in

30 კვადრატული მეტრის მქონე ბინა ქეთევან დედოფლის ქუჩაზე — გიორგი ზაკაშვილის ნამუშევარი

ავლაბარში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე პროექტი სტუდია “M2S“-მა შეასრულა დიზაინერ გიორგი ზაკაშვილის ხელმძღვანელობით. ბინის საერთო ფართობი 30 მ2-ია და ის ახალაშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს. ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა ადგილის სიმცირე აღმოჩნდა, რომელიც დიზაინერმა საინტერესოდ გამოიყენა და პროექტის წამყვან ღერძად აქცია.

მიუხედავად პატარა ფართობისა, ბინაში საცხოვრებლად აუცილებელი ყველა ფაქტორია გათვალისწინებული და სტანდარტულ ერგონომიულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ინტერიერი ცივ ფერებშია შესრულებული — იატაკის ზედაპირი მიკრო ცემენტითაა დაფარული, ჭერს ბეტონის ტექსტურა აქვს შენარჩუნებული, ხოლო კედლები თეთრადაა შეღებილი. მინიმალისტურ სივრცეს კონტრასტულად ეხამება ხის მასალა. საერთო ოთახის და საძინებლის ავეჯი ბუნებრივი ხისგანაა დამზადებული, რაც თანამედროვე და მარტივ ბინას მყუდროებას მატებს.

შემოსასვლელ ზონაში ვხვდებით სამზარეულოს, ხოლო საძინებელი და საერთო ოთახიც  ერთ სივრცეშია გადანაწილებული.

სამზარეულო თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და სადა, დახვეწილ, მსუბუქ კუთხეს ქმნის, რომელიც კომპაქტურადაა მოწყობილი.

გაერთიანებული მისაღები და საძინებელი მინიმალისტური სტილით ხასიათდება, დომინანტური თეთრი ფერი ჰარმონიულად ერწყმის ხესა და ცოცხალ მცენარეებს, შედეგად კი მშვიდი, მყუდრო სივრცე მიიღება.

ყურადღებას იქცევს ხის მასიური ავეჯი, რომელიც საძილე და დასაჯდომ ფუნქციას ითავსებს. კედელზე ვხვდებით ხის მარტივ თაროებსაც, რომელზეც აქსესუარებია განლაგებული. მოსასვენებელი ზონის პირდაპირ ასევე ხის სადა და მინიმალისტური მაგიდა გვხვდება, რომელიც მთელ სიგრძეზეა განთავსებული და სათავსოს როლს ასრულებს.

აბაზანა ძირითად სივრცესთან მინის ტიხრითაა დაკავშირებული, რაც ბინას კომპაქტურობისა და ერთიანობის აღქმას უმძაფრებს და მნიშვნელოვან დიზაინერულ გადაწყვეტას წარმოადგენს. სააბაზანო ოთახიც სადა დიზაინს იმეორებს და ხის ავეჯითაა დაკომპლექტებული.

ბინაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს წერტილოვანი განათება, რომელიც კონკრეტულ ნაწილებს გამოკვეთს და სახლს მიმზიდველობას მატებს.

ადგილის სიმცირის მიუხედავად, პროექტის ავტორმა შეძლო მისი სრულად ათვისება და კომფორტულ, საინტერესო ინტერიერის მქონე საცხოვრებლად გარდაქმნა. სივრცე მსუბუქი და მინიმალისტურია და მასში მშვიდი ატმოსფერო იგრძნობა.

 

ინტერიერის დიზაინის სტუდია: M2S

პროექტის ავტორი: გიორგი ზაკაშვილი

ფოტოგრაფი: ნიკო ქსოვრელი

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

სენსორული ონკანის უპირატესობები და ნაკლოვანებები

რამდენად გამოსადეგია კედლის პანელები სააბაზანოსთვის?