლასიკური დიზაინის დამფასებლებისთვის, Sella-ს წარმოებას კვლავ განაგრძობს.

სავარძელი Sanluca, Poltrona Frau, 1960 წელი

სავარძელი Sanluca კლასიკური სავარძლის ტიპური თანამედროვე ინტერპრეტაციაა. მოდელის ფორმა და ერგონომიკა იმ დროისთვის აბსოლუტურად ინოვაციური იყო და დღემდე აქტუალური რჩება. მისი წარმოების პროცესიც უჩვეულოა. დიზაინერების ჩანაფიქრის მიხედვით, თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე მზადდება და შემდეგ ერთდება. პირველი ნიმუშები Gavina-მ დაამზადა, შემდეგ მისი წარმოება განაგრძო Knoll-მა (1969), Bernini-მ (1990) და ბოლოს, 2004 წლიდან ამ მოდელს იტალიური ავეჯის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი – Sanluca აწარმოებს.

ჭაღები Taraxacum და Gatto, Flos, 1960 წელი

1960-იან წლებში აკილე და პიერ ჯაკომო კასტილიონები აქტიურად თანამშრომლობდნენ Flos-სთან, რომელთან ერთადაც აქტიურად შემოიტანეს Cocoon ტექნოლოგია: ლითონის ბაზაზე სინთეტიკური ფისის გამოყენებით ისინი ერთგვარ გამჭვირვალობის ეფექტს ქმნიდნენ. ამ ტექნიკის საშუალებით მათ შექმნეს რამდენიმე მოდელი, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.

ტორშერი Arco, Flos, 1962 წელი

ეს მოდელი ძმების მიერ 1962 წელს Flos-ისთვის შეიქმნა და მსოფლიო დიზაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყალბებული მოდელია. ის გვხვდება ცნობილი ადამიანების სახლებში, ჟურნალების ყდებზე, ფილმებში (ეს მოდელი „კაცები შავებში“-ს შტაბ-ბინას ამშვენებდა). ტორშერის ძირი თეთრი მარმარილოსგან არის დამზადებული და 65 კგ-ს იწონის. მისი ადგილიდან გადატანა ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა დიზაინერების მიერ მოფიქრებული ხრიკი: ქვის ძირის ორივე მხარეს არის სპეციალური ხვრელები, რომლებშიც შეგიძლიათ ჯოხები მოათავსოთ და მათი საშუალებით ობიექტი მარტივად გადააადგილოთ.

სანათი Taccia, Flos, 1962 წელი

„მერსედესი სანათების სამყაროში“ და“წარმატების სიმბოლო“ – ასე შეაფასა აკილე კასტილიონიმ საკუთარი სანათი – Taccia. ამ მოდელის დიზაინი მარტივია, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური: ნათურა იმალება საფუძველში, რომელზეც მოთავსებულია მინის დიდი დიფუზორი, დაფარული ალუმინის რეფლექტორით. შედეგად, იქმნება სასიამოვნო არეკლილი შუქი, რომლის მიმართულება უბრალოდ მინის დიფუზორის დახრის საშუალებით რეგულირდება.

რადიოლა Brionvega RR126, 1965 წელი

ეს მოდელი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ დიზაინით, არამედ ტექნოლოგიითაც. მისი მთავარი „ხრიკი“ არის ორიგინალური დიზაინი, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, მისი გადაკეცვის შესაძლებლობას იძლევა. Brionvega RR126 ხისგან ხელით მზადდებოდა, ამიტომ თითოეული პროდუქტი უნიკალური იყო და სხვებს არ ჰგავდა.

კედლის საათი Firenze, Alessi, 1965 წელი

ეს კედლის საათი ძმებმა კასტილიონებმა დააპროექტეს 1965 წელს La casa abitata-ს ექსპოზიციისთვის Palazzo Stozzi-ში ფლორენციაში. გამოფენაზე ნაჩვენები პროტოტიპი Lorenz-ის მიერ არის დამზადებული, მაგრამ მოდელი მასიურად 1990-იანი წლების შუა ხანებამდე არ გამოსულა.

სასმისი Paro, Danese, 1983

1968 წელს ძმის გარდაცვალების შემდეგ აკილემ მუშაობა განაგრძო, როგორც მარტო, ისე სხვა დიზაინერებთან ერთად. სასმისები Paro ოსტატის მიერ 1983 წელს შეიქმნა და Danese-მა გამოუშვა. მისი საინტერესო დიზაინი ნებისმიერი მნახველის ყურადღებას მიიპყრობს.

წიგნების თარო Joy, Zanotta, 1989 წელი

კიდევ ერთი ორიგინალური ნამუშევარი 1980-იანი წლებიდან არის Joy, რომელიც არსებითად Basello-ს კონსოლის კრეატიული გადამუშავებაა. ეს უკანასკნელი მოდელი კი აკილეს მიერ ორი წლით ადრე შეიქმნა. Joy დამზადებულია სხვადასხვა ზომის რამდენიმე ხის კონსოლისგან, ისინი დამაგრებულია ფოლადის ღეროზე და შესაძლებელია მათი ნებისმიერი მიმართულებით შემობრუნება.

სავარძელი 40/80, Moroso, 1999 წელი

სიცოცხლის ბოლო წლებში აკილე კასტილიონი არა მხოლოდ დიზაინით იყო დაკავებული, არამედ მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მრავალ თანამედროვე დიზაინის ვარსკვლავს ასწავლიდა. მისი სტუდენტი იყო, მაგალითად, პატრიცია ურუიოლა. აკილეს ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან მუშაობა და ხშირად იწვევდა მათ რაიმეს შესაქმნელად. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო სავარძელი 40/80, რომელიც აკილემ 1999 წელს ფერუჩიო ლავიანთან ერთად Moroso-სთვის შექმნა. „აკილე კრემონაში პრეზენტაციით ჩამოვიდა და პირველად შევხვდი იმას, ვისაც ჩვენი დროის უდიდეს დიზაინერად მივიჩნევდი. ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ჩვენი გაცნობა ერთობლივი მუშაობით დაგვირგვინდებოდა“ – განაცხადა ლავიანმა ამ პროექტის შესახებ.

ინტერიერი ნეიტრალურ ტონებში: 31 საინტერესო იდეა შთაგონებისთვის – #Homeisინსპირაცია

გაერთიანებული სამზარეულო-მისაღები -7 პრაქტიკული რეკომენდაცია