in

Casa Tropical — მექსიკის ტროპიკულ ხეებში ჩაფლული სახლი

Alliance Group
Alliance Group

დღეს ერთ საინტერესო პროექტზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც უნიკალურია გარემომცველი ბუნების თითოეული დეტალის სრულყოფილი ათვისების გამო – მექსიკის ტროპიკულ ხეებში ჩაფლული შენობა ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის.

L ფორმის ერთსართულიანი სახლის არქიტექტურული კონცეფციის მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენოს ჯუნგლების უნიკალური ხედები, ამიტომაც ინტერიერი ვიწროა და თითოეული ზონა უზრუნველყოფილია ბუნებრივი განათებითა და ჯვარედინი ვენტილაციით. პროექტისთვის შთაგონების მთავარი წყარო ტროპიკული გარემოა – ოთხივე საძინებლის სველი წერტილები ღია ცისქვეშ, შიდა ეზოებში მდებარეობს.

მთავარი დერეფანი, რომელიც სახლის სხვადასხვა ზონას ერთმანეთთან აკავშირებს, ტერასის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც წესი, ასეა მექსიკურ ასიენდებსა და აგარაკებზეც, სადაც ამ ტიპის სივრცეებს ორმაგი დატვირთვა აქვს.

სახლი 100%-ით თვითკმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიას მზის პანელებით აწარმოებს და სარგებლობს ტერიტორიის წყლით. პროექტის შესაქმნელად გამოყენებულია ადგილობრივი სამშენებლო მასალა, რომელშიც ხე მთავარი ელემენტია. პროექტის ავტორებს Jaque Studio-დან სჯერათ, რომ XXI საუკუნის წამყვანი სამშენებლო მასალა ხეა, ისევე, როგორც გასულ საუკუნეში ფოლადი და ბეტონი იყო.

ვინაიდან ხე განახლებადი რესურსია, იდეალური მასალაა რეგიონის კლიმატური პირობებისთვის. გარდა ამისა, ესთეტიკურად დახვეწილი, თბილი და კომფორტული გარემო, რომელსაც ხე ქმნის, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეც, რაც მეცნიერულად უკვე დადასტურებულია.

Casa Tropical-ი სრულყოფილად იყენებს ბუნების სიკეთეებს. ეს არის სახლი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და რომლის თითოეული სივრცე განმარტოებისა და დასვენების იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.

პროექტის ავტორი: Jaque Studio

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია

10 ადგილი თბილისში, სადაც კარს შეიძენთ