in

ძველი შვედური სახლი თანამედროვე ელემენტებით

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელიც შვედეთში მდებარეობს ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზს გვთავაზობს. 1920 წელს აშენებულ ვილას დაემატა ხის პატარა კონსტრუქცია, რომელიც სამზარეულოსა და სასადილო ოთახის ფუნქციას ასრულებს.

ხის ნაგებობა მინის ფანჯრებითაა დაკომპლექტებული და ნათელ, მიმზიდველ სივრცეს ქმნის, რომელიც ხის ტერასით სახლის ისტორიულ ნაწილს უკავშირდება.

საცხოვრებელში ნებისმიერი სეზონისთვის იდეალური პირობებია მოწყობილი. გარე სივრცეები გაზაფხულსა და ზაფხულში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას იძლევა. ინტერიერში კი საკმაოდ მყუდრო, კომფორტულ კუთხეებს ვხვდებით — ბუხრითა და მოსახერხებელი ავეჯით.

სახლი შემაღლებულ ადგილასაა აშენებული და მომხიბვლელი ექსტერიერით გამოირჩევა. მასიური, მთლიან კედელზე დამონტაჟებული ფანჯრების წყალობით,  შენობა უფრო მოცულობითი ხდება და ბუნებრივი სინათლით ივსება.

გაერთიანებული სამზარეულო და სასადილო ვრცელია. ამ სივრცეში აქტიურად გვხვდება ხის ავეჯი და ბეტონის ელემენტები, რომლებიც ინტერიერში გამოყენებულ თბილ, ღია ფერებს სასიამოვნოდ ეხამება. სამზარეულო შუშის კარით ბაღსა და ტერასას უკავშირდება.

პატარა დერეფანი ძველსა და ახალ ნაგებობას ერთმანეთთან აკავშირებს. ოთახს ბეტონის იატაკი, მინის ფართო ფანჯრები და ხის ავეჯი სიმსუბუქეს სძენს.

მისაღები სახლის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ის  სახასიათო ინტერიერით გამოირჩევა, რომელშიც ბუნებასთან სიახლოვე კარგად იგრძნობა — ოთახი სხვადასხვა მცენარით არის მორთული, ხის კედლები კი ღია სალათისფრადაა შეღებილი. საინტერესო აქცენტებს ქმნის რკინის ბუხარიც, რომელიც ოთახს მყუდროებას მატებს.  ერთ-ერთ კუთხეში ჩაშენებულ კარადებს შორის, სამკითხველოდ, იდეალური სივრცეა მოწყობილი.

ძველი დერეფანი მოსასვენებელ ზონად გადაკეთდა, სადაც კომფორტული სავარძელი და დივანია მოთავსებული, ხის კარით კი  ეზოში გავდივართ.

მთავარი საძინებელი ძველებური სტილით ხასიათდება, რასაც შეღებილი ხის იატაკი, ჩაშენებული კარადები და რკინის ბუხარი განაპირობებს.

საბავშვო ოთახში უფრო მხიარული განწყობა იგრძნობა და ყვითელ ფერშია გადაწყვეტილი.

სააბაზანოში განთავსებულია ჰიგიენური, სამრეცხაო და საშრობი კუთხე.

ეზო რამდენიმე ნაწილად იყოფა, რომელსაც დიდი ტერასა აერთიანებს, სადაც სასადილო, მოსასვენებელი ზონაა მოწყობილი. სამზარეულოს წინ გაშენებულია პატარა ყვავილებისა და ხეხილის ბაღიც, რომელიც ექსტერიერს ალამაზებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ნოტრ-დამის ხის სახურავისა და კოშკის რესტავრაციის პროცესი 2024 წელს დასრულდება

როგორ მოვაწყოთ მყუდრო საძინებელი ოთახი — სტუდია Due-ს რჩევები