in

რამდენად გამოსადეგია კედლის პანელები სააბაზანოსთვის?

სააბაზანოს მოსაპირკეთებლად, ტრადიციულად, ფილები გამოიყენება, თუმცა ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის — მის გასაფორმებლად ხშირად ირჩევენ საღებავს, დეკორატიულ თაბაშირსა და შპალერს. ბოლო დროს საამისოდ ხშირად იყენებენ კედლის პანელებსაც, რომლებსაც ყველა საჭირო მახასიათებელი აქვს და, ამასთან, ფულის დაზოგვისა და დიზაინის გამრავალფეროვნების საშუალებასაც გაძლევთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ კედლის პანელების შესახებ მოგიყვებით.

უპირატესობები

ამ მასალას ბევრი უპირატესობა აქვს, რის გამოც ის საკმაოდ კონკურენტუნარიანია. კედლის პანელებს ირჩევენ როგორც დიზაინერები, ასევე ისინი, ვინც რემონტს თავად აკეთებს.

მასალის უპირატესობები:

  • ტენიანობისადმი გამძლეობა. კედლის პანელების ყველა სახესხვაობა, გარდა ხისა, მდგრადია ორთქლისა და მაღალი ტენიანობის მიმართ. რაც შეეხება ხის პანელებს, ისინი სპეციალური ლაქით იფარება ან მშრალ ადგილებში გამოიყენება.
  • მონტაჟის სიმარტივე. ასეთი მოპირკეთების უზარმაზარი პლუსი მონტაჟის სიმარტივე და სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობაა. მონტაჟი არა მარტო ტექნიკურადაა მარტივი, არამედ დროის თვალსაზრისითაც უფრო ხელსაყრელია.
  • ეკონომიურობა. პანელების უმეტესობა უფრო იაფფასიანია, ვიდრე სხვა მოსაპირკეთებელი მასალა.
  • დიზაინის მრავალფეროვნება. მაღაზიებში იპოვით ასობით განსხვავებულ დიზაინს – ხით დაწყებული, მარმარილოთი დასრულებული.
  • შეცვლის სიმარტივე. თუ ერთი ფირფიტა დეფექტიანი აღმოჩნდება, მხოლოდ მისი შეცვლაც საკმარისი იქნება.

მასალა

ტენიანობისადმი მდგრადი კედლის პანელები ათობით განსხვავებული მასალისგან მზადდება. მოდით, ყველაზე პოპულარული ვარიანტები განვიხილოთ.

PVC პანელები

პლასტმასის მოდელები ყველაზე გავრცელებული ტიპია. ისინი იაფია და გამძლე – როგორც ტენიანობისადმი, ასევე, ტემპერატურის ცვლილებებისადმი. კიდევ ერთი დიდი პლუსი სიმსუბუქეა, რის გამოც მათი დამონტაჟება უბრალოდ სამშენებლო წებოთიც შეიძლება. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ასეთია, მაგალითად, შედარებით ნაკლები გამძლეობა და მძიმე მექანიკური დაზიანებების მიმართ სისუსტეს.

სადავოა ესთეტიკის საკითხი. არსებობს სტერეოტიპი, რომ პლასტმასა ინტერიერს აუბრალოებს. მართლაც, ყველაზე იაფფასიანი ვარიანტი არც ისე კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით, სხვა უფრო ძვირფასი მასალის ფონზე. თუმცა, დღეს ბაზარზე PVC-ის მრავალი სახესხვაობაა, მათ შორის, მაღალი ხარისხის მოდელებიც.

ხე

ბუნებრივი ხე სააბაზანოს მოსაპირკეთებლად საუკეთესო ვარიანტი არ არის. მიუხედავად ამისა, ის სველ ზონებშიც გამოიყენება. რა თქმა უნდა, ხის პანელებით საშხაპის მოპირკეთება არ ღირს, თუმცა ისინი საპირფარეშოსა და საკუჭნაოსთვის გამოდგება. ამ შემთხვევაში ხშირია კომბინირებული მოპირკეთება: ხე გამოიყენება კედლის ზედა ნაწილში, ხოლო დანარჩენი ზედაპირი შეღებილია ან კრამიტით არის დაფარული. სასურველია მასალის დამუშავება დამცავი წყალგაუმტარი ლაქით, რათა ხე არ გამოშრეს და დაზიანდეს.

