in

სახლი “ელია” თბილისის ძველ უბანში – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი

სახლი „ელია“, რომელიც “იდააფ არქიტექტორების” მორიგი დასრულებული ნამუშევარია, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში, ავლაბრის ზემო ნაწილში, ელიას გორაზე მდებარეობს. ნაკვეთის საერთო ფართობი 758 კვადრატული მეტრია, სახლი კი 340 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

საცხოვრებელი რელიეფური ლანდშაფტითა და თბილისზე თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა. ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ აუთვისებელი, თუმცა განვითარების პროცესში მყოფი ახალი ურბანული გარემოა, სადაც ფუნქციურად საცხოვრებელი სახლები შენდება.

არსებული ლანდშაფტის გავლენით, შენობის არქიტექტურა განისაზღვრა როგორც თვითმყოფადი, სწორხაზოვანი ფასადების მქონე ნაგებობა, რომელიც გარემოსთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის. საცხოვრებლის დიზაინი ეფუძნება სამ პრინციპს: ფორმების სიმარტივე, ხედებზე ორიენტირებული გეგმები და მასალების მინიმალისტური ესთეტიკა,” – ნანა ზაალიშვილი.

ორსართულიანი, გეგმით მართკუთხა შენობა ფერდობზე, ნაკვეთის შუაშია განთავსებული და ეზოს ორ დონედ ყოფს, საიდანაც ორივე სართულზე დამოუკიდებლად ხდება წვდომა. მთავარი შესასვლელი მოწყობილია ჩრდილოეთით, ზედა სართულზე, ზღვის დონიდან 564,4 მეტრ სიმაღლეზე.

სახლის ინტერიერი ნათელია და მარტივი გეგმარებით ხასიათდება. ზედა სართულზე განთავსებულია სამი საძინებელი, მცირე ზომის საერთო სივრცე და დამხმარე ოთახები. ასევე კიბე, რომელიც ქვედა სართულს უკავშირდება. ქვედა სართულზე ერთ გახსნილ სივრცეში მდებარეობს სამზარეულო, მისაღები და სასადილო ზონა, ამასთანავე სამუშაო ოთახი და სათავსო. სახლის მთავარი ოთახები მოწყობილია სამხრეთ ფასადზე და ყველა მათგანი თბილისის ხედს გადაჰყურებს.

სახლი „ელია“-ს არქიტექტურული კომპოზიცია მართკუთხაა პრიზმაა, რომლის ბეტონის ძირს ხის შავი პანელების ფასადი ადგას, რაც შენობის ფუნქციურ დაყოფას უსვამს ხაზს. ბეტონისა და შავი ხის მინოლითურ ხასიათს მაღალ ვიტრაჟებში არეკლილი ცის ფერი ამსუბუქებს. ორდონიანი ლანდშაფტის დიზაინი დაგეგმარდა როგორც ღია სივრცე, სადაც აქცენტს მიმოფანტული ხეები და ბუჩქები ქმნის. ოჯახისთვის შექმნილი სახლი „ელია“ არსებულ გარემოში პროტაგონისტია და დომინანტ გეომეტრიულ სტრუქტურას ქმნის.

პროექტის ავტორი: “იდააფ არქიტექტორები”

კონსტრუქტორი: გიორგი თაბაგირი

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

პროექტის შესრულების წელი: 2018-2022

გულწრფელი ემოციის განცდა არქიტექტურაში – ინტერვიუ ქეთი ფხაკაძესთან

ყვავილების გამოწერის ავტომატური სერვისი “Ameliehome.ge” – “ამელის” მორიგი სიახლე