in ,

მონოქრომული ბინა ვარდისფერ-მწვანე დეტალებით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნატალია ლუჩანინოვას ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ნატალია ლუჩანინოვა გურმე პოპკორნის საწარმო და მაღაზია „პოპერი“-ს დამფუძნებელი და საკვირაო სკოლა „რებუსის“ თანადამფუძნებელია. ის და მისი მეუღლე – გიორგი მარრი თავდაპირველად მთაწმინდაზე, ინგოროყვას ქუჩაზე დასახლდნენ. თუმცა, 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათთვის ის ეტაპი დადგა, როდესაც გაფართოება სჭირდებოდათ და შესაბამისად, ახალი ბინის ძიებას შეუდგნენ.

ნატალია ლუჩანინოვა

ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ უნდა შეგვეცვალა საცხოვრებელი უბანი და შეგვერჩია ახალი, რომელიც ახლოს იქნებოდა სკოლასთან, ბაღთან და ჩვენს სამსახურებთან. ძალიან დიდ დროს ვატარებდით საცობში და გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტთან მეზობლობა არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. გაუთავებელი მიტინგები და სახლამდე მისვლის მუდმივი პრობლემა ყოველდღიურობაში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა,” – გვიამბობს ნატალია.

ახალი საცხოვრებელი ფართის ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილმა საკმაოდ მალე შეარჩია 175 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინა, რომელიც ყველა მათ მთავარ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ადგილმდებარეობა, ფართობი, მაღალი სართული, ნათელი სივრცე, დიდი აივნები, პარკთან სიახლოვე, პარკინგი და მოწესრიგებული სადარბაზო – ეს ყველაფერი მათ ფალიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

როგორც აღმოჩნდა, პირველ მფლობელს სივრცის გარემონტება უკვე დაწყებული ჰქონდა და მის მიერ შერჩეული განლაგება სრულად დაემთხვა ნატალიასა და გიორგის მოთხოვნებს. როგორც წყვილი მიიჩნევს, ამ მხრივ მათ ძალიან გაუმართლათ, ვინაიდან რემონტის ყველაზე უსიამოვნო ნაწილს ფაქტობრივად აცდნენ. ამას გარდა, ბინაში უკვე გაყვანილი იყო ცენტრალური გათბობა და კონდიცირების სისტემა. შესაბამისად, პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდა და რემონტი სულ რაღაც თვენახევარში დასრულდა.

გიორგის სურვილი იყო, რომ მიგვემართა პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერისთვის, რაც მე თავიდანვე გამოვრიცხე, რადგან სრულიად ნათლად ვხედავდი ჩვენი ახალი ბინის ინტერიერს და ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა მიმეღო. ბუნებრივია, როგორც ყველა წყვილის შემთხვევაში, ჩვენც ბევრი “ომი” გამოვიარეთ რემონტის დაწყებისთანავე, თუმცა, ჩემმა მეუღლემ მალევე ჩაიქნია ხელი და შემდგომ უკვე მთლიანად მე მომანდო ეს საქმე. სხვათა შორის, ის დღემდე აღნიშნავს, რომ ჩემნაირი დროზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული საქმის მწარმოებელი ჯერ არ შეხვედრია,” – ნატალია ლუჩანინოვა

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, მისთვის ინტერიერის შექმნა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო, თუმცა, ამასთანავე ეს პროცესი თავდაუზოგავ შრომასთანაა დაკავშირებული. სარემონტო სამუშაოების პარალელურად საჭირო იყო ისეთი დეტალების შერჩევა, როგორიცაა ავეჯი, მასალები, ჭურჭელი, ფარდები, თეთრეული, ჭაღები და დეკორატიული აქსესუარები. ხშირად ეს ყველაფერი ადგილობრივ ბაზარზე რთულად მოსაძიებელი იყო და ნატალიას ნივთების საზღვარგარეთიდან გამოწერა უწევდა. თუმცა, როგორც ის გვიამბობს, ყველაზე დიდი გამოწვევა სამზარეულოს დიზაინის შექმნა წარმოადგენდა.

ჩვენი სამზარეულო არ არის გამიჯნული, ის დიდ ოთახს ერწყმის და ჩვენი ბინის ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, არ მინდოდა, სტანდარტული სამზარეულო მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მქონდა, რა მსურდა, გამიჭირდა ამ ყველაფრის გიორგისთვის ახსნა. ამიტომ საბოლოო ჯამში, არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერ  ნოდო გუჯაბიძეს მივმართე, რომ რენდერების სახით აეწყო “ჩემი სამზარეულო”, რათა ზუსტად მცოდნოდა თუ რას მივიღებდი. ნოდო ძალიან დამეხმარა ავეჯის „ჩონჩხის“ აგებაში და სწორად დაგეგმარებაში. ბუნებრივია, მისი რეკომენდაციები ინტერიერის ჭრილშიც გავითვალისწინე და ვთვლი, რომ ძალიან ფუნქციონალური, ეფექტური, ტევადი და მყუდრო სამზარეულო გამოგვივიდა.”

რაც შეეხება ფერთა გამას, ინტერიერი ძირითადად შავ-თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი და აქცენტების სახით აქ ვარდისფერი და ე.წ. “ბოთლისფერი” მწვანე გვხვდება. როგორც ნატალია გვიამბობს, მას საკმაოდ გაუჭირდა ამ ფერის ნივთების შეგროვება, ვინაიდან იმ დროს ისინი ტრენდული არ იყო.

სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს განათება. ინტერიერში მრავალი დახვეწილი დიზაინის მქონე სანათი გვხვდება, რაც მეპატრონეების გემოვნებასა და სტილზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ განათების პროექტზე Light Studio-ს მფლობელმა, ლიკა ნეჟინსკაიამ იმუშავა, რომელმაც დამკვეთებს ყველა ტექნიკური სანათი ესპანეთიდან ჩამოუტანა. რაც შეეხება დეკორატიულ სანათებს, ნატალიამ და გიორგიმ ისინი თავად შეარჩიეს.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. ვფიქრობ, როგორი დახვეწილი და საინტერესო ნივთებითაც არ უნდა შეავსო სახლი, თუ ის სათანადოდ არაა განათებული, შესაფერის ელფერს ვერ შეიძენს. ძალიან მიყვარს ჩვენი ბინის განათება, რომელიც იდეალურადაა დაბალანსებული ყველა ოთახში.”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

5 მცენარე სველი წერტილების გასამწვანებლად – Cattleya გვირჩევს

როგორ გავხადოთ სახლი შინაურ ცხოველებზე მორგებული?