in

კლასიკური და სკანდინავიური სტილის სინთეზით შექმნილი ბინა კრწანისის ქუჩაზე — მარიამ მარგიანის ინტერიერი

ბინა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 100 მ2-ია, სადაც 80 მ2 საცხოვრებელ სივრცეს, 20 მ2 კი აივანს უკავია. სახლი მარიამ მარგიანს, „არტ სტუდია კარპეტერიას“ დამფუძნებელს ეკუთვნის. მარიამი ადრეული ასაკიდან ხელოვნებით იყო დაინტერესებული, განსაკუთრებით კი გამოყენებითი ხელოვნება იტაცებდა. ინტერიერის დიზაინთან ბოლო ორი წელია აქტიური შეხება აქვს, რადგან მის მიერ დაარსებული კომპანია  „კარპეტერია“  ხალიჩებსა და უნიკალური ინტერიერის აქსესუარებს ამზადებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ახალმა მაცხოვრებლებმა ბინა გაზაფხულზე, მწვანე კარკასის მდგომარეობაში შეიძინეს. ამიტომ ზაფხულის პერიოდი აქტიურ სარემონტო სამუშაოებს დაეთმო. მეპატრონეები სახლის ადგილმდებარეობით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლნენ, რადგან ბინა სიმწვანეშია ჩაფლული, სუფთა ჰაერი მუდმივად იგრძნობა და ირგვლივ ლამაზი ხედები იშლება.  რაც შეეხება სტილისტიკას, ამ კუთხით ინტერიერსა და სივრცის გეგმარებაზე დიზაინერმა ბესო გოგებაშვილმა იმუშავა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მაცხოვრებლების ინტერესების, იდეებისა და სურვილების სრულად განხორციელებასა და გამოხატვას.

მეპატრონეებისა და დიზაინერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ინტერიერი კლასიკური და სკანდინავიური მინიმალიზმის სინთეზით შეიქმნა, რომელშიც საინტერესოდაა ჩართული თამამი, ელეგანტური აქცენტები. სივრცე სილამაზესთან ერთად, მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტულია. ის იდეალურად ასახავს  მობინადრეების ხასიათსა თუ ცხოვრების სტილს.

ინტერიერში ჭარბობს სადა, ნეიტრალური ფერები და ბუნებრივი მასალები. კედელი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და ის ბუნებრივი სინათლის შემთხვევაშიც თბილ ტონალობასა და ერთიან იერსახეს ინარჩუნებს. კონტრასტის სახით შემოტანილია მუქი კაკლისფერი ავეჯი, რომელიც კრემისფერ სამზარეულოსა და აქცენტებად გამოყენებულ თითბერს ჰარმონიულად ეხამება.

მისაღებში გამორჩეულ ყურადღებას ხელნაკეთი მაგიდები იქცევს, რომლებსაც მოხრილი, მრგვალი კუთხეები აქვს. მომრგვალებული ავეჯი ბინის ინტერიერის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია, რომელიც შემოსასვლელი ოთახის საკმაოდ ფუნქციურ, ტევად კარადებსა და საძინებლის ავეჯზეც გვხვდება.

გამორჩეული დიზაინობიექტია სრულიად ხელნაკეთი, ქართული შალის ძაფისგან დამზადებული ხალიჩა, რომელიც ჰენრი მატისის მოტივებზეა შექმნილი „კარპეტერიას“ სტუდიაში და იდეალურად ერწყმის სივრცეს.  ასევე, საინტერესო დანამატია შემოსასვლელში განთავსებული მასიური ტალღოვანი სარკეც, რომლის ჩარჩოც  ფერადი, რბილი ტექსტურისაა.

მისაღებსა და სამზარეულოს ერთმანეთისგან  ნატურალური, მუქი კაკლისფერი კუნძული მიჯნავს, რომელიც ღია ფერის სამზარეულოს ბუნებრივად ეხამება.

ამ ზონაში კლასიკური და ვინტაჟური ელემენტები იჩენს თავს. ელეგანტურ და დახვეწილ სამზარეულოში მთავარ ყურადღებას თითბრით შემოსილი კუთხე იპყრობს, რომელიც დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად, საკმაოდ პრაქტიკულია და გამწოვს ფარავს. თითბრის ეს დეტალი ინტერიერს ორგანულად ერწყმის და განსაკუთრებულ ესთეტიკას ქმნის. მასალის თვისებებიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ეროზიის ფონზე ეს ზედაპირი კიდევ უფრო საინტერესო ხდება და სამზარეულოს დომინანტურ კრემისფერ ტონს უფრო ამშვენებს.

საძინებელი მინიმალისტურად არის მოწყობილი. აქაც ბუნებრივი ფერები და მცირე ოქროსფერი დეტალები გვხვდება. კარადის ნაცვლად, სივრცე მოცულობით საგარდერობო ზონას ეთმობა, რომლის მომრგვალებული კუთხე მას უფრო ნაზს, მსუბუქსა და დახვეწილს ხდის. კოსმეტიკის მაგიდასთან კი თვალშისაცემია პატარა, ფერადი ბენჩი,  რომელიც ხელნაკეთია და „კარპეტერიას“ სახელოსნოშია დამზადებული.

ასევე, იმის გამო, რომ მარიამს, უმეტესად, დისტანციურად უწევს მუშაობა, სახლში ძალიან კომფორტული და მყუდრო საოფისე სივრცეა მოწყობილი, რომელიც მაცხოვრებლების ერთ-ერთი საყვარელი და სასიამოვნო კუთხეა. ოთახი მკვეთრი ფერებით ხასიათდება — მწვანე წიგნების კარადა, ყვითელი სავარძელი და ფერადი ხალიჩა ბინას ფერადოვნებას მატებს.

აბაზანაში კლასიკური სტილი და ოქროსფერი აქცენტები მეორდება. ავეჯის სახით კი მუქი ხისფერი ტონალობა შემოდის და წამყვან თეთრ ფერს აბალანსებს.

მარიამ მარგიანის სახლში კლასიკური და მინიმალისტური სტილების სინთეზით საინტერესო გარემო იქმნება. ოქროსფერი ელემენტები და კონტრასტული ფერები სივრცეს მრავალფეროვნებასა და ელეგანტურობას მატებს. ხელნაკეთი ნივთები და ბუნებრივი მასალები კი ინდივიდუალურ და სახასიათო იერსახეს განაპირობებს.

„ეს სივრცე ჩვენი ხედვისა და ხასიათის ანარეკლია. ინტერიერი არის როგორც ელეგანტური, ისე თბილი და მყუდრო. თითქოს, ყველა ელემენტი ხელს უწყობს, რომ ჰარმონიული და კომფორტული ატმოსფერო შეიქმნას სახლში“, — აღნიშნავს მარიამ მარგიანი

პროექტის ავტორი: ბესო გოგებაშვილი

სარემონტო ჯგუფი:  „კრწანისი გრანდე‘‘ 

გამოყენებული მასალები: 

სამზარეულოს ავეჯი:  „ავეჯი დიზაინი“

იატაკის საფარი: „გერმანული სახლი“;  „Kerama Marazzi Georgia“;

აბაზანის ფილები: „Kerama Marazzi Georgia“

შემრევები: „Kohler“

კედლის მოპირკეთება: საღებავი — Benjamin Moore – 967, CC-40 /Cloud White

განათება: „Mullan lighting“; „Ikea“;  „Brand R“;

ინტერიერის აქსესუარები: „Carpeteria Georgia“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Henge – ავეჯის იტალიური ბრენდი, რომელიც სახლს უნიკალურ საცხოვრებელ სივრცედ აქცევს

როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში?