ისეთი პატარა სახელმწიფოს წარმატებისთვის, როგორიც საქართველოა, ნებისმიერ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება. წელს, როდესაც ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ ჯილდოზე ნომინირებულია რვა პროექტი საქართველოდან, ნათელი ხდება, ქვეყნის მასშტაბთან მიმართებაში, რამდენად გაიზარდა არქიტექტურული სივრცე უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.
საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაგროვება ქვეყნისთვის საუკუნეების მანძილზე რთულ ამოცანად რჩებოდა. საქართველოში სამოქალაქო არქიტექტურის ფორმირებამდე, დიდი ხნის მანძილზე, ეროვნულ ინდივიდუალურ მახასიათებლებს თავდაცვითი და საეკლესიო ხუროთმოძღვრება ქმნიდა. მეცხრამეტე საუკუნემდე სხვა ტიპის ნაგებობებზე ცნობები და ფიზიკური მტკიცებულებები, ფაქტობრივად, არ შემოგვრჩა.
ისტორიულად, პოლიტიკური გავლენა საქართველოს ხშირად კულტურულ ჩარჩოებში აქცევდა. თუმცა მაშინაც, როდესაც ქართული შემოქმედებითი წრეების მოღვაწეობა მათთვის უცხო სტანდარტების ალყაში ექცეოდა, ქართველი მხატვრები, მწერლები, პოეტები იდეოლოგიურად უფრო ახლოს იყვნენ ჯერ კიდევ პოლიტიკურად შორეული ევროპისგან. ასეთ სიახლოვეს თავისუფლების სიყვარული, ღირებულებების დაცვა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა განაპირობებდა.
პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პარალელურად, ქართული კულტურის იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა არასდროს ჩერდებოდა. ხელოვნება იყო იარაღი, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ყველაზე რთული იყო არქიტექტურულ ნაგებობებში, რომლებიც ყველაზე მეტ შეზღუდვას ექვემდებარებოდა. საქართველოს არქიტექტურა ჯერ რუსეთის იმპერიის შაბლონური ალბომებით ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სოციალისტური იდეების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.
მიუხედავად ზეწოლისა, გაბატონებული რუსული კლასიციზმის გვერდით, საქართველოში ევროპული ტენდენციების პარალელურად, ფართოდ დამკვიდრდა არტ-ნუვო და, ამავდროულად, საცხოვრებელი სახლებისთვის დამახასიათებელი ხის აივნები ფასადებს მიღმა, შიდა ეზოებში მაინც ინარჩუნებდა სოციალურ და მხატვრულ სიცოცხლისუნარიანობას. ხოლო მოგვიანებით, საბჭოური ბრუტალიზმის ასლებს შორის, მოდერნიზმის ისეთი უნიკალური ნიმუშებიც გაჩნდა, როგორებიცაა ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, ჭადრაკის და ალპური კლუბი, თბილისის სპორტის სასახლე და ა.შ.


დღეს გვეამაყება ის არქიტექტორები, რომლებიც ევროპის კვალდაკვალ ავითარებდნენ ადგილობრივ არქიტექტურას და არც თვითგამოხატვას ერიდებოდნენ, მათ შორის იყვნენ სიმონ კლდიაშვილი, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გიორგი ჩახავა, იური კასრაძე და სხვანი. არსებული მემკვიდრეობა ადასტურებს, რომ ქართული არქიტექტურა ყოველთვის ცდილობდა არსებული ჩარჩოების გაფართოებას და საკუთარი მიმართულების ძიებას.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი არქიტექტორები არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქაშიც. წლევანდელ ქართველ ნომინანტთა უპრეცედენტო რიცხვიც იმის მანიშნებელია, რომ ეს მოვლენა არა მხოლოდ ცალკეული არქიტექტურული ნაგებობების ღირებულებას უსვამს ხაზს, არამედ იმას, რომ საქართველოში თანდათანობით შექმნილი ინდივიდუალიზმი ევროპულ დისკურსში მონაწილეობს.
ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრემიის მიზანი ისეთი ნამუშევრების აღმოჩენაა, რომელთა ინოვაციურობა არის თანამედროვე არქიტექტურის მანიფესტი – რისი ნამდვილი სიმბოლოც არის მის ვან დერ როეს ბარსელონას პავილიონი.
ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა საერთო ღირებულებების მატარებელია, თუმცა ადგილობრივი ტრადიციები, ენა, ისტორია, ლანდშაფტი და ურბანული კონტექსტი მაინც ქმნის ევროპის მრავალფეროვნებით მდიდარ იდენტობას: განსხვავებული, მაგრამ ამავდროულად ურთიერთდაკავშირებული არქიტექტურული ნამუშევრების აღიარებით, ჯილდო ხელს უწყობს საერთო ევროპული ღირებულებების განსაზღვრას. ყველა ნომინირებული პროექტი ინახება და ხელმისაწვდომია ონლაინ არქივში, რომლის ნაწილიც სამუდამოდ გახდა ქართველი არქიტექტორების ნამუშევრები.