MDF (საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვანი ფილა)

ბუნებრივი ხის ანალოგი სააბაზანოსთვის ბევრად უფრო შესაფერისია. ტენიანობისადმი მდგრადი MDF-ისთვის წყალი პრობლემა არ არის. მისი გარეცხვა შესაძლებელია, მასალა არ დეფორმირდება და არ ლპება. ამავე დროს, ხის ტექსტურა ინტერიერს სიმყუდროვეს ჰმატებს.

ფისი

სულ უფრო პოპულარული ხდება ხელოვნური ფისისგან დამზადებული პანელები. ისინი წყალგამძლეა და, ამავე დროს, შესანიშნავი იერსახითაც გამოირჩევა. ეპოქსიდური ფირფიტები ხშირად ბუნებრივი, ძვირადღირებული მასალასავით (მარმარილო, ონიქსი, ძვირფასი ქვები) გამოიყურება და შესანიშნავად ეხამება კერამოგრანიტს, ფილებს და საღებავს.

აკრილი

აკრილი კიდევ ერთი თანამედროვე მასალაა, რომელიც, თავისი მახასიათებლების წყალობით, ტენიანი ოთახებისთვის შესანიშნავი ვარიანტია. აკრილის ფირფიტებს პრიალა, მბზინავი ზედაპირი აქვს. ისინი შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს. გამჭვირვალობის ხარისხი და ელფერის ინტენსივობა დამოკიდებულია შემადგენლობაში დანამატების რაოდენობაზე. აკრილი საკმაოდ გამძლე მასალაა, ამასთან, მზეზე არ ხუნდება, რაც მნიშვნელოვანია, თუ სააბაზანოში ფანჯარა გაქვთ. პლასტმასის მსგავსად, ისიც მსუბუქია, რაც მონტაჟს ამარტივებს.

სახესხვაობები

კედლის პანელები ერთმანეთისგან არა მხოლოდ მასალით, არამედ დიზაინითაც განსხვავდება. არსებობს მათი სამი ტიპის დიზაინი:

  • დანაყოფებიანი —ვიწრო ფიცრების ნაკრებია, რომლის საშუალო სიგანე 10 სმ-ია, თუმცა, მწარმოებლის მიხედვით, ზომები შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველაზე ხშირად ამ ფორმატით პლასტმასის ან ხის პანელები იწარმოება.
  • ფირფიტები — ეს არის მსხვილმასშტაბიანი მოდელები, 1,5 მ. ან უფრო დიდი გვერდით. ხშირად ისინი კედლის გასაფორმებლად გამოიყენება, რათა ზედაპირი მთლიანად ერთი ფირფიტით დაიფაროს.
  • ფილების მსგავსი — ასეთი მოდელები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ფილებს, მონტაჟის პრინციპიც იგივეა, თუმცა, მასალა სხვაა.

მონტაჟის მეთოდი

მოპირკეთების ორი გზა არსებობს: კარკასის გამოყენებით და მის გარეშე.

  • კარკასის გამოყენებით. იქმნება ლითონის კარკასი, რომელიც ზედაპირზე მაგრდება. მასზე უკვე დამონტაჟებულია პლასტმასის ან სხვა პანელები. კარკასის უკან შეგიძლიათ ელექტრობა ან კომუნიკაციები დამალოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისინი სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მეთოდის უპირატესობა საიმედოობაა, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კარკასს დამატებითი ადგილი სჭირდება, რაც პატარა აბაზანის შემთხვევაში მოუხერხებელია.
  • კარკასის გარეშე. მასალა, ხრახნების, სამშენებლო კავების, თხევადი ლურსმნისა და წებოს საშუალებით, პირდაპირ ზედაპირზე მაგრდება. ეს მეთოდი შესაფერისია მხოლოდ ძალიან მსუბუქი PVC პანელებისთვის, სხვა შემთხვევაში შეიძლება მთელი სტრუქტურა საკმაოდ სწრაფად დაიშალოს. მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ მცირე ადგილის დაკავებაა. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ მონტაჟის ეს ტიპი ნაკლებად საიმედოა. ეს ვარიანტი მძიმე მასალებისთვის შესაფერისი არ არის. გარდა ამისა, თავდაპირველად კედლების გასწორებაა საჭირო.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

30 კვადრატული მეტრის მქონე ბინა ქეთევან დედოფლის ქუჩაზე — გიორგი ზაკაშვილის ნამუშევარი

იდეები პატარა სამზარეულოს მოსაწყობად – #Homeisინსპირაცია