in

7 რამ, რაც დახვეწილი სკანდინავიური ინტერიერის შექმნაში ხელს გვიშლის

ბევრი პლასტმასა, შეუსაბამო ფერები და „ვიზუალური ხმაური“ — დღეს განვიხილავთ, რატომ არ ჰგავს თქვენი სახლი სკანდინავიური სტილის მყუდრო საცხოვრებელს.

  1. არასწორად გაფორმებული კედლები

პირველი, რაც სკანდინავიურ ესთეტიკას ეწინააღმდეგება, არასწორად გაფორმებული კედლებია. თუ გსურთ, სახლი ამ სტილით მოაწყოთ, მოდური ტროპიკული გამოსახულებების მქონე შპალერზე უარი უნდა თქვათ. თუმცა, არც მთლად მინიმალიზმზე გადასვლაა საჭირო — უბრალოდ, იმ დეტალებზე გაამახვილეთ ყურადღება, რომლებსაც დანიელები, შვედები ან ფინელები იყენებენ. მაგალითად, ფერადყვავილიანი შპალერის ნაცვლად, უმჯობესია, ინტერიერში რამდენიმე პოსტერი შეიტანოთ, რომლებზეც ჩრდილოეთის ტყეები და მდინარეები იქნება გამოსახული.

  1. შეუსაბამო სტილის ავეჯი

თუ ოთახში ძირითადად კლასიკური ავეჯია გამოყენებული, რამდენიმე სკანდინავიური აქსესუარის დამატება ამ სტილს ვერ შექმნის. იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე პროდუქტებზე ქრომისა და პლასტმასის დეტალებით. თუ ნამდვილი სკანდინავიური ავეჯის ყიდვა არ შეგიძლიათ, მოძებნეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ნივთები (ან მათი მაღალი ხარისხის შემცვლელები) მარტივი ფორმებით, დეკორატიული ელემენტების გარეშე. რაც უფრო მინიმალისტურია ავეჯი, მით უფრო ადვილია სასურველ სტილთან მისი მორგება. ნუ მოერიდებით ძველი კარადების, სკამებისა და სავარძლების გამოყენებას. მცირე რესტავრაცია და გადაღებვა დაგეხმარებათ, ისინი სკანდინავიურ სტილს შეუხამოთ.

  1. ბევრი პლასტმასა

სკანდინავიური სტილი ბუნებასთან სიახლოვეს გულისხმობს, ამიტომ მას პლასტმასა არ უხდება. ეს არა მხოლოდ ინტერიერის ძირითად ელემენტებს (მაგალითად, სკამებს), არამედ უმცირეს დეტალებსაც ეხება (ყვავილების ქოთნებს, დეკორს, აბაზანის აქსესუარებს). ყველა ასეთი ნივთი თავიდან მოიშორეთ და პლასტმასა ხით, კერამიკით, თიხით ან სხვა ბუნებრივი მასალით ჩაანაცვლეთ. ცვლილებას მაშინვე შეამჩნევთ.

  1. ცუდად შერჩეული ფერთა პალიტრა

თანამედროვე სკანდინავიური სტილი გასცდა ტრადიციულ ფერთა პალიტრას, თუმცა ნეიტრალური ელფერები კვლავ მისი ძირითადი ნაწილია. გირჩევთ, დეკორაციაში აქრომატული ფერები და მოზრდილი ავეჯი გამოიყენოთ, რათა სტილის საზღვრებს არ გასცდეთ. აქცენტებისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ფერი შეარჩიოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ისინი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. მაგალითად, ნეონის ღია მწვანე ან აკვამარინის ელფერი არ ერგება სკანდინავიურ ესთეტიკას, თუმცა მდუმარე ბალახისფერი, ნაცრისფერი და ლურჯი შესანიშნავი არჩევანია.

  1. „ვიზუალური ხმაური“

თუ ყველა ძირითადი კანონი დაცულია, მაგრამ ინტერიერი მაინც არ ჰგავს სკანდინავიურ სტილს, უბრალოდ, მიმოიხედეთ. ჩრდილოური სტილის ბინები მინიმალიზმით გამოირჩევა. შესაძლოა, თქვენს სახლში ზედმეტად ბევრი წვრილმანი, დეკორი თუ საყოფაცხოვრებო ნივთია ხაზგასმული. დაალაგეთ ყველაფერი და მათ დასამალად კალათები გამოიყენეთ.

  1. ზედმეტი სიმჭიდროვე

ავეჯის ზედმეტად მჭიდრო წყობა, დეკორით სავსე ფანჯრის რაფები, თაროები და კედლები — ეს ყველაფერი ართულებს სკანდინავიური სტილის აღქმას. გირჩევთ, არასაჭირო ნივთები თავიდან მოიშოროთ. დაე, სახლში მეტი სივრცე და სინათლე იყოს. თუ შპალერი, ავეჯი და ფერები სწორადაა შერჩეული, ბინაში ცარიელი ადგილები ჰარმონიულად გამოიყურება და ნაკლოვანებად არ აღიქმება.

  1. ყველაფერი ახალი

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სკანდინავიური ინტერიერი არც ისე სკანდინავიურად გამოიყურება, ისაა, რომ მასში ყველაფერი ახალია. ჩრდილოეთის ბინებში კომფორტი იქმნება იმ განცდით, რომ აქ ოჯახის რამდენიმე თაობა ცხოვრობდა. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ინტერიერში სიძველის ეფექტის მქონე ნივთების გამოყენება, მაგალითად, ოდნავ გაცვეთილი ხის სკამების, ძველი კომოდის, ვინტაჟური დეკორის და ა. შ.

5 ტრენდული ფერი საზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად

ELEMENT — ნანა ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა მილანში, „Oxilia Gallery“-ში, 20 სექტემბერს გაიხსნება