in

6 წიგნი არქიტექტორებისთვის — ნანა ზაალიშვილის რეკომენდაცია

ნებისმიერი პროფესიის დასაუფლებლად ან ინტერესის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია სამეცნიერო ლიტერატურის  კითხვა, რომელიც თვალსაწიერს გაგვიზრდის, არსებულ ცოდნას გაგვიღრმავებს, საკითხებს განსხვავებული კუთხით დაგვანახებს და რაც მთავარია, შემოქმედებით საქმიანობაში ახალ იმპულსებს გაგვიჩენს.

დღევანდელი სტატია არქიტექტურით გატაცებულ ნებისმიერ ადამიანსა თუ ამ სფეროს შემდგარ პროფესიონალს დააინტერესებს, რადგან არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი (“იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელი) მისთვის რჩეულ წიგნებს გვიზიარებს,  რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ახალი ინფორმაციის მიღებაში, წინარე შეხედულებების გადააზრებასა და არსებული  ცოდნის გაღრმავებაში.

1. ,,კოლხური და ფრიგიული სახლები” – გურამ ყიფიანი და ნოდარ ამაშუკელი (1995)

გურამ ყიფიანისა და ნოდარ ამაშუკელის წიგნი „კოლხური და ფრიგიული სახლები” წარმოადგენს რომაელი არქიტექტურის თეორეტიკოსის — ვიტრუვიუსის ტრაქტატში „არქიტექტურის ათი წიგნი“ აღწერილი კოლხური და ფრიგიული სახლების, როგორც საცხოვრისთა უძველესი ნიმუშების ცალკეულ ანალიზს. ნაშრომის მიზანია, ყველა არსებული მონაცემის ურთიერთშეჯერებით, განსაზღვროს აღწერილ ნაგებობათა ტიპოლოგია და მოახდინოს მათი არქიტექტურული სახის რეკონსტრუქცია.

„წიგნში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რომაელ ავტორს თავად არ უნახავს და მხოლოდ გადმოცემით იცის კოლხური და ფრიგიული სახლების ვიზუალური და სტრუქტურული აგებულება, შესაბამისად, მათი აღწერისას რამდენიმე უზუსტობას აქვს ადგილი. გურამ ყიფიანი და ნოდარ ამაშუკელი კი დეტალურად ასახავენ ამ უზუსტობებს და მათ კორექტირებულ ვერსიებსაც განიხილავენ“, — ნანა ზაალიშვილი

2. „გერმანელი არქიტექტორები თბილისში“ – მაია მანია (2017)

კიდევ ერთი გამოცემა, რომელზეც ნანა ზაალიშვილი საუბრობს, მაია მანიას შემეცნებითი და ინფორმატიული წიგნია – „გერმანელი არქიტექტორები თბილისში“. მაია მანია არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. მისი ინტერესების სფერო საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწე არქიტექტორებისა და მშენებლების შემოქმედებას უკავშირდება და ძველი ქართული ქალაქებისა და ურბანული სტრუქტურების სივრცითი აგებულების კვლევას მოიცავს.

„არქიტექტურის ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის განსაკუთრებული ქომაგი და მისი საუკეთესო მცოდნე მაია მანია დეტალურად, საოცარი სიღრმისეული კვლევით, უხვი ფოტო და ტექსტური მასალებით აღწერს საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორების მემკვიდრეობას თბილისში. ესაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი თბილისის ამ ჭრილში გასაცნობად და ქალაქის ურბანული და არქიტექტურული თავისებურებების ხელახლა გასააზრებლად“, — ნანა ზაალიშვილი.

3. „კლდის ხუროთმოძღვრების გენეზისი და განვითარების გზები საქართველოში“ — ნოდარ ბახტაძე (2007)

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ნოდარ ბახტაძის ნაშრომი — „კლდის ხუროთმოძღვრების გენეზისი და განვითარების გზები საქართველოში“ წარმოადგენს პირველ განმაზოგადებელ კვლევას საქართველოში კლდის ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპების შესახებ, სადაც ახლებურადაა გადააზრებული ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე ქართული კლდეში ნაკაფი სატაძრო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლების ტიპოლოგია და ქრონოლოგია.

„წიგნში აღწერილია ერთადერთი ნეკროპოლი კასპში, კლდეში ნაკვეთი გუმბათოვანი ტაძარი სამსარში და სხვა მრავალი საინტერესო ძეგლი. ხუროთმოძღვრების ეს ტიპი საყურადღებო კონტრასტს ქმნის არქიტექტურის დღევანდელ აღქმასთან. ეს არის ძეგლები, სადაც არქიტექტურა მხოლოდ ინტერიერით იქმნება, ექსტერიერი კი მთლიანად ბუნებას ეკუთვნის. არქიტექტურის ორი სახე — ექსტერიერი და ინტერიერი დაყვანილია მხოლოდ შიდა სივრცეების გეომეტრიამდე. ესაა „უმი“ და რეალური არქიტექტურა, რომელთა ნახვისას მძაფრად იგრძნობა ამ სივრცეების განსაკუთრებული ძალა“.

4. „აჭარის ხის მეჩეთები” — ენჯელა ვილერსი, სუზან ჰერის-ბრანდტსი, ვლადიმერ შიოშვილი (2018) 

როგორც ნანა ზალიშვილი განმარტავს, აღნიშნული წიგნი აღწერს აჭარაში დღემდე შემორჩენილი ხის ჯამეების არქიტექტურულ და კულტურულ თავისებურებებს. ავტორები სხვადასხვა სამეცნიერო წყაროზე დაყრდნობით მიმოიხილავენ როგორც ისლამის გავრცელების ისტორიას საქართველოში, ისე  საბჭოთა პროპაგანდის მიერ შექმნილ მითებს მათი არქიტექტურული ღირებულების შესახებ და ამ ინფორმაციის ახლებურად გადააზრებას გვთავაზობენ.

„წიგნზე მუშაობისას ავტორებმა რამდენიმე თვე აჭარაში იმოგზაურეს და მოაგროვეს მსუყე ფოტო და ტექსტური მასალა, აზომეს და აღწერეს არსებული ხის ჯამეები და მათი დეტალების თავისებურებები, რაც მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გამოკვეთს. ვფიქრობ, არქიტექტორებისთვის უმნიშვნელოვანესია ამ წიგნის გააზრება, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობისა საქართველოში.“

5. „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება“ — ილია ადამია (1956)  

ნანა ზაალიშვილი ასევე გამოარჩევს ილია ადამიანს წიგნს „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება“, რომელიც ჩვენი რესპონდენტის აზრით, ახალგაზრდა არქიტექტორებს ქართული არქიტექტურის საწყისების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„მონუმენტური ნაშრომი, რომელიც მიზნად ისახავს „გამოავლინოს ქართველი ხალხის საკუთარ ტრადიციებზე შექმნილი მრავალსაუკონოვანი ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა და მისი შინაარსიანი მაღალი კულტურის დამოუკიდებელი ეროვნული სახე”, — ვკითხულობთ წინასიტყვაობაში. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება ამ ჭრილში საქართველოს მეზობელი ქვეყნებისგან დამოუკიდებლად განხილვა, ილია ადამიას ეს წიგნი მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გვაწვდის ეთნოგრაფიის და სხვა კულტურული პროცესების თავისებურებების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე და კარგ საფუძველს გვთავაზობს ვერნაკულარული არქიტექტურის გასააზრებლად. ვფიქრობ, ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა არქიტექტორებს აძლევს საშუალებას, გაიაზრონ გარემო, საიდანაც დაიწყო ის, რამაც შეიძლება მომავალში ქართული არქიტექტურის რაობა განსაზღვროს. შეიძლება ეს კავშირი დღევანდელობასთან ჯერ არ იკითხება, მაგრამ მგონია, რომ მომავალში სწორედ ეს მასალა გახდება საწყისი ქართული არქიტექტურის გადააზრების და მისი თვითმყოფადობის დამკვიდრებისა თანამედროვეობაში“, — აღნიშნავს “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელი.

6. „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში” — ნანა ზაალიშვილი (2018)

„ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში” თავად ნანა ზაალიშვილის ნაშრომია. წიგნი საბჭოთა გაჩერებების ისტორიასა და მნიშვნელობაზე გვიყვება და იმ პერიოდის არქიტექტურის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვამცნობს.

„ესაა  საქართველოს გარშემო შეგროვებული ფოტო მასალა დღემდე შემორჩენილი საბჭოთა გაჩერებების შესახებ, რომელსაც დართული აქვს ტექსტები მათი ისტორიის და მნიშვნელობის გასაცნობად. წიგნი მნიშვნელოვან ექსკურსს ქმნის იმდროინდელი არქიტექტორების საინტერესო ესთეტიკისა და ხედვის გადასააზრებლად, თუმცა მრავლად ვხვდებით საბჭოთა ყოფის გაზვიადებულ პროპაგანდისტულ მოზაიკებსაც.  ჩემთვის ეს მცირე ზომის გზისპირა თავშესაფრები გახდა საწყისი რამდენიმე სხვადასხვა დიზაინ პროექტისა და ვფიქრობ, ამ წიგნში მკითხველიც იპოვის ისეთ დეტალებს, რომლებიც მათი ხედვების კრეატიულ განვრცობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, — ნანა ზაალიშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

არქიტექტურა, როგორც ქვეყნის ერთგვარი სარკე — ინტერვიუ დავით ვაზაგაშვილთან

“რესპუბლიკა” – „NOA Studio“-ს მიერ შექმნილი ახალი სიცოცხლე ქალაქის ცენტრში