in

ნახეთ ელტონ ჯონის ფერადი სახლი ლოს-ანჯელესში

Banner M2
Banner M2

იმის გათვალისწინებით, რომ ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი დევიდ ფურნიში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერები არიან, შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ მათი სახლი მუზეუმის სტილშია გადაწყვეტილი და მოკლებულია ყოველგვარ კომფორტს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი აზრია.

როგორც წყვილი აცხადებს, სახლის შერჩევის პროცესში მათი მთავარი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შერჩევა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა კალიფორნიისთვის დამახასიათებელი სტილით ცხოვრებას (ანუ სახლის შიდა სივრცესთან ერთად, გარე სივრცის აქტიურ გამოყენებას ). ამას გარდა, ელტონ ჯონი და დევიდ ფურნიში ეძებდნენ ადგილს, სადაც მათი შვილები თავისუფლად შეძლებდნენ ღია ცის ქვეშ ყოფნას როგროც წინა, ასევე უკანა ეზოში და ხშირად იქნებოდნენ სუფთა ჰაერზე.

ძიების პროცესი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. როგორც ფურნიში იხსენებს, მან პირველივე დღეს აღმოაჩინა აღნიშნული სახლი და მაშინვე მოიხიბლა მისით. ეს გახლდათ 1966 წელს აშენებული ერთსართულიანი შენობა, რომლის ფართიც დაახლოებით 500 კვადრატული მეტრს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი სულ ახალი გარემონტებული იყო და მასშტაბურ სამუშაოებს არ საჭიროებდა, მინიმალური ცვლილებების შეტანა მაინც გახდა საჭირო. ამისთვის ელტონ ჯონმა და დევიდ ფურნიშმა ცნობილ დიზაინერს – მარტინ ლოურენს ბალარდს (Martyn Lawrence Bullard) მიმართეს.

თავდაპირველად მოხდა განათების გადაკეთება, ხმის სისტემის დამონტაჟება და ფანჯრების შეცვლა ულტრა იისფერი გამოსხივებისგან დამცავი მინით. ამის შემდეგ უკვე დიზაინის შემუშავების დრო დადგა.

ჯონმა და ფურნიშმა საკუთარი კოლექციიდან შეარჩიეს ის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ახალ სახლში დაიდებდნენ ბინას. ყველა მათგანი გამოირჩევა ფერების სიუხვითა და პოზიტიური განწყობით. სწორედ ეს ორი კომპონენტი იყო უმთავრესი სახლის მფლობელებისთვის, რათა ინტერიერი მაქსიმალურად მათი ოჯახისთვის მორგებული გამოსულიყო.

სახლის ინტერიერის მთავარ ინსპირაციად ბალარდისთვის იქცა ჯერემი ბლეიქის (Jeremy Blake) კალეიდოსკოპიური სტილის ციფრული პრინტი, რომელიც მისაღებ ოთახში, ბუხრის თავზე განთავსდა. სწორედ აღნიშნულ ნამუშევარში გამოყენებული ფერებით მოხდა სახლის გაფორმება.

დიზაინერის მთავარ გამოწვევას აღნიშნულ პროექტში ბინის მეპატრონეების კონტრასტულად განსხვავებული გემოვნება წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, დეივიდ ფურნიში სისადავისა და მინიმალიზმისკენ არის მიდრეკილი, ხოლო ელტონ ჯონი ბევრად გადატვირთულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად ამისა, ბალარდმა შეძლო ერთგვარი ბალანსის შენარჩუნება და მოახერხა ის, რომ სახლის დიზაინი მისაღები აღმოჩნდა ორივე მეპატრონისათვის.

ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ოჯახური ტიპის (family friendly) ინტერიერი აუცილებლად ერთფეროვან და მოსაწყენ გარემოს არ გულისხმობს. სახლის დიზაინი შესაძლოა იყოს არასტანდარტულად თამამი, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მყუდრო და კომფორტული მისი ბინადრებისთვის.

წყარო: Architecturaldigest.com

ერთოთახიანი “ხრუშჩოვკის” სრული გარდასახვა თბილისში – სტუდია OCTO-ს ნამუშევარი

5 რჩევა ელექტრო გაყვანილობის დაგეგმვასთან დაკავშირებით