in

5 ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ

არქიტექტურასა და დიზაინს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს ორი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული დისციპლინა ჩვენს ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის, გვიფართოვებს თვალსაწიერსა და მსოფლმხედველობას, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკასა და პიროვნულ განვითარებაზე. სწორედ არქიტექტურის დამსახურებით გარდაიქმნენ ადამიანები ცივილიზებულ არსებებად, დაიწყეს ერთად ცხოვრება და სახლების კოორდინირებულად აგება.

არქიტექტურა ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაახლოვებს – რთულია, მოძებნო ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის პიზის კოშკის, ლუვრისა თუ გუგენჰაიმის მუზეუმის, ტაჯ მაჰალის, ბურჯ ხალიფას თუ სხვა პომპეზური არქიტექტურული შედევრების შესახებ, რომლებმაც ადამიანების არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მოახერხეს ახალი სიტყვის თქმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, არქიტექტურის სფეროში ნოვატორები ჯილდოვდებიან და მათ მთელი სამყარო იცნობს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ 5 ყველაზე პრესტიჟულ არქიტექტურულ ჯილდოს, რომელთა შესახებაც ყველამ უნდა ვიცოდეთ.

  1. პრიცკერის არქიტექტურული პრემია

პრიცკერის არქიტექტურული პრემიის დაარსებას მომხიბლავი და პოეტური ისტორია აქვს – ატლანტაში აშენებული სასტუმრო „ჰაიატის“ არქიტექტურით შთაგონებული პრიცკერების ოჯახმა, რომელიც აშშ-ს უმდიდრესი ოჯახების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს, 1979 წელს დააწესა ჯილდო, რომელიც „არქიტექტორების ნობელის პრემიად” და ამ სფეროს უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.

დღეს პრიცკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოა მსოფლიოში. მისი დამაარსებლები, სასტუმრო “ჰაიატის” ქსელის მფლობელები, ჯეი და სინდი პრიცკერები არიან. პრემიის მიღება მფლობელისთვის არქიტექტურულ საზოგადოებაში ახალი სტატუსის მინიჭებას ნიშნავს.

დღესდღეობით ჯილდო შედგება 100 000 დოლარიანი ფულადი გრანტისგან, ოფიციალური სერთიფიკატისგან ლაურეატის სტატუსის შესახებ და ბრინჯაოს მედლისგან. რა თქმა უნდა, პრიზი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მისი სტატუსი, რომელიც არა მხოლოდ ახალ დამკვეთებს, არამედ მეტ შემოქმედებით თავისუფლებასაც იძლევა.

  1. AMP – არქიტექტურის მასტერპრიზი

2016 წელს დაარსებული არქიტექტურის მასტერპრიზი AMP ლანდშაფტის არქიტექტურაში, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურული დიზაინის სფეროებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების აღმოსაჩენად და დასაჯილდოვებლად შეიქმნა. სხვა ჯილდოებისგან განსხვავებით, AMP-ს პრიზის მოსაპოვებლად საკუთარი პროექტების ნომინირება ყველას შეუძლია – პროფესიონალებსაც და სტუდენტებსაც, რომლებიც ახლა იძენენ სფეროში გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, AMP-ს ორი საპრიზო კატეგორია აქვს – არქიტექტურისა და დიზაინის პროფესიონალებისა და სტუდენტების. AMP-მ ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც ინოვაციური აზროვნებისა და ახალი იდეების წამახალისებელმა ჯილდომ. ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება პრიზზე ნომინირებული საოცარი პროექტების რაოდენობა, რომელთა შორის გამარჯვებულებს AMP-ს წვდომის მედიების უზარმაზარ პლატფორმებზე ცნობიერების ამაღლება ელოდებათ.

  1. აგა ხანის არქიტექტურული პრიზი

აგა ხანის არქიტექტურული პრიზი (Aga Khan Award for Architecture, იგივე AKAA) 1977 წელს დაარსდა და ის ყოველ სამ წელში ერთხელ ტარდება. ეს საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელში გამარჯვებული პროექტები ისლამური საზოგადოების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს უნდა აკმაყოფილებდეს. აღსანიშნავია, რომ დაარსების წლიდან აგა ხანის არქიტექტურული პრიზის საშუალებით ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები გაეცნო საზოგადოებას, როგორებიცაა კლიმატთან ადაპტაციის საჭიროება და მდგრადი არქიტექტურული განვითარება – ის საკითხები, რომლებიც 21-ე საუკუნის არქიტექტურის უმთავრეს საფიქრალს წარმოადგენს. აგა ხანის პრიზის მფლობელები 1 მილიონი ამერიკული დოლარით ჯილდოვდებიან და საშუალება ეძლევათ, თავი მთელ მსოფლიოს გააცნონ.

  1. AIA-ს ოქროს მედალი

Now You Too Can Own an AIA Gold Medal ... Coin | Architect Magazine

AIA – არქიტექტორთა ამერიკული ინსტიტუტი 30-ზე მეტ დაჯილდოებას უწევს ორგანიზებას, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი, ანგარიშგასაწევი და პრესტიჟული ოქროს მედალია.  ეს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ არქიტექტორებს შეტანილი წვლილისთვის. სწორედ AIA-ს ოქროს მედლის გამარჯვებულები არიან ისეთი სათაყვანო და საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორები, როგორებიც არიან ფრენკ ლოიდ ვრაითი, ლე კორბუზიე, სირ ნორმან ფოსტერი და ფრენკ გერი.

  1. RIBA-ს არქიტექტურული ჯილდოები

Benoy supports the RIBA Student Mentoring initiative | News

 

RIBA – ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტი AIA-ს მსგავსად რამდენიმე მნიშვნელოვან დაჯილდოებას მართავს, რომლებიც მუდამ მსოფლიო ყურადღების ცენტრში ხვდებიან. მათ შორისაა RIBA-ს საერთაშორისო პრიზი, RIBA-ს საერთაშორისო ამომავალი არქიტექტორის პრიზი და RIBA-ს საერთაშორისო ბრწყინვალების პრიზი. ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტს მსოფლიოში ერთ-ერთი ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ დარგში – ის 180 წელზე მეტია, რაც არქიტექტურული პროექტების სიდიადეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს.

Zara Home-ში ახალი კოლექციაა

5 ქართული კომპანია, საიდანაც ხელოსნის გამოძახებას შეძლებთ