in

წყალზე მოტივტივე სახლი ამსტერდამში

Alliance Group
Alliance Group

ეს სახლი ამსტერდამის ერთ-ერთ არხში განთავსებული მოტივტივე „სოფლის“, Schoonschip-ის ნაწილია, რომელშიც სულ რაღაც 46 სახლია განთავსებული დაახლოებით ასი მოსახლით. ამ კონკრეტული სახლის პროექტი არქიტექტურულ სტუდია i29-ს ეკუთვნის და წარმოადგენს მისაბაძ მოდელს ყველასთვის, ვისაც ორიგინალური და ეკოლოგიურად მეგობრული სახლის აშენება სურს.

ეს ტერიტორია ენერგიულად დამოუკიდებელია, ვინაიდან წყლის მუდმივწარმოებად ენერგიას მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ მთელი სოფელი წრიულადაა დაგეგმარებული და  სწორედ ამიტომ მინიმალურ რესურსს საჭიროებს.  46 სახლს ერთმანეთთან და ნავმისადგომთან ჯებირები აკავშირებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობისთვის თავშეყრის ადგილის ფუნქციასაც ითავსებს.

მოტივტივე სოფლის ჭკვიანური დაგეგმარებისა და სახლების ტერიტორიის ფიქსირებული მდგომარეობის გამო თითოეულ მოსახლეს შეეძლო საკუთარი სურვილის მიხედვით დაეპროექტებინა სახლის როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი.

ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარი მოტივტივე სახლის პროექტის შედგენა არქიტექტურულ სტუდია i29-ს შეუკვეთა. მათი სურვილი იყო სივრცის მაქსიმალურად გათავისუფლება ისე, რომ სახლის ფორმა არ შეცვლილიყო – წყლის ზედაპირზე მდებარე სახლს ორფერდა სახურავი აქვს.

 

I29-ს საკუთარი მიდგომა აქვს – მათთვის სახლის არქიტექტურული პროექტი და ინტერიერის დიზაინი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, რათა საბოლოო შედეგი ერთიანი იყოს. ამ მოტივტივე სახლის ექსტერიერზე მუშაობისას არქიტექტორებმა ჯერ მისი შიდა სივრცე და პოტენციალი შეისწავლეს.

სახლის გარეთა სივრცე გადიდებულია ტერასით, რომელიც ზუსტად წყლის დონეზეა. ინტერიერი და ფასადი სახლიდან გადაშლილ ხედს უსვამს ხაზს და შენობაში გადაადგილებასთან ერთად სულ სხვადასხვა პეიზაჟითაა შესაძლო ტკბობა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ  ეკონომიურია, ჭკვიანური დაგეგმარების წყალობით ის მაინც ახერხებს დამთვალიერებლის გაოცებას. ამასთან ერთად, მოტივტივე სახლი ძალიან ენერგომზოგველი, ეკომეგობრული და მდგრადია.

არქიტექტურული სტუდია: i29

ფოტოგრაფი:i29 / Ewout Huibers

მტვერსასრუტის ტიპები – რომელია ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი

ბინა ალექსიძის ქუჩაზე – დიზაინ სტუდია Tinatin