in

ამერიკული სტილი ინტერიერის დიზაინში – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

თუ ამერიკულ ფილმებსა და სერიალებს ხშირად უყურებთ, მაშინ ამერიკული ინტერიერის დიზაინის სტილის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. ჰოლივუდურ სცენებში ხშირად გვხვდება გაერთიანებული სამზარეულო-სასადილო ოთახები კუნძულებითა და დიდი მაგიდით, რომელსაც მთელი სამეგობრო და ოჯახი შეიძლება მიუსხდეს, სასტუმრო ოთახი, რომელიც ინდივიდუალური, სახასიათო ავეჯითაა დაკომპლექტებული, ინდივიდუალური აქსესუარები და სხვა დეტალები, რომლებიც ხშირად გვანდომებს ჩვენი ინტერიერის ფილმებში ნანახი სახლებისთვის დამსგავსებას.

ამერიკულ ინტერიერის დიზაინზე საუბრისას გვახსენდება ცნობილი სერიალი Friends, სადაც მოქმედება ძირითადად მონიკასა და რეიჩელის ბინაში ვითარდება. მათ ბინაში ყურადღებას იქცევს გამყოფი ელემენტების არარსებობა – სასადილო-სამზარეულო და სასტუმრო ოთახი გაერთიანებულია და მათ შორის არც კარი და არც კედელი გვხვდება. ეს დეტალი ამერიკული ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სივრცის გათავისუფლების მიზნით ის ოთახები, სადაც ხალხი თავს იყრის, შეერთებულია და თავისუფლადაა დაგეგმარებული.

ამერიკული ინტერიერი შთაგონებულია კლასიკური ინგლისური დიზაინით, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო, თუმცა მათ შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა. ამერიკული დიზაინი მეტად კრეატიული, შემოქმედებითი და უნივერსალურია და სახლისა თუ ბინის პატრონის ინტერესებს უფრო მეტად ავლენს. მაგალითად, ამერიკულ ინტერიერში უფრო ფართო ფერთა სქემას ვხვდებით – მასში პოპულარულია ბეჟი, ბაცი ნარინჯისფერი, ღია ლურჯი, მწვანე და ყავისფერი ტონები, თუმცა ხშირად შეხვდებით ასევე უფრო გამბედავ, მუქ ფერებს – შინდისფერს, თეთრს, მუქ ლურჯს, ვარდისფერს… შპალერების შემთხვევაში განსხვავებულ ტრენდს ვაწყდებით. მათ იშვიათად იყენებენ ოთახის ოთხივე კედელზე და უფრო ხშირად აქა-იქ, გაფანტულად აკრავენ, რათა ინტერიერის საერთო კომპოზიციაში დისონანსი შეიქმნას და ის უფრო გამორჩეული გახდეს.

ამერიკული სასტუმრო ოთახის კონცეფცია ბევრი ჩვენგანისთის ბავშვობიდან სანატრელი და მისაბაძია. ამ ოთახის დიზაინში პოპულარულია ხის იატაკი, ხის კიბე და ხანდახან ხის პანელებიც კი, ვინაიდან ეს მასალა ყველაზე მეტად გვაგრძნობინებს თავს სახლში. დივანი, რამდენიმე კომფორტული სავარძელი, დაბალი ჟურნალის მაგიდა, თბილი ტონის განათება, ბუხარი და წიგნების თაროები ოთახს კრავს და შინაურულ ატმოსფეროს სძენს, თუმცა ამერიკული სასტუმრო ოთახის შექმნის ნამდვილი საიდუმლო თქვენივე გემოვნებასა და ცხოვრების სტილში იმალება – არ მოერიდოთ თქვენი ინტერესების გამომჟღავნებას, შემატეთ ოთახს ხალიჩები, თქვენი ოჯახის წევრების ჩარჩოში ჩასმული ფოტოები, შანდლები, ნახატები და ა.შ.

საძინებლები და სააბაზანოები, სასტუმრო ოთახისა თუ სასადილო სივრცისგან განსხვავებით, პირადი სივრცეა. ამერიკული სტილი კი განმარტოვების აუცილებლობას პატივს სცემს, ამიტომ ისინი იზოლირებულია სწორედ იმ გამყოფი დეტალებით, რომლებსაც სახლის დანარჩენ ნაწილებში ძირითადად ვერ შევხვდებით. ტიპურ ამერიკულ საძინებელში არაა გამოყენებული დეკორაციული ელემენტები, ისინი უფრო მეტად კომფორტულობისა და სიმშვიდისკენაა მიდრეკილი. აქ ავეჯი მასიური, სტაბილური და ცოტაა. მაგალითად, გვხვდება განიერი საწოლი, გარდერობი, კომოდი. თუ ოთახის ფართობი ამის საშუალებას იძლევა, გარდერობს ცალკე ოთახადაც ხშირად გამოყოფენ. რაც შეეხება ფერთა პალიტრას, საძინებლებში მშვიდი ფერებია გამეფებული – ეს შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე მუქი ფერი, თუმცა არავითარ შემთხვევაში მყვირალა, ყურადღების მარტივად მიმქცევი ფერი, რომელიც ოთახს მშვიდ ატმოსფეროს დაუკარგავს.

ამერიკულ ინტერიერში ყველაზე ცნობილი ოთახი სამზარეულოა, რომლის დიზაინი სხვა ქვეყნების მიერ ყველაზე ფართოდაა ათვისებული. ესაა ოთახი, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტ დროს ატარებენ, ამიტომ თუ ამერიკული სამზარეულოს ელემენტების თქვენს ინტერიერში გადმოღებაზე ფიქრობთ, ყურადღება მიაქციეთ მის სივრცულობას –  ამერიკული სამზარეულო ხასიათდება ცენტრალიზებული, ღია გეგმით, რომლის წყალობით მასში მოძრაობა, კერძების მომზადება და დალაგება არა პრობლემატური, არამედ სასიამოვნოა. კერამიკული თუ ქვის ნიჟარა ტრადიციულად ფანჯარასთანაა განთავსებული. ამერიკელები უპირატესობას ანიჭებენ სამზარეულოს ხის ავეჯსა და დეკორაციებს, პანელურ ფასადებს და ფერების ნეიტრალურ ტონებს. ამერიკული სამზარეულოს ინტერიერის შექმნისას დიზაინერები ცდილობენ მაქსიმალურად ბევრი სათავსო შექმნან ოთახში, რათა ყოველდღიურად საჭირო უამრავ წვრილმან ნივთს ადგილი მოეძებნოს და სამზარეულოში არეულობისგან თავის არიდება მარტივად მოხერხდეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამერიკული სამზარეულოების სანათების უნიკალური განლაგება – ისინი ფუნქციურადაა დახარისხებული და იმ ზონებს ანათებს, სადაც ყველაზე ხშირად გვიწევს მოძრაობა. სამზარეულო ძირითადად გაერთიანებულია სასადილო და სასტუმრო ოთახებთან, ამიტომ სივრცეების ფუნქციების გასამიჯნად შეიძლება შეგვხვდეს თაღები, განსხვავებული მასალა იატაკის დაგეგმარებისას, ა.შ.

ამერიკული ინტერიერის მთავარი მახასიათებელი მისი ავეჯია, ამიტომ თუ ჩვენს სახლებში დასავლური, ოჯახური და უნიკალური დიზაინის შექმნა გვსურს, ყურადღებითა და ზრუნვით უნდა შევარჩიოთ ისეთი ავეჯი, რომელიც მოდის ცვლილებებსა და დროს გაუძლებს, ოთახებში განსხვავებულ შტრიხს შეიტანს და თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს.

საქართველოში ამერიკული ინტერიერის შესაქმნელად საჭირო ავეჯს მაღაზია Ashley Homestore გვთავაზობს. მათ კოლექციაში სახლის ყველა ოთახის ავეჯს შევხვდებით, რომლებიც საოცარი ფერთა კომბინაციით, ხარისხითა და დახვეწილობით გამოირჩევა და ყველა გემოვნებას თუ საჭიროებას ერგება.

Ashley Homestore დეტალურად აფიქსირებს ამერიკული ინტერიერის მთავარ პრინციპებს – მათი რბილი ავეჯის კომპლექტები, მაგიდები და სანათები იდეალური კომბინაციების შექმნის საშუალებას გვაძლევს, რომლებიც თქვენს ინტერიერს დაუვიწყარს და მყუდროს გახდის და, რაც მთავარია, დაგვაფასებინებს სახლის ჭეშმარიტ მნიშვნელობას.

როგორ შევქმნათ საწოლის თავის იმიტაცია – რამდენიმე ორიგინალური ვარიანტი

რემონტის გიდი: გასაჭიმი ჭერის ძლიერი და სუსტი მხარეები