in

როგორ გამოვთვალოთ თუ რა რაოდენობით ელექტრო ენერგიას მოიხმარს ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ალბათ ყველას შეგვინიშნავს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მიკრული ფერადი სტიკერები და მათზე გამოსახული ლათინური ასოები, მაგრამ ცოტამ თუ იცის თუ რა დანიშნულება აქვთ მათ.  აღნიშნული სტიკერები პროდუქტის ენერგოეფექტურობაზე მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გიამბოთ თუ როგორ უნდა გამოთვალოთ თუ რა რაოდენობის ელექტრო ენერგიას მოიხმარს კონკრეტული სახეობის ტექნიკა. ეს ინფორმაცია კი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ პროდუქტის შეძენისას სწორი კრიტერიუმებით იხელმძღვანელოთ.

სარეცხი მანქანა

მწარმოებელი ამტკიცებს რომ ენერგოეფექტურობის კოეფიციენტის მინიჭება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. რეცხვის რეჟიმების რაოდენობაზე, სარეცხი კამერის მოცულობაზე და დატვირთვაზე. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი არჩევანის ეფექტურობა გადახდილ ფულში ჩანს. მაგალითისთვის “E” კლასის სტანდარტული სარეცხი მანქანა საათში 486 ვატ ენერგიას მოიხმარს ხოლო “A+” –  374 ვატს. თუ სარეცხ მანქანას დღეში ორჯერ და 2-2 საათის განმავლობაში ჩავრთავთ გამოვა, რომ ერთი რეცხვა დაგვიჯდება 0,486(კვტ)*2(სთ)*0,22(ლარი)=0,21 ლარი, წელიწადში კი 2(ჯერ)*0,22(ლარი)*365(დღე)=160,6 ლარი.  “A+” – ით იგივე გამოთვლებით ერთი რეცხვა 0,165 ლარი დღეში და წელიწადში 120 ლარი დაგიჯდებათ. წელიწადში ამ ორ კლასს შორის სხვაობა საშუალოდ 40 ლარია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ხარისხიანი ტექნიკა მინ. 7 წელიწადს გვემსახურება სხვაობა 280 ლარია.

მაცივარი

თანამედროვე სტანდარტული მაცივარი “A+” კატეგორია საათში 43 ვატს მოიხმარს, ხოლო “B” კატეგორია – 128 ვატს. შესაბამისად, წელიწადში პირველი დაწვავს 0,043(კვტ)*24(სთ)*365(დღე)*0,22(ლარი)=83 ლარს, ხოლო “B” კატეგორია 0,128(კვტ)*24(სთ)*365(დღე)*0,22(ლარი)=247 ლარს, სხვაობა 164 ლარი წელიწადში. მაცივარის შემთხვევაში 7 წლიანი ექსპლუატაციის პერიოდში უკვე 1148 ლარიანი სხვაობა გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ენერგოეფექტურობის ფაქტორი მნიშვნელოვანია.

ტელევიზორი

თანამედროვე საშუალო ზომისა და პარამეტრების ტელევიზორი საათში 100 ვატს მოიხმარს. შესაბამისად, დღეში 8 საათიანი ყურება წლის განმავლობაში დაგიჯდებათ 65 ლარი. აქ სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ შედარებაც არ ღირს. შესაბამისად, უპრიანი იქნება ტელევიზორი თქვენი გემოვნებისა და მოთხოვნის მიხედვით შეარჩიოთ და არა ენერგოეფექტურობის მაჩვენებლით.

განხილული მაგალითები აჩვენებს, რომ ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი მართლაც კონკრეტული მოდელების უპირატესობებს უსვამს ხაზს. თუმცა, რამდენად გიღირთ ამ უპირატესობაში ზედმეტი თანხის დახარჯვა, თქვენი გადასაწყვეტია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ძალიან მოგეწონათ ტექნიკის რომელიმე კონკრეტული მოდელი, რომელიც თქვენს ინტერიერს უხდება, შესაძლოა არ ღირდეს, მასზე უარის თქმა მისი შედარებით დაბალი ენერგოეფექტურობის კლასის გამო.

 

“აუკი” – სტუდია, სადაც ინტერიერის დიზაინი ინდივიდუალური მიდგომით იქმნება

რა განსხვავებაა ანტიკვარულ და “ვინტაჟურ” ნივთებს შორის