in

ნათელი ბინა თოიძის ქუჩაზე — სოფო ბოლქვაძის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში სოფო ბოლქვაძის ბინას გაგაცნობთ, რომელიც თოიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 52 მ2-ია.

მაცხოვრებელმა სახლი ერთი წლის წინ შეიძინა, რაზეც გავლენა, დიდწილად, ბინაში არსებულმა ძველებურმა ჭაღმა იქონია, რომლითაც დანახვისთანავე მოიხიბლა. ადგილი კი იმით აღმოჩნდა საინტერესო, რომ სოფოსთვის ის უცხო და მიმზიდველი იყო.

„ადგილს კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან ვფიქრობ, რომ გარემო და ირგვლივ არსებული სიტუაცია ინტერიერშიც აისახება. ჩემთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული შიდა სივრცე, რომელიც გარემოს არ ერწყმის. შესაბამისად, ეს ადგილიც ისეთივე მშვიდი და მყუდროა, როგორც ბინა. ადგილმდებარეობა ამ ეტაპზე პირვანდელ სახეს ინარჩუნებს, იშვიათად შეხვდებით მასიურ ურბანულ ცვლილებებს, ეს კი, სამწუხაროდ, თბილისში დიდი იშვიათობა გახდა“, — სოფო ბოლქვაძე.

ბინა ახალმა მეპატრონემ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში შეიძინა, რომელსაც ძველი რემონტის დეტალები ჰქონდა შემორჩენილი. ეს კი მაცხოვრებლისთვის ერთგვარი შთაგონების წყარო გახდა, რადგან გადაწყვიტა, ძველი იერსახე, ფერი და აურა შეენარჩუნებინა. შესაბამისად, ბინა თანამედროვე, თუმცა, ამავდროულად, ძველებური ესთეტიკისაა. კედლების ფერი პირვანდელ სახეს მიუახლოვდა, იატაკის ფერი კი უცვლელი დარჩა. ასევე, შენარჩუნდა  იატაკის ფილის ძალიან პატარა ნაწილიც, რომელიც სახლის სადარბაზოში იყო დაგებული.

„როგორც ჩანს, წინა მესაკუთრემ სადარბაზოს ერთი ნაწილი მიიერთა, რასაც ეს ფილებიც მოჰყვა, ახლა კი ისინი ამ ბინის პატარა გარდერობის ნაწილია, რაც ძალიან განსხვავებულს ხდის სივრცეს“,— გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მაცხოვრებლის მიზანი, რომ ბინისთვის ახლებური იერსახე მიეცა, ამასთანავე კი მისი სიძველე შეენარჩუნებინა და მყუდრო ატმოსფერო შეექმნა, არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან სივრცის წარსული და მომავალი იმგვარად უნდა გაერთიანებულიყო, რომ  არ დარღვეულიყო ბინის პირვანდელი განწყობა და  მაცხოვრებლების საჭიროებებს მორგებოდა. ასევე, სარემონტო სამუშაოებიც საკმაოდ გაგრძელდა და არაერთმა სირთულემ იჩინა თავი, თუმცა საბოლოოდ, პროექტმა სასურველი სახე მიიღო და მობინადრეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს.

როგორც სოფო გვიამბობს, სარემონტო სამუშაოების დროს დიდი გეგმარებითი ცვლილება არ მომხდარა. ერთადერთი, საჭირო გახდა შუშაბანდის გაყოფა და ერთ სივრცეში აბაზანის მოწყობა, რადგან სახლში სველი წერტილი არ იყო.

გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო ნათელი და თბილია. ღია ფერის კედლები იდეალურად ეხამება მუქი ფერის იატაკს, რომელსაც ძველებური ავეჯი ჰარმონიულად ესადაგება.

მისაღებში განსაკუთრებულ ადგილს ძველი ჭაღი იკავებს, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა. სწორედ ამ ელემენტმა ითამაშა მთავარი როლი ინტერიერის შექმნის პროცესში. ასევე, მყუდროება და ძველებური ესთეტიკა შემოაქვს ძველ ბუხარსაც, რომელიც უფუნქციოა, თუმცა განსაკუთრებული განწყობის შემქმნელია სივრცეში. ოთახი მინიმალისტური და სადაა, ზედმეტი ავეჯისა და აქსესუარების გარეშე, რაც ერთგვარ ხიბლს სძენს ბინას.

სამზარეულოშიც სისადავე ნარჩუნდება. ხის კუნძული და ავეჯი ორგანულად ეხამება სივრცეს,  გამწვანებას კი მიმზიდველი შტრიხი შეაქვს ბინაში.

საძინებელში განსაკუთრებულ ეფექტს დიდი ვიტრაჟები ქმნის, რომელიც ოთახს სინათლით ავსებს. ღია ფერის იატაკის ზედაპირი და თეთრი კედლები სივრცეში სასიამოვნო განწყობასა და სიმსუბუქეს უზრუნველყოფს. ოთახი პატარა ზომისაა, თუმცა საკმაოდ კომპაქტური და კომფორტულია.

სოფო ბოლქვაძის ინტერიერში თანამედროვე და ძველებური სტილის ნაზავს ვხვდებით. არქაული ჭაღი, ბუხარი და იატაკი სახლს სახასიათო ესთეტიკას სძენს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს მატებს.  ბინა მზიანი, ნათელი, მყუდრო  და მიმზიდველია, რაც მაცხოვრებლებისთვის სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს განაპირობებს.

გამოყენებული მასალები:

აბაზანის ფილები: „კაფელის სახლი“,  „VitrA Georgia”

საღებავი: „კაპაროლი“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი

6 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

კეთილდღეობის მომტანი 7 მცენარე თქვენი ინტერიერისთვის