in ,

2023 წლის არქიტექტორული პრემიის, “პრიცკერის პრიზის” მფლობელი დევიდ ჩიპერფილდი გახდა

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტორი დევიდ ჩიპერფილდი (David Chipperfield) 2023 წლის არქიტექტურული პრემიის, პრიცკერის პრიზის მფლობელი გახდა. პრიცკერის პრემია, რომელიც ამ დარგში უმაღლეს ჯილდოდ მიიჩნევა და არქიტექტურაში ნობელის პრემიად ითვლება, 1979 წელს დაარსდა. მისი დამაარსებლები კი სასტუმრო “ჰაიტის” ქსელის მფლობელები, ჯეი და სიდნი პრიცკერები იყვნენ. მათ ატლანტაში აშენებული სასტუმრო “ჰაიტის” არქიტექტურის შთაგონებით სპეციალური ჯილდო დააწეს, რათა მხარი დაეჭირათ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის და არქიტექტურის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი. დღესდღეობით აღნიშნული პრემია არქიტექტურულ სფეროში ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.

პრიცკერების ჯილდო გადაეცემათ იმ არქიტექტორებს, რომლებიც განსხვავებულ, ახალ და ინოვაციურ სიტყვას ამბობენ საკუთარი ნამუშევრებით და მათი შემოქმედება ადამიანთათვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს ემსახურება. ხელოვანთა პროექტები ამ დარგის დამოუკიდებელი, წამყვანი ექსპერტების მიერ ფასდება, ლაურეატები კი 100000 დოლარის გრანტთან ერთად, ფორმალურ სერტიფიკატსა და 1987 წლიდან ბრინჯაოს მედალიონს იღებენ.

“მისი მიზნების სწრაფვისკენ შემოთავაზებული ფრთხილი, კარგად დამუშავებული, ზუსტი და მშვიდი პასუხები, რომლებიც მან თავის შენობებში გამოხატა, შეიძლება მხოლოდ ღრმა ცოდნითა და დისციპლინით წარმოიშვას. თუმცა ეს პასუხები არასდროს არის ეგოცენტრული, არც რაიმე სახით ემსახურება მხოლოდ ხელოვნებას, პირიქით, ისინი ყოველთვის ორიენტირებულია საქმის უმაღლეს მიზანსა და საზოგადო სიკეთისაკენ სწფრაფვაზე“, – ამ სიტყვებით საერთაშორისო ჟიურიმ, დევიდ ჩიპერფილდი ყოველწლიური პრემიის გამარჯვებულად გამოაცხადა.

დევიდ ჩიპერფილდი 1953 წელს დაბადებული ბრიტანელი არქიტექტორია, რომლის 1985 წელს დაარსებული კომპანია – David Chipperfield Architects მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტურულ სტუდიას წარმოადგენს. მისი ოფისები მდებარეობს ლონდონში, ბერლინში მილანსა და შანხაიში. 2020 წელს ის გახლდათ არქიტექტურისა და დიზაინის ჟურნალ Domus-ის მიწვეული რედაქტორი.

„არქიტექტურა ქმნის გარემოს, მას შეუძლია გააძლიეროს, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ჩვენს რიტუალებსა და ცხოვრების წესს. დიზაინი არ არის ფერებისა და ფორმების ერთობლიობა, არამედ ეს არის კითხვებისა და იდეების განვითარება, რასაც კონკრეტული შედეგი მოჰყვება“, – აღნიშნავს დევიდ ჩიპერფილდი.

როგორც პრიცკერის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, წლევანდელი ლაურეატის არქიტექტორულ ნამუშევრებს ყოველთვის ელეგანტურობა, თავშეკავება და მუდმივობის განცდა ახასიათებთ და ისინი მკაფიო კომპოზიციებითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა. გადაჭარბებული კომერციალიზაციის, დიზაინისა და გაზვიადების  ეპოქაში, მას შეუძლია ბალანსის მიღწევა თანამედროვე მინიმალისტურ არქიტექტურულ ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედება შთამბეჭდავი და გამორჩეულია.

პრიცკერის პრემიის საზეიმო ცერემონია მაისში გაიმართება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.

5 ნივთი „კომფორტერისგან“, რომლებიც თქვენს სივრცეს უფრო მყუდროსა და ორიგინალურს გახდის

შემიძლია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე?