in

რენოვაციის ეპოქა თუ ახალი პარადიგმა? — EUmies Awards 2026 და განსხვავებული ინტერპრეტაციები

არქიტექტურას ხშირად ვუწოდებთ ეპოქისა და კულტურის ანარეკლს, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა იმ პროცესის დაკვირვება, როდესაც ეს ანარეკლი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა. თანამედროვე ქალაქები სწორედ ასეთ მდგომარეობაში არსებობს — ისინი ერთდროულად მოიცავს წარსულის ფენებს, აწმყოს მოთხოვნებსა და მომავლის მოლოდინებს. ამ მრავალშრიან სივრცეში განსხვავებული ტიპის ესთეტიკა თანაარსებობს: ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესს პარალელურად ახლავს ტექნოლოგიური პროგრესით განპირობებული ახალი ფორმების ძიება. თუმცა, ამ ვიზუალური მრავალფეროვნების მიღმა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს, რა შენარჩუნდება, რა გარდაიქმნება და რა შეიქმნება თავიდან.

ასეთ არჩევანს არ აქვს ერთი ავტორი. ის ყალიბდება ინსტიტუციური ძალების, პროფესიული წრეებისა და საზოგადოებრივი აღქმის ურთიერთქმედებით. გავლენიანი ჯილდოები, პლატფორმები და ორგანიზაციები ქმნის ნარატივებს, მაგრამ ამ ნარატივებს ლეგიტიმაციას სწორედ საზოგადოებრივი აზრი ანიჭებს. ამ ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ავთენტურობის ძიება, რომელიც ხშირად ტრენდებისგან დისტანცირებით და უფრო მდგრადი, გრძელვადიანი იდეებისკენ მიმართვით ვლინდება.

ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის ჯილდო სწორედ ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა — ეს არის ინსტიტუციური პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ აფასებს, არამედ გარკვეულწილად, ადგენს პროფესიულ დღის წესრიგსაც. EUmies Awards-ის 2026 წლის ფინალისტთა სია ამ პროცესის მკაფიო სურათს გვთავაზობს: მასში აშკარად იკვეთება არსებული გარემოსადმი ახალი დამოკიდებულება, სადაც რენოვაცია, ადაპტაცია და ტრანსფორმაცია ცენტრალურ თემებად იქცევა და არქიტექტურა უფრო მეტად სოციალურ პასუხისმგებლობასა და რესურსების გააზრებულ გამოყენებას უკავშირდება.

თუმცა, ამ ტენდენციების ინტერპრეტაცია ერთმნიშვნელოვანი არ არის. პირიქით, ისინი სხვადასხვაგვარად იკითხება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კონტექსტში. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ამ პროცესებს ქართველი არქიტექტორები და რა მნიშვნელობას ანიჭებენ მათ პროფესიული და კულტურული რეალობის გათვალისწინებით. სწორედ ამ თემაზე გავესაუბრეთ ნიკოლოზ ლეკვეიშვილსა (TIMM Architecture) და დიმიტრი შაფაქიძეს (Laboratory of Architecture #3).

Temporary Spaces for Slovenian National Theatre Drama, დიდი დარბაზი ძველი თეატრის სავარძლებით, © Anja Vidic
ნიკოლოზ ლეკვეიშვილი:

ეს არ არის მხოლოდ კრიტერიუმების ცვლილება, არამედ არქიტექტურის, როგორც დისციპლინის, ფუნდამენტური ევოლუციაა. ჩემი ხედვით, თანამედროვე ტრენდი უარყოფს არქიტექტურას, როგორც მხოლოდ ახალი ფორმის შექმნის იდეას. დღეს საერთაშორისო ინტერესს ვეღარ იწვევს უბრალოდ ვიზუალური ეფექტი; ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არსებული ნაშენი და სოციალურ-კულტურული სივრცის გადააზრება. ეს ტენდენცია ნათლად ჩანს ბოლო პერიოდის ვენეციის ბიენალეებზეც (ჰაშიმ სარქისის, ლესლი ლოკოსა და კარლო რატის კურატორობით), სადაც აკადემიური სექტორი მართავს ნარატივს და უპირისპირდება ‘ნულიდან’ მშენებლობის ძველ პარადიგმას.

რეაბილიტაციის პროექტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო ინოვაციური, ვიდრე ახალი შენობა, რადგან ის არსებულ სტრუქტურას იყენებს, როგორც მასალას ახალი განცდებისა და არამატერიალური პროდუქტის შესაქმნელად. ინოვაცია აქ მდგომარეობს არა ახალი მოცულობის შექმნაში, არამედ იმ სივრცითი და კულტურული ფენების “გამოშიგვნასა” და ახლებურ ინტერპრეტაციაში, რაც სრულიად ახალ არქიტექტურულ ენას ბადებს.

ზღვარი ინტერვენციასა და ტექნიკურ განახლებას შორის იდეოლოგიურ მიდგომაშია: ტექნიკური განახლება მხოლოდ ფიზიკურ გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, მაშინ როცა არქიტექტურული ინტერვენცია სივრცის კონცეპტუალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “ქანქარა” მუდმივად მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ EU Mies Awards-ის ფინალისტებში ახალი შენობები თითქმის არ ჩანს, პრიცკერის ბოლო პრიზი მიგვანიშნებს, რომ ინდუსტრია, შესაძლოა, ისევ დაუბრუნდეს იმ არქიტექტორებს, რომლებიც ახალი სტრუქტურების შექმნაზე არიან კონცენტრირებულნი.

საქართველოში, სადაც უამრავი ისტორიული და საბჭოთა პერიოდის შენობა გვაქვს, რეაბილიტაცია უნდა იქცეს სტრატეგიულ მიმართულებად. ეს არ ნიშნავს ახალ არქიტექტურაზე უარის თქმას; პირიქით, ეს არის “ახალი არქიტექტურა ძველ გარემოში”. ჩვენი ამოცანაა, ეს შენობები გამოვიყენოთ ახალი სოციალური სივრცეების ფორმირებისთვის, თუმცა პრიცკერის პრემიის ბოლო გადაწყვეტილება გვახსენებს, რომ არ უნდა დავკარგოთ ახლის შექმნის ამბიციაც, რომელიც მომავალში თავად გახდება ჩვენი მემკვიდრეობა.“

Rehabilitation of Vapor Cortès – Prodis 1923, © Adrià Goula

რაც შეეხება დიმიტრი შაფაქიძეს, ის ყურადღებას ამახვილებს თავად მშენებლობის ეთიკურ განზომილებაზე და გვახსენებს, რომ ახლის შექმნა, მიუხედავად კრიტიკისა, კვლავ ადამიანის კულტურული არსის განუყოფელ ნაწილად რჩება:

პლანეტის მიმართ ადამიანის ზემოქმედების გააზრებამ მნიშვნელოვნად შეცვალა თანამედროვე არქიტექტურული ეთიკა. შენება აღარ აღიქმება უპირობო სიკეთედ. მეტიც, მშენებლობის თავიდან აცილება ხშირად უფრო დიდ მიღწევად განიხილება (ლაკატონ & ვასალის მაგალითიც ამას ადასტურებს).

ვინ, თუ არა არქიტექტორმა, იცის ის ემოციური სიმძიმე, რომელიც ახლავს იმ მომენტს, როდესაც ხელუხლებელ მიწას პირველად ჭრის ბარი, როცა დგება უკანმოუბრუნებლობის წერტილი. როგორც მარიო ბოტა აღნიშნავდა, ეს არის პირველი გაცნობიერება იმისა, რომ იმ ადგილას მზე უკვე აღარ მოხვდება.

ამ ფონზე, დიდი მიღწევაა ცნობიერების ის დონე, სადაც შენარჩუნება, მოვლა, უკვე გაწეული ძალისხმევის დაფასება და ხელახალი გამოყენება ისევე ღირებულად იქცა, როგორც ახლის შექმნა.

ამ ცვლილებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის ვან დერ როეს სახელობის პრიზმა, კონკურსმა, რომელსაც საჯარო ინსტიტუცია მართავს და რომელიც ბუნებრივად ეყრდნობა სიკეთისა და რესურსების ობიექტური, ხელშესახები და დასაბუთებული განკარგვის კრიტერიუმებს. განსაკუთრებით იმ დროს, როცა არქიტექტურის თეორია თითქოს ვეღარ გვთავაზობს ისეთ საერთო დღის წესრიგს, რომელზეც კონსენსუსი იარსებებდა.

მაგრამ, ამავე დროს, ზუსტად ვიცით, რომ არასდროს დადგება დრო, როდესაც ადამიანი აღარ მოეწონება ადამიანს, აღარ დაწურავს ყურძენს, აღარ დაანთებს კოცონს და აღარ დადებს ქვას ქვაზე – აღარ ააგებს რამეს ცარიელ სივრცეში. ეს ქმედება იმდენად ორგანულია კაცობრიობის კულტურისთვის (მის ფართო გაგებაში), რომ მისი ეჭვქვეშ დაყენება, კრიმინალიზება ან თუნდაც შერცხვენა, უბრალოდ აბსურდულია.

ვფიქრობ, თავს მივცეთ უფლება, გავბედოთ, თამამად ვიფიქროთ, ვეძებოთ და ვიმუშაოთ კაცობრიობასთან ერთად და არ ველოდოთ მზა პასუხებს.

ზემოთხსენებული კონკურსი ევროპის კავშირის ეგიდით ტარდება. უმეტესი ჩვენგანი ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ამ გაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი ფიქციად არ დარჩეს. მათ შორის, იმისთვისაც, რომ საკუთარი პროფესიული დღის წესრიგის განსაზღვრაში თავად მივიღოთ მონაწილეობა და ერთხელ და სამუდამოდ წარსულს დავუტოვოთ დრო, როცა უნდა გველოდა, როდის მოგვაღწევდა ინფორმაცია, რა იყო აქტუალური და რა – არა.

საბოლოოდ, EUmies Awards 2026-ის ფინალისტების სია გვაძლევს არა ერთმნიშვნელოვან პასუხს, არამედ გვაჩვენებს იმ პროცესს, რომელშიც თანამედროვე არქიტექტურა საკუთარ იდენტობას ეძებს – ძველსა და ახალს შორის, მშენებლობასა და შენარჩუნებას შორის, ეთიკასა და შემოქმედებით თავისუფლებას შორის. კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენა ამ დისკუსიის მიმართულებებს ან მეტ დამაჯერებლობას შესძენს, ან მეტად გააღრმავებს ძიების პროცესს. ამ ეტაპზე კი ფინალისტთა შორის საერთო ნიშნები შესაძლოა ერთგვარ მანიფესტადაც წავიკითხოთ, თუმცა არა როგორც დასრულებული პოზიცია, არამედ როგორც ცოცხალი, დინამიკური რეალობის ასახვა, სადაც არქიტექტურა ჯერ კიდევ ძიების პროცესშია და ერთიანი პასუხის არარსებობა თავად ამ პროცესის არსებით ნაწილად გვევლინება..

პატარა ბინა ბარათაშვილის ქუჩაზე – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი