Night mode

ჰაერში გამოკიდებული მინის სახლი – ბრაიან ეტვუდის ბინა

ჰაერში გამოკიდებული მინის სახლი – ბრაიან ეტვუდის ბინა
ფონტის ზომა


ბრაიან ეტვუდი (Brian Atwood), ამერიკელი ფეხსაცმლის დიზაინერი განთქმულია ინტერიერის მიმართ თავისი განუზომელი სიყვარულითა და ინტერესით. ეტვუდი და მისი ქმარი, ჯეიკ დოიჩი (Jake Deutsch) მანჰეტენზე, ცათამბჯენის 64-ე სართულზე მინისკედლებიან ბინაში ცხოვრობენ, თუმცა სათუთად და ზრუნვით შედგენილი ინტერიერის დიზაინის პროექტით შეძლეს, თანამედროვე ბინაში ვინტაჟური სულისკვეთებაც ეჩვენებინათ.

Tbc Insurance
Tbc Insurance

“მთელი ბინა მინის კედლებითაა გარშემორტყმული, ამიტომ გვსურდა, შემოსავლელს უფრო კომფორტული და ინტიმური ატმოსფერო ჰქონოდა. ამ ეფექტის მისაღწევად კარები და სხვა დეტალები ისეთ მუქ შავ ფერში შევღებეთ, რომ შუქ-ჩრდილებთან თანხვედრისას ყველა მხილველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს,“-ამბობს ჯეიკ დოიჩი. სახლის რომაულ სვეტებთან დიდი ზომის ყვავილები იწონებენ თავს, ყურადღებას იქცევს ბერტ სტერნის მიერ გადაღებული მერლინ მონროს ფოტო და “Cole and Son“-ის ორიგინალური პალმის ჯუნგლების შპალერი.

ეტვუდი და მისი ქმარი არასდროს ზოგავენ ფულს, როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, ამიტომ მათი მანჰეტენის ბინა სავსეა წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი ლამაზი აქსესუარით.

„მილანში ცხოვრებისას სახლში ყველგან სარკის კედლები მქონდა, რადგან ეს ფართობს ზომაში ზრდის. ჩვენ ახლაც შეპყრობილები ვართ სარკეებით და სასადილო ოთახში ვინტაჟური სარკე დავამონტაჟეთ, რომელსაც ჩვენი ბინიდან გადაშლილი ნიუ-იორკის მომაჯადოვებელი ხედი პირდაპირ სახლში შემოაქვს,“- ამბობს ეტვუდი.  სასადილო ოთახის მაგიდა და სკამებიც ვინტაჟურია. ეტვუდი ადრე “Versace”-ს აქსესუარების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც იყო და ამ პერიოდიდან შემორჩენილი „Versace“-ს სასადილო ნაკრები თვალში მაშინვე გვხვდება.

სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი ოთახი წყვილისთვის სიტუაციის შესაბამისად საკითხავ, ტელევიზორის საყურებელ და განსატვირთ სივრცეს წარმოადგენს. ოთახი განებივრებულია მზის შუქით, ამიტომ ბინის მფლობელებმა აქ ნამდვილი ციტრუსის ხე დარგეს. ოთახში გვხვდება „ABC Home”-ის ხალიჩა, ხოლო წიგნები ფერების მიხედვითაა დახარისხებული.

წყვილის ბინაში გადმოსვლის დროს სამზარეულოში პატარა ტელევიზორის კუთხე იყო მოწყობილი, თუმცა ისინი თვლიან, რომ თანამედროვე სამყაროში ტელევიზორრს დიდად აღარავინ უყურებს – ყველას აქვს სმარტფონები თუ აიპადები, რომლებიც იგივე ფუნქციას ასრულებენ. აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს, ტელევიზორის კუთხისთვის ბევრად უფრო ორიგინალური ფუნქცია დაეკისრებინათ და ის ბარად გარდაქმნეს. ბარის სკამების დიზაინი პეპე კორტესს ეკუთვნის.

„გვსურდა, ჩვენი საძინებელი ოთახი სამკაულის ზარდახშას დამსგავსებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეკვეთა ხავერდის შპალერი არა მხოლოდ კედლებისთვის, ასევე ჭერისთვისაც. საძინებელში საწოლის თავზე ძირითადად ყველას აქვს ხოლმე რაიმე სახის ხელოვნების ნიმუში დაკიდებული, იქნება ეს ცხენის თავის ფიტული თუ ლანდშაფტის ნახატი, თუმცა ჩვენ გაი ბორდენის (Guy Bordain) ფოტოზე შევაჩერეთ არჩევანი, რომელზეც სექსუალური, გადახრილი ქალია გამოსახული. სასაცილოა, რომ ჰეტეროსექსუალებიც კი არ ვართ და ეს ფოტო ასე მოგვწონს,“-აცხადებს წყვილი.

 

ფოტოგრაფი: Tim Williams