ევროპულ ღირებულებებთან ქართული არქიტექტურული რეალობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს. შთამბეჭდავია ის მრავალფეროვნება, რომელიც ერთი მცირე რეგიონიდან და ერთი კულტურის ფესვიდან მივიღეთ: წელს, რვა ნომინირებული პროექტიდან, ყველა არის ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალური როგორც სტილით, ასევე ხასიათითა და გამოწვეული ემოციით.
“საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველოდან რვა საინტერესო პროექტია წარდგენილი ასეთ პრესტიჟულ ნომინაციაზე, რაც დღეს საქართველოს წარმოაჩენს პოზიტიური აღქმის პრიზმაში.” – ყვარელი ლეიქ რეზორთის სტუმრების მიმღები პავილიონის არქიტექტორი, დავით გიორგაძე


“EUmies Awards-ზე ნომინირება ჩემთვის არა მხოლოდ პირადი პროფესიული მიღწევა, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ქართული არქიტექტურა საერთაშორისო დიალოგში კიდევ უფრო აქტიურად შევიდეს. თანამედროვე ევროპული არქიტექტურის ქსელში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან გვაძლევს პლატფორმას, სადაც იდეები, გამოცდილება და ადგილობრივი სპეციფიკა ევროპულ კონტექსტთან გახდეს საზიარო. საქართველოს არქიტექტურული სცენა საგრძნობლად ძლიერდება, აჩენს ახალ ინტერესს ქართული პროექტების მიმართ და ამავე დროს გვიწყობს ხელს, გავაძლიეროთ ჩვენი პროფესიული კავშირები საზღვრებს გარეთ. ასევე არის მოტივაცია პასუხისმგებელი არქიტექტურის შესაქმნელად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი გახდება.“ – წყნეთში კერძო სახლის არქიტექტორი გიგი სიხარულიძე, სტუდიო Wunderwerk



“სხვადასხვა კონკურსი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულ პრიორიტეტებზეა ორიენტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ Mies van der Rohe-ს ჯილდო ევროკავშირის, როგორც ოფიციალური და საჯარო ინსტიტუტის ინიციატივაა, სწორედ ამიტომ არის მისი დამახასიათებელი პროფილი არქიტექტურის, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის წარმოჩენა, რასაც ხაზს უსვამს ბოლო ათი წლის განმავლობაში გამარჯვებული პროექტების სპეციფიკა. შესაბამისად, არქიტექტურულ ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ საზოგადოებრივ სარგებელს ენიჭება.
სასიამოვნოა, რომ წლევანდელ კონკურსში ჩვენი კოლეგების მხრიდან განსაკუთრებით მაღალი ხარისხის არქიტექტურული პროექტებია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან საამაყოა მათ გვერდით ყოფნა.
დღეს, როგორც არასდროს, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის კარი საქართველოსთვის მას შემდეგ გაიხსნა, რაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.“ – ტერაკოტას პავილიონური სახლის არქიტექტორი დიმიტრი შაფაქიძე, სტუდიო Laboratory of Architecture #3
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია რომ ჩვენი ნამუშევრები, უკვე რიგით მეოთხედ, (თბილისის პროკურატურა, ლაზიკის მერია, ფარმსტანდარტის სათავო ოფისი, ლისი გარდენ ჰაუსი), ნომინირებულია ჩვენი ქართველი თუ საერთაშორისო კოლეგების მიერ, რაც არამარტო დიდ სტიმულს გვმატებს, არამედ გვარწმუნებს, რომ კარგი ნამუშევარი დაფასებულია და გამოსადეგია.
ეს ჯილდო კი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია იმით, რომ აგრძელებს დიდი მის ვან დერ როეს იდეას – “ნაკლები მეტია”, და მათ იდეებსაც, ვინც ამ პოსტულატს ითავისებს.
ჩვენი დამფუძნებელი – ნიკოლოზ ჯაფარიძე – იყო პირველი ქართველი, EUmies ჯილდოს მიერ დანიშნული ექსპერტი, რომელმაც საქართველოში მოღვაწე არქიტექტორების ნამუშევრები ამ ჯილდოზე გაიტანა და მოახდინა საქართველოს არქიტექტურის ევროპაში პოპულარიზაცია.
ამ წელს, მართლაც, საუცხოოდ მძლავრი გუნდია შეკრებილი. ყველა ნამუშევარი იმსახურებს ჯილდოს. განსაკუთრებით გამოვყოფდით – დათო გიორგაძისა და LOA #3-ის ნამუშევრებს. ვუსურვებთ წარმატებას ყველას!“ – ლისი გარდენ ჰაუსის ავტორი სტუდიო Architects of Invention
“MUA უკვე მეორედ არის EUmies Award-ზე წარდგენილი – პირველად 2019 წელს Fabrika Tbilisi-ის პროექტით გავხდით ნომინანტები. საქართველოს მასშტაბის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ამდენი პროექტი ხდება ნომინირებული. ძალიან გვიხარია, რომ ქართული არქიტექტურის სცენისადმი იზრდება ინტერესი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს სამუშაოს ხარისხზეც და პოტენციური დამკვეთების მოტივაციაზეც, მეტად ითანამშრომლონ ქართველ არქიტექტურულ კომპანიებთან. ძალიან გაგვიხარდება, “შორტლისტშიც“ თუ მოხვდება რომელიმე ქართული პროექტი.
ეს პროექტი, შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი ბოლო დროის სავიზიტო ბარათივით არის – დიდი ყურადღება და გამოხმაურება დაიმსახურა სხვა კონკურსებსა და საერთაშორისო პრესაში. წინა წლის Archello Awards-ზე, Housing Project of the Year კატეგორიაში, გამარჯვებული გახდა. მაგრამ, ბუნებრივია, Eumies Awards გაცილებით პრესტიჟული ჯილდოა და ე.წ. “ლოგნლისტში” მოხვედრაც განსაკუთრებულ სიხარულთან იყო დაკავშირებული.” – მწვანე კონცხი ბოტანიკოს ავტორი სტუდიო MUA – Architecture & Placemaking
„წლევანდელი ნომინაცია ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა არის, რადგან მსგავს ჯილდოზე პირველად ვართ წარდგენილი. რაც შეეხება, მის ვან დერ როეს ჯილდოს, საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საშუალება, რომ ქართველმა არქიტექტორებმა დაინახონ – სად დგას მათი შემოქმედება და იდეები ევროპულ კონტექსტში. სხვა ნომინირებულ პროექტებსაც თუ გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ წინა წლებთან შედარებით ქართული პროექტების ხარისხი საგრძნობლადა არის გაზრდილი, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს.“ – კენოტაფის ავტორი სტუდიო კერა
“ეს მნიშვნელოვანი ინტერნაციონალური კონკურსია და ალბათ ყველა ავტორისთვის დიდი პატივია მასზე ნომინირება. ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია, რაც კონკრეტულ პროექტს ანიჭებს ფართო ხილვადობას და ნიშნავს საერთაშორისო ქსელის ნაწილად ყოფნას. ეს მსგავსია სპორტში გუნდის მსოფლიო, ევროპის ან რაიმე სხვა მნიშვნელოვან ჩემპიონატზე გასვლისა.
უფრო ვრცლად რომ ვთქვა, ნომინაცია მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ ტექნიკურ და მხატვრულ ხარისხს, არამედ არქიტექტურის როლს, როგორც სოციალური და კულტურული ცვლილებების ინსტრუმენტს რომელიც სცილდება მხოლოდ მის ფიზიკურ ფორმას.
ასევე, აჩენს ახალი მოდების წერტილებს, ქმნის პოტენციალს განვითარდეს ალტერნატიული კრიტიკული დისკურსი ლოკალურ არქიტექტურულ სივრცეში და ასტიმულირებს მას,“ – დაუმთავრებელი სახლის ავტორი დავით ბროდსკი
ახლა, როდესაც ცნობილია ჯილდოს 410 ნომინანტი სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან, მიმდინარეობს წარდგენილი პროექტების განხილვა, რათა 2026 წლის იანვარში ჟიურის მიერ გამოცხადდეს 40 გამორჩეული ნამუშევრის სია, ხოლო თებერვალში – ფინალისტები. მათგან ორი პროექტი სხვადასხვა კატეგორიაში – Architecture და Emerging Architecture – მოიპოვებს მის ვან დერ როეს პრემიას.
პროცესი ხანგრძლივია, თუმცა ქართულ შემოქმედებით სივრცეში განსაკუთრებულ მღელვარებასა და დადებით მუხტს ქმნის. უდავოა, რომ ეს შემთხვევა არ ჩაივლის უშედეგოდ და გავლენას მოახდენს საქართველოში მოღვაწე არქიტექტორების მომავალ საქმიანობაზე, ხოლო ჩვენი ქვეყნის არქიტექტორები მნიშვნელოვან კვალს დატოვებენ საერთაშორისო არქიტექტურულ არენაზე.




















