in ,

ქართული ფეხსაცმლის ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია – DODO Designs-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

Crosty ქართული ფეხსაცმლის ბრენდია, რომელმაც მოკლე დროში საერთაშორისო დონის წარმატებას მიაღწია. ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს თბილისის შუაგულში, ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიას 1896 წლიდან ითვლის.

უნიკალური დიზაინითა და სივრცეების გადანაწილებით გამორჩეული ინტერიერი დასამახსოვრებელი ეფექტის მქონეა – ერთის მხრივ საგამოფენო სივრცით, ხოლო მეორეს მხრივ შოპინგის გამოცდილებით, მაღაზია ნამდვილად წარმოაჩენს ქართველი ხალხის ნიჭსა და შემოქმედებითობას.

უტა ბექაიას სკულპტურა

კონცეპტუალური სივრცის ერთი ნაწილი მკვეთრი და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ეთმობა ფეხსაცმლის სრული კოლექციის წარმოჩენას, მეორე ნაწილი კი საგამოფენო სივრცეს მოიცავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრებისა და არტისტების შემოქმედება. ამ  ეტაპზე მაღაზიაში გვხვდება ქართველი ხელოვანის, უტა ბექაიას მიერ შექმნილი სკულპტურა.

ქროსთის მაღაზიის დიზაინზე ქართველმა ინტერიერის დიზაინერმა, დოდო ჩხეიძემ იზრუნა. როგორც დიზაინერი გვიამბობს, საპროექტო დავალება იმაში მდგომარეობდა, რომ სივრცის დიზაინი თანამედროვე და მინიმალისტური ყოფილიყო. მაღაზიისთვის შეირჩა სამი მთავარი ფერი: თეთრი, ვარდისფერი და ლურჯი.

იქედან გამომდინარე, რომ ობიექტში მხოლოდ ერთი მხრიდან აღწევს ბუნებრივი განათება, დოდო ჩხეიძემ სივრცის ძირითადი ნაწილი თეთრ ფერში გადაწყვიტა, რათა ინტერიერში მეტი სინათლე  შეეტანა. დიზაინში სამი მთავარი ტექსტურა, ქსოვილი, ბეტონი და სარკე გვხვდება. გამოყენებული ვიწრო და გრძელი სანათები კი საერთო კომპოზიციას საინტერესო დინამიკას აძლევს და მის ვიზუალურ ეფექტს ამდიდრებს.


ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც გამოფენილია ბრენდის პროდუქცია, დანარჩენი თეთრი სივრცისგან დოდო ჩხეიძემ მონოქრომულად გამიჯნა. შემაღლებული სივრცე მთლიანად ლურჯ ტონშია გადაწყვეტილი, რაც, დიზაინერის აზრით, კონცეფციის მთავარი ელემენტია. აქვე განთავსებული იყო ფუნქციურად არასაჭირო პატარა სივრცე, რომელსაც ახლებური ფუნქცია დაეკისრა – ის გადაიქცა ე.წ. “გასართობ ზონად”, რომელსაც სარკეები და RGB ფერების დინამიკური განათება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და არასტანდარტული ფოტოებისა თუ ვიდეოების გადაღების საშუალებას იძლევა, რაც ჩვენს რეალობაში სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია.

დიზაინ სტუდია: DODO Designs

ფოტოგრაფი: სოსო გამგებელი

ავტორი: ნინი ლეკიშვილი

Casa Collina – ტრადიციული, იტალიური ქვით ნაშენები ვილა უმბრიაში

არეულობის გამომწვევი 5 მთავარი მიზეზი და მათთან გამკლავების ხერხები