in

5 ტრენდული ფერი საზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად

ზაფხულის სეზონი სიფერადესთან და სასიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული, რაც ინტერიერზეც აისახება. საზაფხულო სივრცეები საზეიმო ემოციას იწვევს. ეს კი, პირველ რიგში, ფერებით მიიღწევა. სწორედ მათი დახმარებით იქმნება ის ატმოსფერო, რომელიც მნახველს პოზიტიურად განაწყობს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად ფერებზე, რომლებიც საზაფხულო ხასიათს შეგიქმნით.

1. ტერაკოტასფერი

ტერაკოტას ტონები განსაკუთრებით უხდება ზაფხულს, რადგან ბუნების შეგრძნებებს აღძრავს და სითბო, სიმშვიდე შემოაქვს ინტერიერში. ტერაკოტას ფერები თიხის ჭურჭელს, კოცონის ალსა და მზით დამწვარ პეიზაჟებს მოგვაგონებს, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, სხვა ფერებთან სინთეზით კი ჰაეროვანი, მსუბუქი ინტერიერი მიიღება.

2. ღია ვარდისფერი

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, დიზაინერები საზაფხულო ინტერიერის მოსაწყობად ღია ვარდისფერ ტონალობას ხშირად იყენებენ, როგორც აქცენტის, ისე წამყვანი ფერის სახით. ვარდისფერი აცოცხლებს, აფერადებს გარემოს და პოზიტიური განწყობა შემოაქვს სივრცეში. ამავდროულად, დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის და დასვენებასა და რელაქსაციას უწყობს ხელს.

3. მწვანე ფერი

მწვანე ტონალობა გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდთან ასოცირდება. ის ყველაზე მეტად ქმნის ბუნებასთან კავშირის განცდას და ინტერიერს ახალი ენერგიითა და სიცოცხლით ავსებს. ამავდროულად, მწვანე ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და გონებას ასვენებს. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე კი მისი გამოყენება დეტალებისა თუ მთავარი ფონის სახით იდეალური გადაწყვეტილება იქნება.

4. ყვითელი

ყვითელსა და ოქროსფერ ტონებს შეუძლია ინტერიერში  მზის შუქისა და ბედნიერების განცდის შემოტანა. ცოცხალი, ენერგიული ხასიათის მისაღებად და სახლში საზეიმო, სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად ყვითელი აქცენტები კარგი არჩევანია. აღნიშნული ტონი შეგიძლიათ ავეჯის, აქსესუარებისა და დიზაინობიექტების სახით გამოიყენოთ და ოთახი ფერადი დეტალებით გაამდიდროთ.

5. მეტალისფერი

თუ თამამი, განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერის შექმნა გსურთ, დიზაინერები მეტალის ელემენტების დამატებას გვირჩევენ, რაც სივრცეს მდიდრულ და ელეგანტური იერს სძენს. ამავდროულად ის საზაფხულო სეზონისათვის დამახასიათებელ ხასიათს და საზეიმო განწყობას ქმნის.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ავტორი: მეკო მეტრეველი

7 ადგილი თბილისში, სადაც ღობეს შეიძენთ

7 რამ, რაც დახვეწილი სკანდინავიური ინტერიერის შექმნაში ხელს გვიშლის