in

როგორ შევიძინოთ BIM პროგრამული უზრუნველყოფების ოფიციალური ლიცენზიები საქართველოში? – ინტერვიუ „BIM Solutions Georgia“-ს დირექტორთან

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ინოვაციურია BIM ტექნოლოგია, რომელიც შენობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას აერთიანებს და სამშენებლო პროცესის მარტივად, უსაფრთხოდ და ეფექტურად წარმართვის საშუალებას იძლევა. საერთაშორისო კომპანია „BIM Solutions Group“-ი ამ  მეთოდოლოგიას 2011 წლიდან იყენებს. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში  „BIM Solutions Georgia“-ა, რომელიც ქართულ ბაზარზე BIM ტექნოლოგიის დანერგვას უწყობს ხელს. დღეს „BIM Solutions Georgia“-ს დირექტორი, ვიტაუტას პუოჯუნასი, კომპანიის კონცეფციასა და გეგმებზე გვესაუბრება.

თანამედროვე არქიტექტურაში, საინჟინრო და სამშენებლო სფეროში BIM ტექნოლოგიის გამოყენება ევროპაში და მრავალ განვითარებად ქვეყანაში  სავალდებულოა. უპირველეს ყოვლისა, განგვიმარტეთ, რას გულისხმობს BIM მეთოდოლოგია და რა მიზნით გამოიყენება.

ეს არის შენობის ინფორმაციის მოდელირება, რა დროსაც შენობის ფიზიკური და ფუნქციური მახასიათებლების წარმოსაჩენად, ციფრულ მოდელებს იყენებენ. BIM ტექნოლოგია უნიკალური საშუალებაა, რომელიც ნაგებობის დაგეგმარების დროს, დიზაინის პროცესში და მისი ექსპლუატაციის შემდგომ გამოიყენება.

რა უპირატესობები აქვს BIM ტექნოლოგიებს და რატომ არის უსაფრთხოების გარანტი სამშენებლო სფეროში?

BIM ტექნოლოგიის უპირატესობებია:

  • დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება;
  • მშენებლობის პროცესში მოსალოდნელი შეცდომების თავიდან აცილება;
  • გაზრდილი ეფექტურობა და შრომისუნარიანობა;
  • გაუმჯობესებული ხარისხი და უსაფრთხოების დონე;
  • შემცირებული ხარჯები;
  • მეტი მდგრადობა.

BIM ტექნოლოგიის გამოყენება სამშენებლო სფეროში უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, რადგან ის რისკების იდენტიფიცირებისა და მათი შემცირების  საშუალებას იძლევა. მაგალითად, BIM სტანდარტი შესაძლოა გამოიყენოთ სხვადასხვა სამშენებლო ობიექტს შორის შეჯახების საშიშროების დასადგენად, რაც თავიდან აგარიდებთ სამშენებლო პროცესის შეფერხებას (ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დიდ ხარჯებს უკავშირდება).

როგორც ცნობილია,BIM Solutions Groupმა BIM ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენება ბალტიისპირეთში 2011 წლიდან დაიწყო. გვიამბეთ ამ მრავალწლიან გამოცდილებასა და მის მნიშვნელობაზე.

დიახ, „BIM Solutions Group“-ი ინოვაციურ BIM ტექნოლოგიებს 2011 წლიდან იყენებს. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო კომპანიამ BIM-ის ფლობისა და გამოყენების დიდი გამოცდილება შეიძინა კომერციულ, საცხოვრებელ და ინფრასტრუქტურულ სექტორში. მრავალწლიანმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა, სრულყოფილად გაეცნო BIM-ის უპირატესობები და მისი გამოყენების შესაძლებლობები, რომლებიც სამშენებლო პროცესის ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

ცოტა ხნის წინ საქართველოში გამოჩნდა „BIM Solutions Georgia“, რომელიც „BIM Solutions Group“-ის ოფიციალური წარმომადგენელია. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობას ჩვენი ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში?  

ვფიქრობთ, „BIM Solutions Georgia“-ს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული მოდელი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს შენობის ყველა ელემენტის შესახებ უდიდეს ინფორმაციას, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო პროექტების ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას. ცხადია, BIM მოდელი შედარებით ახალი ტექნოლოგიაა საქართველოში და უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის ამ ინოვაციური შესაძლებლობის შესახებ. ამიტომ „BIM Solutions Georgia“-ს სურს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას და მისი ცნობიერების ამაღლებას BIM ტექნოლოგიის უპირატესობების შესახებ.

რა არის „BIM Solutions Georgia“-ს მთავარი მიზანი და რა მომსახურებას სთავაზობს იგი ქართველ მომხმარებელს?

„BIM Solutions Georgia“-ს მიზანია, BIM ტექნოლოგიის გამოყენების ხელშეწყობა, რასაც კომპანია სხვადასხვა ტრენინგისა და კონსულტაციის ორგანიზების, ასევე, ოფიციალური ლიცენზიის გაცემის მეშვეობით ცდილობს. „BIM Solutions Georgia“ მზადაა, ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას BIM ტექნოლოგიის დანერგვაში დაეხმაროს და მშენებლობის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.

თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ BIM ტექნოლოგიის გამოყენებისა და იმ მრავალფეროვანი პროგრამების შესახებ, რომლებიც „BIM Solutions Georgia“-შია წარმოდგენილი?

„BIM Solutions Georgia“ ადგილობრივ მომხმარებელს მრავალფეროვან პროგრამებსა და მომსახურებას სთავაზობს, რათა BIM ტექნოლოგიის გაცნობაში დაეხმაროს. ესენია:

  • ტრენინგების კურსი – „BIM Solutions Georgia“ სხვადასხვა აუდიტორიას – არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლობის მენეჯერებს – საინტერესო შემეცნებით კურსებს სთავაზობს.
  • კონსულტაცია – „BIM Solutions Georgia“-ს საკონსულტაციო მომსახურება გთავაზობთ BIM სამუშაო პროცესის განვითარების სტრატეგიებს, BIM პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევას და თანამშრომელთა გადამზადებას BIM ტექნოლოგიის გამოსაყენებლად.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება – „BIM Solutions Georgia“ არაერთ BIM პროგრამას გთავაზობთ, რომლებიც სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება, მათ შორის, დიზაინისთვის, მშენებლობისა და პროექტის ექსპლუატაციისთვის. ეს პროგრამებია: Tekla Structures, Tekla Structural Design, IDEA StatiCa, GEO5, CADMATIC, Tekla Tedds, Dlubal და ა. შ.

კიდევ ერთს დავაზუსტებდი თქვენი მკითხველისთვის: ჩვენ არ ვართ საინჟინრო ორგანიზაცია, რომელთანაც მოვლენ და BIM პროექტებს დაუკვეთავენ. არა. ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაცია – ვისთანაც საქართველოში არსებული ინჟინერ-კონსტრუქტორები, დიზაინერები, თუ საექსპერტო ბიუროები მოდიან BIM პროგრამული უზრუნველყოფების ოფიციალური ლიცენზიების შესაძენად და შესასწავლად. შემდგომ კი სწორედ ეს სპეციალისტები და ექსპერტები შეასრულებენ BIM ფორმატში მათთვის სამუშაოებს.

ვის შეუძლია ამ პროგრამებით სარგებლობა?

ამ პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს: ინჟინრებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, კონსტრუქტორებს, მათ დამკვეთებს, კონსულტანტებს.

„BIM Solutions Georgia“ ყველა იმ დაინტერესებულ პირს ემსახურება, რომელთაც სურთ,მეტი შეიტყონ BIM სტანდარტის შესახებ და რომლებიც საკუთარ პროექტებში მის დანერგვას და აქტიურად გამოყენებას გეგმავენ.

როგორც აღნიშნეთ, „BIM Solutions Georgia“ საგანმანათლებლო საქმიანობას აქტიურად ეწევა. რას გულისხმობს ეს საქმიანობა და რატომაა მნიშვნელოვანი ქართული სამშენებლო სექტორისთვის?

არაერთი სემინარისა და ვებინარის ჩატარებას ვგეგმავთ, რომლებიც სამშენებლო პროექტის ყველა ეტაპს მოიცავს – დაგეგმვას, დიზაინს, მშენებლობას, ზედამხედველობას. გავცემთ ოფიციალურ ლიცენზიებსაც. ეს საგანმანათლებლო პროგრამები ხელს შეუწყობს BIM ტექნოლოგიის უპირატესობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეებს იმ ცოდნასა და უნარებს გაუზიარებს, რომლებიც საკუთარ პროექტებში ამ მეთოდოლოგიის დასანერგად და განსახორციელებლად დასჭირდებათ. სასიხარულოა, რომ სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში უკვე ჩავატარეთ სემინარი და ორი ვებინარი. აქვე, თქვენს მკითხველს ექსკლუზიურ ინფორმაციასაც გავაცნობთ: პირველად საქართველოში, 21 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება Tekla tructures-ის უზრუნველყოფის 4-დღიანი ტრენინგი დამწყებთათვის. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე. მონაწილეები სრულიად უფასოდ მიიღებენ Tekla Structures-ის 4-თვიან ლიცენზიას, რაც დაეხმარებათ სამუშაო უნარების გაუმჯობესებაში.

როგორია „BIM Solutions Georgia“-ს სამომავლო გეგმები? რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ?

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. პირველ ეტაპზე კომპანია გეგმავს BIM ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას, ცნობადობის ამაღლებას მისი აუცილებლობის შესახებ არათუ სამომავლო, არამედ არსებულ რეალობაში და საბოლოო ჯამში, მთელი რეგიონის მოცვას.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ადამიანთა ბედნიერებისთვის შექმნილი ინტერიერები – ინტერვიუ ნატალია დავითაშვილთან

Pekin House — მინიმალისტური სახლი ახალგაზრდა ოჯახისთვის