in

Chrysler Tower – არტ დეკოს სტილის ცათამბჯენი ამერიკაში

Alliance Group
Alliance Group

1930-იან წლებში Chrysler Tower იყო ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში. თუმცა, Empire State Building-მა, New York Times Tower-მა და Bank of America Tower-მა ეს რეკორდი მალევე გააუმჯობესეს. კოშკი 1046 ფუტის (319მ) სიმაღლეზეა აშენებული და აქვს მბზინავი შუბის მსგავსი წვერი, რომლის ზომამ ეიფელის კოშკსაც კი აჯობა. ნაგებობა წარმოადგენს არტ დეკოს სტილის ცათამბჯენს მანჰეტენის აღმოსავლეთ მხარეს, ნიუ-იორკში, 42-ე ქუჩისა და ლექსინგტონის გამზირის კვეთაზე.

არქიტექტურული პროექტი უილიამ ვან ალენს ეკუთვნის, რომელმაც მშენებლობის დასრულებამდე საიდუმლოდ შეინახა დამატებითი შვიდი სართულის არსებობა და ამბობდა, რომ Chrysler Tower სიმაღლით მეორე კოშკი იქნებოდა ნიუ-იორკში, მანჰეტენის ბანკის შემდეგ, სინამდვილეში კი, “ფარული სართულების” დახმარებით, საკუთარი პროექტი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ ცათამბჯენად აქცია.

კოშკი თავდაპირველად უძრავი ქონების დეველოპერისა და ნიუ-იორკის შტატის ყოფილი სენატორის უილიამ ჰ. რეინოლდსის პროექტი იყო, რომელიც ოლტერ კრაისლერმა, Chrysler Corporation-ის ხელმძღვანელმა დაუკვეთა. მშენებლობა პირადად კრაისლერმა დააფინანსა. მისი მიზანი იყო მემკვიდრეობის შექმნა საკუთარი შვილებისათვის. მიუხედავად ამისა, 1952 წელს კრაისლერების ოჯახმა ცათამბჯენი გაყიდა და მას შემდეგ პროექტმა მრავალი მფლობელი გამოიცვალა.

საინტერესოა, რომ როდესაც Chrysler Buildin-ი აშენდა, შენობის დიზაინმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა – ზოგი მას უაზროსა და არაორიგინალურს უწოდებდა, ზოგი კი მოდერნისტულსა და საკულტოს. სინამდვილეში, კოშკის დიზაინი შესანიშნავად ასახავს იმდროინდელ არქიტექტურულ სტილ, ხოლო ფოლადით მოპირკეთებული ექსტერიერი მას ბრწყინვალებასა და გამორჩეულ სილამაზეს ანიჭებს.

ფოლადის გარდა, ექსტერიერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვაც, ხოლო ინტერიერში გამოყენებულია მარმარილო. სტრუქტურა მოიცავს 3862 ფანჯარას, ბოლო სართულები გაფორმებულია არწივების ფრთების მსგავსი ორნამენტებით, ვინაიდან არწივი ამერიკის ეროვნულ ფრინველად ითვლება.

მთლიანობაში, კოშკი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურული სტილითა და ცალკეული დეტალებით, რომლებიც შესანიშნავად ჯდება მანჰეტენზე არსებული ცათამბჯენების საერთო სტილსა და ესთეტიკაში. კომფორტული და დახვეწილი ინტერიერის ხარჯზე კი მას დღემდე უამრავი მნახველი ჰყავს მთელი მსოფლიოდან.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

AGA – შვედური ბრენდი, რომელმაც მზარეულების ცხოვრება შეცვალა

„Midcentury modern“-ის სტილის ინტერიერი ვაკეში — სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი